LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Subway ზამთრის კურორტზეც გაიხსნება: ქართველი ბიზნესმენი რესტორნის მართვას კემბრიჯში სწავლობს

112

ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელი Subway საქართველოში გაფართოებას განაგრძობს. კომპანიის ახალი ობიექტი ბათუმში, მიმდინარე წლის აპრილში გაიხსნება და მასში დაახლოებით 200 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. კვების ობიექტი 15-ამდე ადგილობრივ კადრს დაასაქმებს.

როგორც ”ფორტუნას” ბრენდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში გივი ორდენიძემ განუცხადა, Subway საქართველოს რეგიონებში შესვლას ბათუმით იწყებს. თუმცა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე სწრაფი კვების რესტორნის ქუთაისსა და ერთ-ერთ ზამთრის კურორტზე გახსნაზე.

„ჩვენი ფრენჩაიზის შეძენით დაინტერესებულთა რიცხვი საქართველოში თანდათან იზრდება და ბრენდიც უფრო პოპულარული ხდება. ამ ეტაპზე რესტორნის გახსნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რამდენიმე პირია დაინტერესებული და მათთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რაც შეეხება ბათუმს, აქ Subway-ის რესტორანი ახალი ბათუმის ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრ ”ბათუმი მოლში” გაიხსნება”, – განმარტა გივი ორდენიძემ. მისივე ინფორმაციით, ბათუმში რესტორანს ადგილობრივი ბიზნესმენი გახსნის, რომელმაც Subway-ის გახსნის ლიცენზია უკვე მიიღო.

”ამ ეტაპზე ეს ბიზნესმენი Subway-ის რესტორანის მართვის ტრენინგებს დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯში გადის. ტრენინგი 2-კვირიანი და ეს პროცედურა სავალდებულოა ყველა იმ პირისთვის, ვინც ფრენჩაიზის ლიცენზიას მოიპოვებს”, – აღნიშნა ბრენდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში.

გივი ორდენიძეს თქმით, სხვა ცნობილი ბრენდებისგან განსხვავებით, Subway-ის ფრენჩაიზის გაცემის განსხვავებული სტრატეგია აქვს და მისი შეძენა, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნებისმიერ პირს შეუძლია.
”მაშინ, როდესაც McDonald’s-ის, Wendy’s-ის თუ KFC-ის შემთხვევაში მხოლოდ 1 იურიდიულ პირზე გაიცემა ე.წ მასტერ-ფრენჩაიზი, Subway ნებისმიერ დაინტერესებულს აძლევს შესაძლებლობას, ამ ბრენდის სწრაფი კვების ობიექტი გახსნას. ამასთან, განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა საკმაოდ მცირეა და 100 ათასი დოლარიდან იწყება”, – განმარტა ორდენიძემ.

შეგახსენებთ, ”საბვეი” საქართველოში 2014 წლიდანაა წარმოდგენილი. ბრენდი ამ ეტაპზე 5 ობიექტს ფლობს და ყველა მათგანი თბილისში მდებარეობს.

ცნობისთვის, ამერიკული ბრენდი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 45 000-ზე მეტ რესტორანს ფლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები