LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ივერი ბორჯომის გამგებელს მიმართავს: „როცა ტურისტულ ქალაქზე გაქვს პრეტენზია… სირცხვილია!..“

387
tamar iveri

ოპერის მომღერალი, თამარ ივერი ბორჯომის გამგებელს მიმართავს. როგორც ცნობილი შემსრულებელი აღნიშნავს ვრცელ პოსტში, რომელიც „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა, ტურისტული ქალაქის პრეტენზიის მქონე ბორჯომში უამრავი პრობლემაა, რომელსაც გადაწყვეტა სჭირდება და მიმართავს გამგებელს, დროულად მიიღოს ზომები.

გთავაზობთ თამარ ივერის მოსაზრებას ამ თემაზე:

„ბორჯომის გამგებელო! როცა ტურისტულ ქალაქზე გაქვს პრეტენზია, მთელ ქალაქში ორად ორი კუსტარული მანქანების სამრეცხაო არ უნდა გქონდეს და ამ ორიდანაც ერთი გაუქმებული და იმ მეორე დარჩენილ, ერთ კინკილა ბრეზენტის ფარდებაფარებულ სამრეცხაოში მინიმუმ 5-მანქანიანი რიგი.

ასევე, ბატონო გამგებელო, ნაგვის მანქანა კვირაში ერთხელ, დაუსწრებელი ფაკულტეტის ზარმაცი სტუდენტივით არ უნდა ჩამოივლიდეს მოსახლეობაში და ერთადერთი ბუნკერი მხოლოდ ქალაქიდან გასასვლელ ხიდთან არ უნდა იდგეს.

არ უნდა გქონდეს 2-ლარიანი გადასახადი დაწესებული პარკში შესასველად, რაც ადრე არ იყო და რაც ასე ძვირია იმ ადამიანებისათვის, ვინც წყლის ასავსებად შედის პარკში ყოველდღე.

და ეს თანხები რას ხმარდება?? გაპარტახებულ და ზაფხულის სეზონამდე მიტოვებულ საბავშვო ატრაქციონებს? თუ პარკში მდგომ გაუბედურებულ, თითქოს ომისშემდგომ დანგრეულ შენობებს და დატბორილ, ტუალეტად ქცეულ ოდესღაც საცურაო აუზს??

სირცხვილია, ელემენტარულად, ბატონო გამგებელო! ბორჯომლებმა მომწერეს, ვინმე ყიფიანი იყო ბორჯომის გამგებელი, ჩუმად მთელი ბორჯომპარკი იყიდა იჯარით… ქალაქშიც ყველაფერი დაიტაცა და იყიდა ,მილიონერი გახდაო. ამას ყველაფერს ხედავდა მთავრობა და მხოლოდ ახლა მოხსნესო. ისე, ნახევრად ყიფიანი ვარ და პირველად გავიგე ამ გვარის კაცის ასეთი „გატაცება-გაქანებანი“.

ასევე აღარაფერს ვამბობ ბაკურიანის ორმოებიან, დაზიანებულ და ტალახიან, ნათელაშვილის თქმის არ იყოს, ჯანმრთელ კენგურუს რომ გაუჭირდება გადახტომა, ისეთ გზებზე. ასევე დიდველის ზემო საბაგიროს უხარისხო და უძვირეს კაფეებზე, სადაც ნახევარი საჭმელი ზედმეტად „გადაბრაწულობის“ და “გადაზეთიანებულობის”გამო ელემენტარულად უნდა დატოვო მაგიდაზე. ცეზარის სალათში ქათმის ფილე თავისუფლად გამოდგებოდა „ტუფლის პადოშად“.

აი, ეს ქვეყანა ვართ, თუ ტერიტორია ვინმე კერძო პირის არ არის და ზედ არ დაჰკანკალებს, ისე, ტურისტებისგან მხოლოდ მწვანე-მწვანე ფულების „წუწნა“ გვიყვარს და სამაგიერო სერვისი და კომფორტი კი ჯერჯერობით ერთ-ორ ვარსკვლავიან დონეზეა (ისიც, ორ ვარსკვლავს ვანიჭებ, თუ გაგიმართლა და ქაღალდი მაინც დაგხვდა საპირფარეშოში). ერთადერთი. რაც მართლა გსიამოვნებს, ეს ისევ შენი სამშობლოს მდიდარი ინფრასტრუქტურაა, რაც გავიწყებს ამ წყეული სერვისების Технические Неурядиц-ებს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები