LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამბაქოს მოხმარება 500 ლარით ჯარიმდება: კანონში ცვლილებები 1 იანვრიდან შევა

315

თამბაქოს მოხმარებაზე კონტროლი მკაცრდება. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევისთვის, ობიექტის მეპატრონე შესაძლოა 500 ლარით დააჯარიმონ.

უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე პარლამენტში პირველი მოსმენა უკვე გაიმართა. კანონპროექტის მიხედვით, მოწევა აიკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებებსა და  მოსწავლე-ახალგაზრდობის შეკრების ადგილებში – სკოლებში, ბაგა-ბაღებსა და სტადიონებზე.
როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი „ფორტუნასთან“ აცხადებს, ჯარიმის გადახდა არა კანონდამრღვევს, არამედ იმ ობიექტის მეპატრონეს მოუწევს, სადაც დარღვევა დაფიქსირდება.

„რატომ ობიექტის მეპატრონე და არა დამნაშავე“ – უმრავლესობის წევრი განმარტავს, რომ ასეულობით ადამიანის ცალ-ცალკე კონტროლი გაცილებით უფრო მეტ სირთულეს უკავშირდება, ვიდრე მხოლოდ ობიექტების.

„თითოეულ ადამიანზე რომ გამოვწეროთ ჯარიმები, ეს ქვეყანაში სოციალურ ფონს ძალიან დაამძიმებს. გარდა ამისა, რესტორნებში, კაფე-ბარებსა თუ სხვა შენობა-ნაგებობებში უამრავი ადამიანი დადის და კონტროლიც ხომ უნდა გავუწიოთ. ჩვენი მიზანი მხოლოდ კანონის შექმნა ხომ არ არის. კანონს იმისთვის ქმნი, რომ შესრულდეს“ – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარებაზე კონტროლს მუნიციპალიტეტების ზედამხედველობის სამსახურები გაუწევენ.


ცვლილებები ძალაში 1 იანვრიდან შევა

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარება, სავარაუდოდ, 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. თავდაპირველად, აკრძალვა შეეხება ობიექტების მხოლოდ 50%-ს, ხოლო მოგვიანებით აკრძალვა ყველა დაწესებულებაზე გავრცელდება.
უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ცვლილებების მიზანი ჯანდაცვის კუთხით ქვეყანაში სიტუაციის გაუმჯობესება და არსებული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებაა.

„წელიწადში 6000 ადამიანი იღუპება თამბაქოს მოხმარების შედეგად, აქედან 1 მილიონი არამწეველია, ანუ პასიური მწეველი. ისედაც დემოკრატიული პრობლემების მქონე ქვეყანაში, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ახალმა თაობამ არ დაიწყოს თამბაქოს მოხმარება“ – აღნიშნავს „ფორტუნასთან“ გურამ მაჭარაშვილი.

ობიექტის მეპატრონის დაჯარიმება, უსამართლობაა

კანონში ცვლილებების შეტანასა და თამბაქოს მოხმარებაზე კონტროლის გამკაცრებას ნაწილობრივ ეთანხმება რესტორნების მფლობელების ნაწილიც.
როგორც „რივერსაიდ ბაბილოს“ პიარ-მენეჯერი ნინო გოგოლაძე „ფორტუნასთან“ აცხადებს, კვების ობიექტებში თამბაქოს გამონაბოლქვი დისკომფორტს უქმნის დაწესებულებაში მყოფ არამწეველებს. გოგოლაძის თქმით, უმჯობესია გამოიყოს ცალ-ცალკე სივრცე, რათა დაცული იყოს ორივე მხარეს ინტერესები.

„დაცული უნდა იყოს როგორც არამწეველების, ასევე მწეველების უფლებებიც. მწეველი ადამიანისთვის ცოტა რთულია რომელიმე დაწესებულებაში იყოს დიდხანს და არ მოწიოს თამბაქო. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ორივე მხარესთვის უნდა იყოს გამოყოფილი ადგილი და პრობლემაც გადაიჭრება“, – აცხადებს ნინო გოგოლაძე.

მისივე თქმით, ობიექტის მეპატრონემ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დაწესებულებაში კანონი სრულად იყოს დაცული, თუმცა, „სტუმრის საქციელზე პასუხი აგოს მასპინძელმა – უსამართლობაა“ .

„დარღვევის შემთხვევაში ობიექტის მეპატრონის დაჯარიმებას, არ ვეთანხმები, არ არის სამართლიანი. ზოგადად ძალიან რთული ქართველ ადამიანს ამ კუთხით რაიმე გააგებინო. სტუმარი თუ შინაგანაწესს არ ემორჩილება, მეპატრონე არაფერ შუაში არ არის“- აღნიშნავს ნინო გოგოლაძე.

გვანცა ბზიავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები