სწორი ლოკაცია, ორიგინალური განათება და ყვავილები – როგორ დავგეგმოთ ქორწილი იაფად?

1041

„მარმენიო“ ძველქართული სიტყვაა და ბედისწერას ნიშნავს. სწორედ ბედისწერას უკავშირდება ის საქმიანობაც, რომელსაც ამავე სახელით დაფუძნებული ქართული ივენთ-კომპანია ახორციელებს.

როგორც ”ფორტუნას” „მარმენიოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მარიამ ბარნაბიშვილმა განუცხადა, კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ქორწილის ორგანიზებაა, თუმცა „მარმენიოს“ მომსახურებაში სხვა, ნებისმიერი ტიპის ღონისძიების გაფორმებაც შედის.

”კომპანია 2016 წლის ოქტომბერში დავაარსეთ, თუმცა ბაზარზე აქტიურად 2017 წლის მარტიდან გამოვჩნდით.   „მარმენიოს“ შექმნის იდეა ჩემი ქორწილის ორგანიზებისას დაიბადა. მე და კომპანიის კიდევ ერთმა დამფუძნებელმა -ნინო ჩხიკვაძემ გადავწყვიტეთ, ერთად გაგვეკეთებინა ქორწილის ორგანიზება. საკმაოდ ლამაზი ქორწილი გამოვიდა, თან იაფად. რამდენიმე თვის შემდეგ, მოვიფიქრეთ სახელი, ლოგო”, – აღნიშნა ”მარმენიოს” დამფუძნებელმა.

მისივე ინფორმაციით, ივენ-კომპანიის შექმნის მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის მისაღებ ფასებში ქორწილის და სხვა ”ივენთების” ორგანიზება იყო.

”რაც შეეხება კომპანიის სახელს, გადავწყვიტეთ, ის აუცილებლად ქართული ყოფილიყო. შემთხვევით, ძველქართულ სიტყვათა ლექსიკონში ვიპოვეთ სიტყვა „მარმენიო“, რომელიც ბედისწერას ნიშნავს. გარდა იმისა, რომ სიტყვა ლამაზი და ადვილად დასამახსოვრებელია, მისი შინაარსი ზუსტად ასახავს ჩვენი კომპანიის არსს. ლოგოც თემატიკიდან გამომდინარე შევარჩიეთ და ის ბედნიერებასთან და სიხარულთან ასოცირდება”, – განმარტა მარიამ ბარნაბიშვილმა.

 

საქართველოში ქორწილის ორგანიზების კულტურა

როგორც ”მარმენიოს” დამფუძნებელი ამბობს, საქართველოში ქორწილის ორგანიზების ივენთ-კომპანიისთვის დაკვეთა თანდათან უფრო და უფრო პოპულარული ხდება და მომხმარებელი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის გაფორმებას, ივენთ-მენეჯერებს ანდობს.

”ქართულ ბაზარზე საკმაოდ მრავლადაა წარმოდგენილი ივენთ-კომპანიები და მომხმარებლის მხრიდან მათზე დაკვეთაც არსებობს. ჩვენი კომპანიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ სრული დატვირთვით ვიმუშავეთ მთელი ზაფხულის განმავლობაში და ახლა შეკვეთების რაოდენობა გაორმაგებულია. მაგალითად, ხვალისთვის 2 ქორწილი გვაქვს დაგეგმილი.  ქორწილების მხრივ განსაკუთრებით აქტიური პერიოდია მაშინ, როცა მარხვა არ არის. მაგალითად, 28 აგვისტოდან სექტემბრის ბოლომდე უკვე ყველა დღე დაკავებული გვაქვს”, – ამბობს ივენთ-კომპანიის დამფუძნებელი.

მისივე თქმით, ”მარმენიოს” ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან ფასები მნიშვნელოვნად გამოარჩევს, რის გამოც, მომხმარებლის მხრიდან შეკვეთების სიმცირეს არ უჩივიან. გარდა ამისა, ”მარმენიოს” მომსახურებით უცხოელებიც სარგებლობენ. როგორც მარიამ ბარნაბიშვილი ამბობს, ”მარმენიოს” საქართველოში რამდენიმე უცხოელი წყვილისთვის ქორწილის ორგანიზება უკვე მოუხდა.

