LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპილოსხელა მადლობა, რომ მოგვიტანეთ: ნახეთ როგორ ერთობიან თბილისის ზოოპარკის დათვები ნაჩუქარი ჩიჩილაკებით (ფოტოები)

491
BeFunky-collage

თბილისის ზოოპარკის ბინადრები ჩიჩილაკებით დასაჩუქრდნენ. როგორც ჩანს, ადმინისტრაციის მიერ რამდენიმე დღის წინ გაჟღერებულმა ინიციატივამ ყურადღება მიიქცია. საქმე იმაშია, რომ თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციამ სოციალური ქსელის მეშვეობით მოქალაქეებს მიმართა საახალწლოდ გამოყენებული ჩიჩილაკები ზოოპარკის ბინადრებისთვის მოეტანათ.

ჩიჩილაკებს თუ არ გადაყრით და ჩვენ მოგვიტანთ, ძალიან გაგვახარებთ. ჩვენზე მეტად კი ჩვენს ბინადრებს – თბილისის ზოოპარკი

“ცოტა ხნის წინ ჩიჩილაკების მოტანა რომ გთხოვეთ, ხომ გახსოვთ? ალბათ ისიც გაინტერესებთ, როგორ გამოვიყენეთ. ხომ შეიძლება ვინმეს ეგონოს, დაეზარებოდათ და ნაგავში გადაუძახებდნენო. ან იქნებ იფიქრეს, კოცონი დააგიზგიზეს და ფერდები გაითბესო. არა, ბატონო. ცხოველების კეთილდღეობას მოვახმარეთ პატიოსნად.

ზოოპარკის ბინადრებისთვის მეტად მნიშვნელოვანია სხვადასხვა გასართობის, თავსატეხის, რაიმე სიახლის შეთავაზება. თანაც პერმანენტულად. ამ აქტივობებს „ენრიჩმენტს“, ანუ გარემოს გამდიდრებას ეძახიან. თანამედროვე ზოოპარკებში ეს ისეთივე რუტინული საქმეა, როგორც ცხოველის კვება, წყლის გამოცვლა და ვოლიერის დალაგება.

ხშირად დამთვალიერებლები ხეზე მოკონწიალე ხორცს, ან ბოსტნეულს რომ დაინახავენ, კოპებშეყრილნი გვსაყვედურობენ, ცხოველებს რატომ აწვალებთ, არ შეიძლება პირდაპირ აჭამოთო? ცივილურადო. ადამიანურადო. არა, ბატონო. არ შეიძლება. გარეული ცხოველებისთვის საკვების ლანგრით მირთმევა სულაც არაა სასარგებლო. პირიქით. გარემოს გასამდიდრებელი ღონისძიებებიც სწორედ იმას ემსახურება, რომ ცხოველმა ბუნებრივი ქცევები გამოავლინოს – ეძებოს და მოიპოვოს საკვები, ისწავლოს ხეზე ცოცვა, აიშენოს ბუნაგი, ან ბუდე და ა.შ.

დავუბრუნდეთ ჩიჩილაკებს.

პირველ რიგში სპილოსხელა მადლობა, რომ არ დაიზარეთ და მოგვიტანეთ.

როგორ დავასაქმეთ თქვენი საჩუქრები? ჯერ აფრიკელი მეგობრები გავახარეთ – ფაფრიანი ცხვრები, მარტორქა, მაკაკები… თუმცა, რა იციან აფრიკელებმა გურული ჩიჩილაკების ფასი?! მშვენივრად გაერთნენ, მაგრამ აი, ჩვენებურმა დათვებმა რომ მოილხინეს, სულ სხვაგვარი მოლხენა იყო. ვერ გეტყვით, რომ ცას სწვდებოდა მათი კრიმანჭული და ხასანბეგურა, მაგრამ ზრიალი კი გაუდიოდა მიწას.

მოვუკაზმეთ გაფუებული ჩიჩილაკები ლოყაწითელი ვაშლებით, სტაფილოებითა და ბუთქუნა სკუმბრიებით და შევუბრძანეთ დიდი ზარ-ზეიმით. ზოგმა ხილ-თევზეული ჩამოგლიჯა, ზოგმა გაბრდღვნა და თავზე დაიყარა, ზოგმა გაფანტა და შიგ იკოტრიალა, ზოგმაც ბუნაგში გააქანა და სავარაუდოდ, თავქვეშ ამოიდო, ქე რომ ჩვენ ბუმბულის ბალიშს ამოვიდებდით, ისე.

P.S. ვეცდებით, ყოველკვირეულად გიამბოთ იმაზე, თუ როგორ აქტივობებს ვთავაზობთ ჩვენს ბინადრებს. პოსტიდან პოსტამდე კი გაგვიზიარეთ თქვენი იდეები, მოქექეთ საკუჭნაოები, სხვენები და თუ გაქვთ გამოუყენებელი ხის კასრები, ჯვალოს ტომრები, ან სხვა, ბუნებრივი მასალით დამზადებული ნივთები და ფიქრობთ, რომ ცხოველებისთვის გამოგვადგება, არ გადაყაროთ და ხელს გამოაყოლეთ, როცა გვესტუმრებით.”- აღნიშნულია თბილისის ზოოპარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები