LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცოპერაციისას დაკავებულ უკრაინის 6 და საქართველოს ერთ მოქალაქეს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ

ქალაქის სამმართველო

სპეცოპერაციისას დაკავებულ უკრაინის 6 და საქართველოს ერთ მოქალაქეს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ, თუმცა ისინი ბრალს არ აღიარებენ, – ამის შესახებ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობის დატოვების შემდეგ დაკავებულ პირთა ადვოკატებმა განაცხადეს.

ადვოკატ გიორგი როსტომაშვილის ინფორმაციით, ბრალდებულებმა პროტესტის ნიშნად, ბრალის წარდგენის ოფიციალურ ფურცელს “სლავა უკრაინა” დააწერეს და დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. მისივე თქმით, ბრალდებულებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ ვის შეიძლება სჭირდებოდეს მათი დაკავება.

ადვოკატები აღნიშნავენ, რომ უკრაინის მოქალაქეები საქართველოში მხოლოდ ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ, დაკავებამდე რამდენიმე ხნით ადრე კი მათ უცნობი პირები უთვალთვალებდნენ.

ქალაქის სამმართველოსთან იმყოფებოდა უკრაინის რადას დეპუტატი სიმიონ სემენჩენკო, რომელიც აღნიშნავს, რომ ამ პირების დაკავება პოლიტიკური პროვოკაციაა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაში აწყობს.

პოლიციის შენობასთან იმყოფებოდნენ დაკავებულო საქართველოს მოქალაქის ლუკა ჩხეტიას ოჯახის წევრებიც, რომლებიც დაკავების მიზეზზე ვერ საუბრობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ.

მათივე ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია „ბერეტას“ და „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები