LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტივენ სპილბერგის 5 ეპიკური ფილმი

movies

კინოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, „ოსკარის“ ოთხგზის ლაურეატი რეჟისორის სტივენ სპილბერგის 20-მა ყველაზე შემოსავლიანმა ფილმმა 10 მილიარდ დოლარზე მეტი მოაგროვა მსოფლიო გაქირავებაში. მაესტროს დაბადების დღესთან დაკავშირებით, რომელსაც რამდენიმე დღის წინ 72 წელი შეუსრულდა, გთავაზობთ მის ხუთ ყველაზე ეპიკურ ფილმს.

„ყბები“ (Jaws, 1975) – სწორედ პიტერ ბენჩლის რომანის ეკრანიზაციამ მოუტანა სპილბერგს მსოფლიო აღიარება. „ყბები“ გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემს კარიერაში, რადგან მანამდე მხოლოდ ამბიციური, თუმცა უცნობი რეჟისორი ვიყავი, ფილმის წარმატების შემდეგ კი, პოპულარობასთან ერთად, პროექტების საკუთარი სურვილით შერჩევის უფლებაც მოვიპოვე“, – აღნიშნა სპილბერგმა, რომელმაც დღეს უკვე საკულტო ტრილერისთვის სამი მექანიკური ზვიგენი შექმნა და თითოეულში 250 000 დოლარი დახარჯა. სხვათაშორის, „ყბები“, რომელმაც 470 მლნ. დოლარი მოაგროვა მსოფლიო გაქირავებაში, „ვარსკვლავური ომების“ გამოსვლამდე ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ფილმად ითვლებოდა.

„ინდიანა ჯონსი“ (Indiana Jones: Raiders of the Lost Ark, 1981) – „ინდიანა ჯონსის“ ტრილოგიის წყალობით, რომელიც მაყურებელს არქეოლოგი პროფესორის თავგადასავლებზე მოუთხრობს, სპილბერგმა სანახაობრივი კინოს ოსტატის ტიტული მოიპოვა. ფილმის მეოთხე ნაწილი „ინდიანა ჯონსი და ბროლის ქალის სამეფო“ რეჟისორმა 2016 წელს დადგა, მეხუთე ნაწილი კი, როგორც Walt Disney Studios-მ დააანონსა, 2021 წელს გამოვა ეკრანებზე.

„შინდლერის სია“ (Schindler’s List, 1993) – ტომას კენილის რომანის მიხედვით შექმნილი ისტორიული დრამა „ოსკარის“ შვიდი პრემიის მფლობელი გახდა, რომელთაგან ორი თავად სპილბერგმა მიიღო საუკეთესო ფილმისა და რეჟისურისთვის. მართალია, პროექტზე მუშაობა მაესტრომ 1983 წელს დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით გადაიფიქრა და ჯერ რომან პოლანსკის, მერე სიდნი პოლაკისა და მარტინ სკორსეზეს შესთავაზა მუშაობა, თუმცა საბოლოოდ ისევ თვითონ განახორციელა და არც შეცდა, რადგან ფილმი მე-20 საუკუნის ყველაზე ძვირადღირებულ შავ-თეთრ და კომერციულად ყველაზე წარმატებულ ნამუშევარად იქცა, რომელმაც 321 მლნ. დოლარი მოაგროვა გაქირავებაში.

„იურული პერიოდის პარკი“ (Jurassic Park, 1993) – სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმი გამოგონილ კუნძულსა და კლონირებულ დინოზავრზე, რომელმაც მთელი 914 მლნ. დოლარი მოაგროვა გაქირავებაში და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კომპიუტერული სფეცეფექტების განვითარების სფეროში, 2011 წელს NASA-ს ყველაზე დამაჯერებელი სამეცნიერო-პოპულარული ფილმების ნუსხის ლიდერი გახდა.

„რიგითი რაიანის გადარჩენა“ (Saving Private Ryan, 1998) – სამხედრო დრამამ, რომელიც სპილბერგმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების დახმარებით შექმნა, მთავარი როლის შემსრულებლებს კი, რამდენიმედღიანი იძულებითი სამხედრო ვარჯიში გავლა აიძულა, „ოსკარის“ ხუთი პრემია დაიმსახურა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები