LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტივენ კინგის 10 საუკეთესო ეკრანიზაცია

2344
stevenking-movies

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სტივენ კინგის რომანების მიხედვით შექმნილმა ფილმებმა  ერთგვარი დამოუკიდებელ ქვეჟანრი შექმნეს და ცნობილი რეჟისორების საუკეთესო ნამუშევრები გააერთიანეს.

სტივენ კინგის საუკეთესო ეკრანიზაციები:

„1922“ (2017) – მართალია, კინგის თითქმის ყველა რომანის ფუნდამენტი ოჯახია, მაგრამ Netflix-ის მიერ დადგმულ ფილმში, მწერალი სწორედ ამ ფუნდამენტის ნგრევას აღწერს მე-20 საუკუნის დასაწყისის ოჯახის ფონზე, რომლის წევრებს სიძულვილი და გაჭირვება აიძულებს დანაშაულის ჩადენას.

„ღამის გაფრენა“ (The Night Flier, 1997) – რომანი თავისუფლად გამოდგებოდა ცნობილი სერიალის „საიდუმლო მასალების“ ეპიზოდად. მკვლელად ქცეული პილოტი აეროდრომიდან აეროდრომზე დაფრინავს და ყველგან გვამებს ტოვებს, იდუმალებით მოცული საქმეების გამოძიებას კი, რიგითი ჟურნალისტი ცდილობს მიგელ ფერერის შესრულებით.

„ჯერალდის თამაში“ (Gerald’s Game, 2017) – თავისი ტრილერი მაიკ ფლენაგანმა კინგის იმ იშვიათი ნაწარმოების მიხედვით დადგა, რომელიც ავტორმა ალფრედ ჰიჩკოკის გავლენით შექმნა. მოქმედების ცენტრში საწოლზე მიჯაჭვული ახალგაზრდა ქალია, რომელიც მთელი ღამე საკუთარი წარმოსახვის მონსტრებს ებრძვის.

„სალემის ვამპირები“ (Salem’s Lot, 1979) – ტოუბ ჰუპერის მისტიკური ტრილერში, რომელიც ჯონ კარპენტერის „ვამპირების“ ერთგვარ წინამორბედად იქცა, გრაფ დრაკულას და მის ამალას ამჯერად ამერიკელი შერიფი ებრძვის რამდენიმე თანაშემწესთან ერთად.

„1408“ (2007) – ჯერ სტივენ კინგის რომანი, მერე მიქაელ ჰოფსტრიომის საშინელებათა ფილმი, რომელიც ოთხ კედელს შორის გამომწყვდეული ადამიანის სიგიჟეს აღწერს,  საუკეთესო ილუსტრაციაა იმ ზედმეტად თავდაჯერებული ადამიანების მარცხისა, რომლებიც ბოროტების არსებობას უარყოფენ.

„მკვდარი ზონა“ (The Dead Zone, 1983) – დევიდ კრონენბერგის მისტიკური ფილმის მთავარი პერსონაჟი მომავლის წინასწარმეტყველების უნიკალური ნიჭითაა დაჯილდოებული, თუმცა სიკეთის კეთებაზე მეოცნებე ჯონ სმიტი მხოლოდ ბოროტებას სჩადის, შენების ნაცვლად კი, ყველაფერს ანგრევს.

„კერი (Carrie, 1976) – სადებიუტო რომანში, რომლის ეკრანიზაცია ბრაიან დე პალმამ განახორციელა, ავტორი პირველ რიგში მოზარდებს აფრთხილებს, რომ გაზრდა საშიში და ნაკლებად სასიამოვნო პროცესია, თუმცა უსიამოვნებებთან შეხვედრა ყველას მოუწევს.

„ის“ (It, 2017) – ჯერ რომანი, მერე მისი ეკრანიზაცია, რომელმაც მთელი თაობის კოლექტიური პორტრეტი დახატა, არა უბრალოდ სანახაობრივი ფილმი, არამედ სერიოზული ნაწარმოებია, რომელიც თანამედროვე სამყაროს აქტუალურ საკითხებს განიხილავს.

„მწვანე მილი“ (The Green Mile, 1999) – საოცარი დრამა დანაშაულის გამოსყიდვაზე „ჰორორის მეფედ“ წოდებული კინგის ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური ნამუშევარია, რომელმაც ჯერ მკითხველის, მერე მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.

„გაქცევა შოუშენკიდან“ (The Shawshank Redemption, 1994) – კინგის კიდევ ერთი დრამა, რომელიც ტრადიციული მისტიციზმისა და ჰორორის ნაცვლად ისევ ადამიანურ ურთიერთობაზე, ნამდვილ მეგობრობასა და მთავარ ფასეულობებზე აკეთებს აქცენტს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები