„მე პირადად არ მივიღებ სამსახურში არც ერთ თანამშრომელს, ვინც აცრას არ გაიკეთებს❤ ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა❤ მინდა, ჩემმა სტუმრებმა დაცულად იგრძნონ თავი“ – ეს სტატუსი ივენთ-მენეჯერმა თაკო დოლაბერიძემ გამოაქვეყნა. Fortuna.ge მას დაუკავშირდა და მისგან უფრო ვრცლად მოისმინა მოსაზრება იმის შესახებ, თუ რატომ მიიჩნევს ვაქცინაციას აუცილებლად, განსაკუთრებით, სტუმარ-მასპინძლობის სფეროსთვის.

თაკო დოლაბერიძე:

ჩემი ეს გადაწყვეტილება იმან განაპირობა, რომ ხომ უნდა დამთავრდეს როდისმე ეს პანდემია და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას?!. ვაქცინაციის გარეშე არაფერი მოხდება. გამოსავალი არის აცრა და პირბადე. პირბადე კი გვიკეთია, მაგრამ პანდემია არ დასრულდა. ყველამ უნდა ავიცრათ. მომსახურების ფეროში ვინც ვართ, უამრავი ადამიანის წინაშე ვართ პასუხისმგებლები. ჩვენი თანამშრომლების უკან ოჯახები დგას.

ახლა ვხსნი ახალ რესტორანს, მაგრამ გახსნის თარიღი ჯერ არ მითქვამს, იმიტომ არ ვხსნი ჯერ, რომ ველოდები, როდის გვექნება აცრის შესაძლებლობა. ძალით არავის ვცრი, ყველა თანახმაა, ვინც ავიყვანეთ. დღეს, ვინც სწორად აზროვნებს, ყველა იცრება.

ერთმა ცნობილმა მსახიობმა დაგიწერა, ასეთი მიდგომა ფაშიზმს ხომ არ ჰგავსო.

მე ვინც მიცნობს, ყველამ იცის, არც ფაშისტი ვარ და არც ჰიტლერი. სხვათა შორის, ამ ცნობილმა ადამიანმა გადაიტანა კორონავირუსი და მცირე ხნის წინ მეუბნებოდა, ყველა უნდა აიცრას, რომ ეს არ გადაიტანოსო…

არავის დავაბამ ძალით, არც საკუთარი ოჯახის წევრს, თუმცა დედაჩემი ძალიან ლოიალურად შეხვდა ამ ყველაფერს, კვირას ჩავწერე, მიმყავს, უნდა აიცრას.

თავად რომელ ვაქცინას ელოდები?

რომელიც იქნება, იმას გავიკეთებ. ოღონდ ავიცრა და ეს ჯოჯოხეთი დამთავრდეს. დამთავრდეს ადამიანების დაკარგვა. უამრავი ადამიანი დავკარგე ამ ერთ წელიწადში. ღმერთმა არავის არავინ დააკარგვინოს, ისეთი სტრესი მივიღე და ისეთი ცუდი ამბები განვითარდა ჩემ ირგვლივ, არავის ვუსურვებ.

კლინიკას საგულდაგულოდ შეარჩევ?

ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი აიცრა და ვიცი, რომ ყველგან ნორმალურად ცრიან. გავიარე კონსულტაცია ექიმებთან, მათ შორის, ნევროპათოლოგსა და ალერგოლოგთან. ავიღე სისხლის აერთო ანალიზი, ასევე დე დიმერის. სრული გამოკვლევა ჩავიტარე და ვემზადები აცრისთვის. როგორც ვიცი, ორ კვირაში დაგვიძახებენ უკვე საყოველთაო ვაქცინაციაზე. რიგის მიხედვით მივალ და ავიცრები.

სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ყველა შენს აზრს იზიარებს?

რამდენადაც მე ვიცი, ყველა წამყვანი რესტორატორი ამ აზრისაა, რომ ყველა უნდა აიცრას. უნდა ავიცრათ და უნდა დავიცვათ რეგულაციები. ეს ჩვენი სფეროსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

შენს ახალ რესტორანზეც გვიამბე.

Blue Café – ასე ერქმევა ჩემს ახალ რესტორანს. თავიდან რომ მივედი, ცისფერი კედლები იყო და სახელიც ამის მიხედვით შევარჩიე. მთაწმინდაზეა, ვფიქრობ, ტურისტული ადგილიც იქნება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საყვარელიც. გვექნება ბიო ღვინო და პროდუქტები. ვამუშავებთ იდეებს და ცოტა ხანში უფრო ვრცლად შემეძლება საუბარი. როგორც კი ვაქცინაცია დაიწყება, შემდეგ ვიფიქრებ გახსნაზე. იმედი მაქვს, ფორმაში ჩაგდებით რაღაცნაირად და ტურისტების მიღებასაც შევძლებთ.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

 

მსგავსი თემები