სხვადასხვა წრეზე სიარული, მცირე ასაკიდან უცხო ენის სწავლა, გაჯეტების გავლენა ბავშვებზე და მშობლებისთვის საინტერესო სხვა კითხვებზე ამომწურავი პასუხები – ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ,,იმედის დღეში” ისაუბრა.

– ჩვენმა გამოკითხვამ გამოავლინა, რომ დღესდღეობით ბავშვები სამ სახვადასხვა წრეზე მაინც დადიან. რამდენად ნორმალურია ასეთი დატვირთვა? რას გვეტყვით ამის შესახებ?

თავისთავად ინტერესების მიხედვით წრეებზე სიარული ცუდი არ არის. ბავშვის განვითარებისთვის სასარგებლოა დაკავდეს იმით, რაც მოსწონს. თუმცა ხდება ისეც, რომ ზოგჯერ ბავშვებს უწევთ იარონ არა იმ წრეებზე, რაზეც თავად სურთ, არამედ მშობლების მიერ შერჩეულ წრეებზე მათი ხათრით.

– რა უნდა ქნას მშობელმა, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი მისთვის სასურველ წრეებზე მიჰყავს, ძალიან მალე შვილი ეუბნება, რომ ამ წრეზე სიარული აღარ სურს? რამდენად შეიძლება წრეების ხშირი ცვლა?

მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში გააჩნია ბავშვის ხასიათს. თუკი თქვენი შვილი მიეკუთვნება ბავშვების იმ კატეგორიას, რომლებიც ძალიან ნერვიულობენ შეცდომებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ეცდება არ გააკეთოს ის რაც არ გამოსდის, ან ცუდად გამოსდის. როგორც წესი, როდესაც ასეთი ბავშვი წრეზე მიდის, მას დიდი ალბათობით ექნება თვითშეფასების დაცემის პრობლემა. რადგან ის ფაქტი, რომ იმ წრეზე შესაძლოა იყვნენ ბავშვები, რომლებსაც მასზე კარგად გამოსდით რაღაც, უარყოფითად იმოქმედებს. ასეთ დროს ბუნებრივია შვილს მხარდაჭერა უნდა დავანახოთ და ავუხსნათ, რომ ნებისმიერ წრეზე ის დადის იმიტომ, რომ ისწავლოს. შეცდომების გარეშე კი ვერავინ ვერაფერს სწავლობს. ბავშვს უნდა დავეხმაროთ ამის გაცნობიერებაში და შედეგად დიდი ალბათობით მას გული აღარ აუცრუვდება, არამედ ეცდება უფრო უკეთ გამოუვიდეს რაღაც და შეცდომებზე ზომაზე მეტად არ ინერვიულოს. ავტორიტეტული ადამიანისგან მსგავსი ტექსტის მოსმენა ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია .

ხდება ისეც, რომ მშობელი ამბობს: რატომ უნდა დავუშალო ჩემს შვილს ბევრ წრეზე სიარული, როდესაც მას ეს უნდა და როცა არ იღლება?

მე ვიტყოდი, რომ ინტერესიანი ბავშვი კარგია, მაგრამ გააჩნია ასაკს და მნიშვნელოვანია სწორად შევაფასოთ რეალურად რა რესურსი აქვს ბავშვს. მე სწორად არ მიმაჩნია რომ ბავშვი მთელი დღე იყოს გადარბენაზე. რეალურად ბავშვის დღის რეჟიმი ამ დროს ძალიან დატვირთულია. სკოლა, შვიდი გაკვეთილის შემდეგ რეპეტიტორებთან მეცადინეობა, მერე მინიმუმ ორ წრეზე წასვლა და ბოლოს სკოლის დავალებების მომზადება ძალიან დიდი დატვირთვაა.

ამიტომ ჩვენ ბავშვებს ბავშვობიდანვე უნდა ვასწავლოთ, რომ პრიორიტეტები გამოყონ და არჩევანი გააკეთონ. ჩვენი პრობლემა ძირითადად იმაშია, რომ ჩვენც არ ვიცით არჩევა და არც ბავშვებს ვასწავლით.

– ხშირად მშობლები ამბობენ, რომ მათი შვილი ჰიპერაქტიურია, არ იღლება და მოზღვავებული ენერგია აქვს, ამიტომ მათ ბუნებრივად მიაჩნიათ ბავშვის ბევრ სხვადასხვა წრეზე ტარება.

– 12 წლამდე მოზღვავებული ენერგია გადაღლილობის ნიშანია. როცა ბავშვი გვიან იძინებს, მეორე დღეს ის იღვიძებს ძალიან აღგზნებული და მოზღვავებული ენერგიით და ეს რაღაც პერიოდი გრძელდება. მესმის მშობლების, როცა ამბობენ, რომ წრეზე თუ არ ატარებენ ბავშვებს, ისინი ტელევიზორთან და კომპიუტერთან ძალიან დიდ დროს გაატარებენ. ბავშვმა ენერგია უნდა დახარჯოს. ამ დროს სპორტი და ფიზიკური დატვირთვა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი.

სამწუხაროდ, ვუსმენდი გამოკითხვას და შევნიშნე, რომ ბავშვების უმეტესობა რეპეტიტორთან დადის, სპორტზე და ცეკვაზე უფრო ცოტა. ენერგია უნდა დაიხარჯოს მიზანმიმართულად და სწორ კონტექსტში. წესით, ამაზე სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს.

– დღეს ხშირად გვხვდება შემთხვევები,როდესაც ბავშვებს მცირე ასაკიდანვე ასწავლიან უცხო ენას. შემიძლია 3.5 წლის ბავშვი ინგლისურზე მივიყვანო?

– შეგიძლიათ, მაგრამ მე არა ვარ მომხრე, რომ 3 წლის ბავშვი მიიყვანოთ ინგლისურზე. როგორც ნეიროფსიქოლოგს მიმაჩნია, რომ ბავშვმა თავიდან უნდა აითვისოს ერთი ენობრივი სისტემა.ეს უნდა მოხდეს 5 წლის ასაკამდე და უნდა მოხდეს  იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი არ ცხოვრობს ორენოვან გარემოში.

თუ ნორმალური განვითარების მქონე ბავშვი ცხოვრობს ორენოვან ან სამენოვან გარემოში, მისთვის სრულიად ბუნებრივია,როდესაც ერთი ადამიანი ერთ ენაზე ელაპარაკება, მეორე კი მეორე ენაზე. მისთვის ორი სისტემა არსებობს თავიდანვე.

ჩვენი ახალი თაობა არ არის ორენოვანი.რეალურად არ დგას იმის საჭიროება, რომ ბავშვმა სამი წლის ასაკიდან უცხო ენის სწავლა დაიწყოს. მცდელობების შედეგად ვიღებთ იმას, რომ ბავშვები ლაპარაკს თავის მოგონილ ენაზე, გაინგლისურებულ ქართულზე იწყებენ. მატი ტვინი კი ამისთვის ჯერ მზად არ არის.

როგორც ცნობილია, მშობლიურ ენაზე ალაპარაკებას ადამიანი მარცხენა ჰემისფეროს დახმარებით ახერხებს და ამას სჭირდება მარცხენა ჰემისფეროს განვითარება.

უცხო ენა მარჯვენა ჰემისფეროს პრეროგატივაა. შესაბამისად, როდესაც ბავშვები ამ ასაკში უცხო ენის შესწავლას ცდილობენ,მუშაობს მარჯვენა ჰემისფერო. საბოლოო შედეგი არის მეტყველებითი განვითარების პრობლემები. ბავშვები ლაპარაკს იწყენებ გვიან და ხშირად, იწყებენ გაუგებარ ენაზე, რომელიც არც ინგლისურია, არც ქართული და არც სხვა რომელიმე, არამედ მათი ნაზავია.

დღეს საბავშვო ბაღები სიამაყით აცხადებენ, რომ იქ 3-4 უცხო ენა ისწავლება. რატომ უნდა ვასწავლიდეთ 3 წლის ბავშვს ბაღებში 3-4 უცხო ენას? ზოგადად მიჩნეულია,რომ ადრეულ ასაკში ადამიანს უფრო მეტის ათვისება შეუძლია, მაგრამ  რეალურად ტვინი ისეა მოწყობილი, რომ ამ ყველაფერს ერთბაშად ვერ გააკეთებს.

–  ვისაუბროთ გაჯეტების გავლენაზეც. ბავშვები მცირე ასაკიდანვე აქტიურად იყენებენ იუთუბს და მულტფილმებს უყურებენ, რასაც მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები მოჰყვება. ოფთალმოლოგმა დღეში 10 წუთი განსაზღვრა ნორმად,  მაგრამ ყველამ ვიცით, რომ რეალობაში ბავშვები გაცილებით დიდხანს კონტაქტობენ გაჯეტებთან. თქვენ რას გვეტყვით?