 

მომსახურება, რომელსაც „მარმენიო“ მომხმარებელს სთავაზობს:

”იმისთვის, რომ ქორწილი იყოს იდეალური, უმჯობესია 2 თვით ადრე დაიწყოთ მობილიზება და მოგვმართოთ. თუმცა, გვქონია შემთხვევები, როცა 5 დღით ადრე აგვიღია შეკვეთა და ყველაფერს იდეალურად ჩაუვლია. ყველა წვეულების დაგეგმვა ხდება ინდივიდუალურად და დამკვეთზე მორგებულად, რადგან ჩვენთვის ნებისმიერი კლიენტი განსაკუთრებულია.

მომხმარებელს ვთავაზობთ: სწორი ლოკაციის შეერჩევას და მის გაფორმებას. ამასთან, ვაძლევთ რჩევებს, თუ ვინ აიყვანონ ფოტოგრაფად, ვიდეო-გადაღებისთვის. ქორწილის შემთხევაში, სიძე-პატარძლის მაგიდა ფორმდება ყვავილებით, განათებით… თაიგულით ფორმდება სტუმრების მაგიდებიც.. აღსანიშნავია, რომ გვაქვს 2 სახეობის განათება – ერთი განათების დიდი კონსტრუქცია და მეორე, ჩვეულებრივი ნათურები. მოკლედ, მომხმარებელს ვთავაზობთ ყველაფერს, რაც მათთვის განსაკუთრებულ დღეს კიდევ უფრო ლამაზს და განსაკუთრებულს გახდის. არ არის ათასების გადახდა საჭირო, იმისთვის, რომ ქორწილი ლამაზი და დასამახსოვრებელი გამოვიდეს”, – აღნიშნა ბარნაბიშვილმა.

”მარმენიოს” დამფუძნებლის თქმით, სიძე-პატარძლის მაგიდის გაფორმება 200 ლარიდან იწყება, ხელმოწერის თაღი – 150 ლარიდან,  სტუმრების მაგიდის თაიგულით გაფორმება -35 ლარიდან.  ნათურების შემთხვევაში 1 მეტრის ღირებულება 2 ლარიდან იწყება, განათების კონსტრუქციის ფასი კი -350 ლარია.

 

სამომავლო გეგმები

როგორც მარიამ ბარნაბიშვილი ამბობს, ივენთ-კომპანიის დამფუძნებლების სურვილია, რომ ”მარმენიოს” ცნობადობა გაიზარდოს. ”გვინდა, რომ სპონტანური ცნობადობა გვქონდეს – ანუ ნებისმიერი ივენთი და მითუმეტეს ქორწილი გვსურს, რომ ”მარმენიოსთან” ასოცირდებოდეს”, – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

მისივე თქმით, ”მარმენიოს” სამომავლო გეგმებში საკუთარი ლოკაციის მოწყობაც შედის . ”ამ ეტაპზე იმ ლოკაციას ვაფორმებთ, რომელსაც კლინეტი შეარჩევს, ან რომელსაც ჩვენ შევურჩევთ მას. ახლო მომავალში კი გვინდა ჩვენივე ლოკაცია შევთავაზოთ, რომელიც ან თბილისში, ან თბილისის შემოგარენში იქნება”, – აღნიშნა მარიამ ბარნაბიშვილმა. 

ცნობისთვის, ”მარმენიო” ცოტა ხნის წინ  #გააზიარე წარმატება – ამ სლოგანით დაწყებულ ბიზნესდაჯილდოებას შეუერთდა. ღონისძიებას ”თიბისი ბანკი” და ”ჯეოსელი” ერთობლივად, წელს უკვე მეორედ გამართავენ. აღსანიშნავია, რომ „ბიზნესდაჯილდოება 2017“ მონაწილე კომპანიების რეგისტრაცია უკვე დასრულდა.  დაჯილდოებაში მონაწილეობის სურვილი  661 კომპანიამ გამოთქვა, საიდანაც სექტემბერში ჟიური საუკეთესოებს გამოავლენს სხვადასხვა ნომინაციაში.