LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაღლითობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – მოხდება მისი საწარმოს ლიკვიდაციაც: პროკურატურა

40
Untitled design

წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქალაქო სასამართლომ, უკრაინის მოქალაქე და მის მიერ დაფუძნებული კომპანია (იურიდიული პირი) დამნაშავედ ცნო.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქემ განიზრახა, ჩეხეთში რეგისტრირებული კომპანიის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას მოტყუებით დაუფლებოდა და დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლისთვის, საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს გამოყენებით, კანონიერი სახე მიეცა.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა 2019 წლის მაისში, საქართველოში დააფუძნა კომპანია, რომელსაც საბანკო ანგარიშები საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში გაუხსნა და “ინტერნეტ ბანკინგის” მომხმარებლად დაარეგისტრირა.

“დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ ჩეხური კომპანიის ელექტრონულ ფოსტაში ჰაკერული შეღწევის და საწარმოს საქმიანობის შესწავლის შემდეგ, აღმასრულებელი დირექტორის სახელით, ამავე კომპანიის ფინანსურ დირექტორს ცრუ შეტყობინება გაეგზავნა თითქოსდა საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნობრიობით თანხის საქართველოში გადარიცხვის მოთხოვნით. შედეგად, 2019 წლის 17 სექტემბერს, ჩეხეთში რეგისტრირებულ კომპანიას 18 219.95 ევრო (59 577.41 ლარი) მოტყუებით გადმოარიცხინეს საქართველოში, ნ.კ.-ს მიერ დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშზე. აღნიშნული ქმედებით, დაზარალებულს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.

დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხის წარმოშობის წყაროს და ნამდვილი ბუნების შენიღბვის, ასევე მისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხის ძირითადი ნაწილი, თითქოსდა ელექტრომაგნიტური ძრავის სათადარიგო ნაწილების შეძენის დანიშნულებით, გადარიცხული იქნა ჰონგ კონგში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშზე. ამ გზით, ნ.კ.-მ მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით 17 900 ევროს (58 531.21 ლარი) ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

2021 წლის 10 თებერვალს, უკრაინის მოქალაქეს ბრალი წარედგინა სსკ-ის 180-ე და 194-ე მუხლის ნაწილებით, ხოლო მის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მის მიერ დაფუძნებულ საწამოს ლიკვიდაცია განუსაზღვრა.