–  მე ვიტყვი, რომ 2 წლამდე ასაკის ბავშვმა გაჯეტებთან არცერთი წუთი არ უნდა გაატაროს. არცერთი. ეს არ არის ჩემი მოსაზრება, გაჯეტების უარყოფითი გავლენა ბავშვის განვითარებაზე არაერთი კვლევით დასტურდება. არადა 6 თვიდან ბავშვებს გაჯეტები უჭირავთ და ეს არის დამღუპველი შედეგის მომტანი.

ერთი წლის ასაკამდე ბავშვის ინტეელქტი არის სენსომოტორული. განვითარებისთვის მას სჭირდება შეგრძნებები, ხელით შეხება, ცოცვა, ამ დროს ბავშვები ცდილობენ სამყაროს შემეცნებას და მათი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია რომ ამ ყველაფერს ხელი არ შეეშალოს. არ შეიძლება რომ იმ დროს, როცა ბავშვი ცოცავს და პირში იდებს ნივთებს მას მივაჩეჩოთ გაჯეტი, რომ გაჩერდეს. ეს იწვევს ინტელექტის და მეტყველების განვითარების პრობლემებს. მქონდა შემთხვევა როდესაც ჩემთან შესაფასებლად მოყვანილ ბავშვს კატა ვაჩვენე და იმის მაგიერ, რომ მისულიყო შესახებად ან მოსაფერებლად, ბავშვი კატას აღიქვამდა როგორც ეკრანზე გამოსახულს და ხელის მოძრაობით თითქოს ცდილობდა გაედიდებინა. ცხადია ვირტუალური რეალობა და გაჯეტები აფერხებს ბავშვების განვითარებას. ამერიკის პედიატრთა ასოციაციის ძალიან ხანგრძლივი კვლევით დადგინდა , რომ პედიატრთან მისული ბავშვების 30%,  რომლებსაც ჰქონდათ მეტყველების განვითარების პრობლემა, მცირე ასაკიდან გაჯეტებით სარგებლობდნენ.

მნიშვნელოვანია ბავშვს ესმოდეს მშობლიური ენა, რომ ჩამოუყალიბდეს ერთი ენობრივი სისტემა.ძალიან ხშირად ჩვენთან განვითარების შესაფასებლად მოჰყავთ პატარა ბავშვები, რომლებიც სრულიად გაუგებარ ენაზე ლაპარაკობენ სწორედ იმ ინგლისური ან იაპონური მულტფილმების გავლენით, რომლებსაც ინტერნეტში უყურებენ.

 – მულტფილმების შესახებ ვისაუბროთ. უცხოენოვან მულტფილმებზე რას გვეტყვით?

–  ყველაზე კარგი გამოსავალია მულტფილმს შვილთან ერთად უყუროთ და თქვენ უთარგმნოთ. ადვილი არ არის, მაგრამ საუკეთესო გადაწყვეტილებაა. სხვა შემთხვევაში ჯობია ბავშვებს ქართულად ნათარგმნი მულტფილმები ვაჩვენოთ. თუმცა ვიმეორებ, რომ ორი წლის ასაკამდე გაჯეტები საერთოდ არ არის რეკომენდირებული. შემდეგ 6 წლამდე დრო უკვე ნახევარი საათიდან ერთ საათამდე უნდა განისაზღვროს.

– გავრცელებულია შეხედულება იმის შესახებ, რომ ბავშვი უნდა იყოს მუდმოვად დაკავებული და არ უნდა ჰქონდეს თავისუფალი დრო.

– ეს ძალიან მცდარი მსჯელობაა. მშობლებს ჰგონიათ, რომ თავისუფალ დროს ბავშვი რამეს დააშავებს, ამიტომ მაქსიმალურად ტვირთავენ. ეს ყველაფერი  კი ძალიან ხშირად მიდის იქამდე, რომ სადღაც 14- 15 წლის ასაკში ბავშვი ხდება სრულიად ინდეფერენტული და აღარაფერი აინტერესებს. იმიტომ რომ წრეები რომლებზეც დაჰყავდათ არ იყო არჩეული მისი სურვილით. თუ ბავშვმა არ იცის, რა არის შემეცნებით მიღებული სიამოვნება, მისთვის სწავლა სატანჯველად იქცევა და მას აღარაფერი მოსწონს. მშობლებმა უნდა შეარჩიონ სწორი მიდგომა, რომ ბავშვს უხაროდეს სწავლაც და საქმის  კეთებაც. მათ აუცილებლად სჭირდებატ თავისუფალი დრო, ოღონდ ეს დრო უნდა იყოს შინაარსიანი და ბავშვის ინტერესებზე მორგებული.

 

მსგავსი თემები