LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ხალვაში: „როცა რაღაცის კეთებას ვიწყებ, ჩემი მამამთილი მეუბნება, დაანებე თავი, იმღერე და შენი საქმე გააკეთეო“

1682

სოფო ხალვაში მეუღლესა და ორ ქალიშვილთან ერთად ამ ეტაპზე ბათუმში ცხოვრობს. მისი მეორე ნახევარი, მიშა ძოძუაშვილი იქ ბიზნესსაქმიანობას ეწევა, თავად სოფო „აჭარის ტელევიზიაში“ მუშაობს, ასევე მუსიკალურ სფეროშიც აქტიურობს. მალე ახალ ნამუშევრებსაც შემოგვთავაზებს.

სოფო ხალვაში  fortuna.ge-ს ესაუბრა.

დიდი ხანია, ბათუმში ცხოვრობთ. ხომ არ გენატრებათ თბილისი?

(იღიმის) თბილისი ძალიან მიყვარს, ისევე, როგორც ბათუმი. ბათუმის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს – იქ დავიბადე, გავიზარდე, აბსოლუტურად ჩემია…  თბილისში არ დავბადებულვარ და არ გავზრდილვარ, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს.

ბათუმში ვცხოვრობ რამდენიმე წელია. ჩემი საქმიანობაც იქ ავაწყვე. დროებით ვარ იქით, მაგრამ ხშირად ვარ თბილისშიც და სხვადასხვა ადგილას, რასაც მოითხოვს ჩემი საქმიანობა. სულ გზაში ვარ, მაგრამ მალე ალბათ, თბილისს დავუბრუნდები.

სულ გზაში ყოფნა არ ართულებს საქმეს? ორი შვილი გყავთ…

ეს არის უფრო სირთულე, რადგან მგზავრობა უპრობლემოდ გადამაქვს. არიან ადამიანები, რომლებსაც მგზავრობა არ უყვართ. ჩემ შემთხვევაში ასე არ არის, მაგრამ ბავშვებთან დაკავშირებით მცირე პრობლემები არის. უფროსი ქალიშვილი უკვე დიდია, ქეთო, ცხრა წლისაა, მეოთხეკლასელია. პატარასაც უჭირს, რადგან სულ დედასთან უნდა. პატარა გოგონა, მარიამი, 4 წლისაა.

როგორ ათავსებთ საქმიანობასა და ოჯახურ ამბებს?

ვათავსებ, რადგან კონცერტებით დახუნძლულები არ ვართ. მაქვს დახურული საღამოები, მაგრამ ყველას ვასწრებ.

ძირითადად, უფრო სახელმწიფო და პოლიტიკური კონცერტებია ისევ…

სახელმწიფო პატარაა და ამიტომ არის ეს პრობლემები, მაგრამ ბოლო პერიოდი შოუბიზნესის სფერო ცოტა ამოძრავდა. მიხარია, როცა ვხედავ, ჩემს რომელიმე კოლეგას სიმღერის პრემიერა აქვს. სხვასაც უჩნდება სურვილი, ჯანსაღი კონკურენციის მომენტია. აუცილებლად უნდა გააკეთო რაღაც ახალი, რომ სხვასაც მოანდომო. მგონია, რომ სიახლეები იქნება.

თქვენთან რა ხდება ამ კუთხით?

ვმუშაობ ახალ ალბომზე ბექა ჯაფარიძესთან ერთად, რომელმაც ჩემი „ევროვიზიის“ სიმღერა დაწერა. სამი სიმღერა უკვე ჩაწერილია. არის განსხვავებული ჩემი რეპერტუარიდან. ეს ინგლისურენოვანი სიმღერებია, მაგრამ ვაპირებ მათზე ქართული ტექსტის მორგებას. საქართველოში ქართულად სიმღერა ყველაზე მნიშვნელოვანია.

რატომ უჭირთ ქართველ შემსრულებლებს მშობლიურ ენაზე სიმღერა?

როდესაც რომანსს ან ძველ ქართულ სიმღერას ასრულებ, პრობლემა არ არის, მაგრამ როცა რიტმი შედის, ტექსტთან პრობლემაა. თუკი მუსიკალურად დაღმავალი ფრაზაა, ტექსტიც უნდა მიჰყვებოდეს. ვინც ტექსტს წერს, მანაც კარგად უნდა იცოდეს მუსიკალური ნიუანსები. ესაა სირთულე, მაგრამ მაინც გამოდის, კარგად თუ იმუშავებ. თანამედროვე სიმღერას უნდა შევუთავსოთ ქართული ტექსტი ისე, რომ კარგი ნამუშევარი გამოვიდეს.

დიდი ხანია, პოპულარული ხართ და ინარჩუნებთ თქვენს ადგილს. ამას როგორ ახერხებთ და თქვენ შემთხვევაში რა გავლენა ჰქონდა, დადებითი და უარყოფითი, პოპულარობას?

პოპულარობა არის დადებითიც და უარყოფითიც. ხალხს უყვარხარ და დადებითად გხვდებიან, ეს კარგია, მაგრამ ზოგჯერ, როცა არ გინდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, პრობლემაა. ზოგადად, ძალიან მომწონს პოპულარობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ სფეროში არ ვიქნებოდი. არის ადამიანების კატეგორია, რომელსაც არ მოსწონს პოპულარობა.

 

დღეს უფრო პასიურია ქართული შოუბიზნესი, თუ თქვენ რომ იწყებდით, მაშინ?

მე რომ ვიწყებდი, „არტ-იმედის“ ბოლო პერიოდი იყო. მაინც იყო ბევრი კონცერტი და ღონისძიება, მერე შეჩერდა. ახლა რომ ამოძრავდა, ეს ძალიან მახარებს, როგორც ზემოთ აღვნიშნე. მეც მინდა სიახლეების გაკეთება სწორედ ამ მიზეზით.

 

დღეს ქართულ ესტრადას რა აკლია?

ქართულ ესტრადას აკლია კონცერტები და მუშაობა. იმედი მაქვს, რომ ეს სფერო მაინც იტვვის თავის სიტყვას. ბევრი ნიჭიერი ადამიანია საქართველოში. ოჯახი არ მეგულება, რომ რომელიმე მისი წევრი არ ღიღინებდეს. მუსიკოსები ხშირად აღნიშნავენ, როგორი კრიტიკული მსმენელია საქართველოში. მინდა, რომ ქართულმა შოუბიზნესმა მყარად მოიკიდოს ფეხი.

მომღერლისკარიერაში მეუღლის მხარდაჭერა რამდენად მნიშვნელოვანია?

ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის პირველი, ამ მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს გააკეთებ. მე ჩემი ოჯახისგან დიდი მხარდაჭერა მაქვს, განსაკუთრებით ჩემი მამამთილისგან, როცა მე ვჩერდები, რეზო სულ მამხნევებს. მიყვარს კერძების მომზადება, კულინარია. როცა რაღაცის კეთებას ვიწყებ, ჩემი მამამთილი მეუბნება, დაანებე თავი, იმღერე და შენი საქმე გააკეთეო. ეს არ არის ოჯახებში ხშირი შემთხვევა (იღიმის).

ფოტოები: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: „თბილისი მოლი“

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები