LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცოპერაციისას დაკავებულ უკრაინის ექვს და საქართველოს ერთ მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდათ

ukrainelebi4

საქართველოში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ უკრაინის 6 და საქართველოს ერთ მოქალაქეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მოსამართლემ ბრალდების მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა შვიდივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულიყო პატიმრობა, სრულად დააკმაყოფილა. მისივე განმარტებით, საფრთხეები, რაც პროკურორმა წარმოადგინა, სახეზეა. კერძოდ, პროკურორმა პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებულების მხრიდან არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვების ხელის შეშლის საფრთხე.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ.

მათივე ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია „ბერეტას“ და „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები