LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა? – დღეს რეფერენდუმის დღეა, რაც დამოუკიდებლობის საფუძველი გახდა

629
17622115-1714760175208119-5112313058460308426-o

1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაიმართა რეფერენდუმი კითხვით: „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“

რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 90.3%-მა, სულ 3 302 572-მა ადამიანმა. მონაწილეთა 98,9 %-მა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა.

29 წლის წინ, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“. სწორედ რეფერენდუმზე მიღებული შედეგები გახდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი.

რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. საქართველოს მოსახლეობამ გამოხატა თავისი არჩევანი და 3,672,403 ამომრჩევლიდან 3,295,493 ამომრჩეველმა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. 9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე მიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.

1991 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა რეფერენდუმის შემაჯამებელი შედეგები.

 

 

სტატისტიკა

ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 3,672,403
რეფერენდუმის მონაწილეთა რიცხვი – 3. 334. 286, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90,79%;
კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვი – 3. 326. 100; რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90,57%-ს;
სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტის „დიახ” მომხრეთა რიცხვი – 3. 295. 493, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 99,08%-ს;
სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის, „არა” მომხრეთა რიცხვი – 16. 917, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0,51%-ს.
ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა – 13. 690, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0, 41%-ს.
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 347.175. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 61,27%-მა; კენჭისყრაში – 61,23%-მა. სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა კენჭისყრის მონაწილეთა 97,73%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 59,84%-ს. უარყოფითად გადაწყვეტას – 1,42%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 0, 87%-ს.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 224.788. რეფერენდუმსა და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 96,64%-მა. სარეფერენდუმოდ საკითხის დადებითად გადაწყვეტაში – 97,67%-მა. უარყოფითად – 1,42%-მა.

გუდაუთის რაიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეფერენდუმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იქ მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა ახალსოფელში. შესაბამისმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა სიაში შეიყვანა გუდაუთის რაიონის ყველა ამომრჩეველი, ვინც კი რეფერენდუმში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. სიაში შეიყვანეს 2931 ამომრჩეველი, გაიცა 2931 ბიულეტენი, რომელთაგან 1 ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 2928 ამომრჩეველმა, უარყოფილი – ორმა.

ტყვარჩელში ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი მაშინ გამოთქვა სურვილი რეფერენდუმის ჩატარებაზე, როდესაც საარჩევნო უბნებისა და კომისიების შექმნის ყველა ვადა ამოწურული იყო. ამიტომ ტყვარჩელის ამომრჩევლებს უფლება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ კენჭისყრაში ქ. ოჩამჩირის წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანში, სადაც მისული ამომრჩევლები შეიტანეს ცალკე სიაში და კენჭისყრისთვის გამოყენებული იყო ცალკე ყუთი. სიაში შეიყვანეს 1017 ამომრჩეველი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 1016-მა ამომრჩეველმა. უარყოფითი მხოლოდ ერთმა.

ქალაქ ცხინვალში, ყორნისისა და ჯავის რაიონებში რეფერენდუმი არ ჩატარებულა, მაგრამ საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რიცხვში გათვალისწინებულ იქნა ამ რეგიონის ამომრჩეველთა რაოდენობა. ცხინვალის რაიონში რეფერენდუმი ჩატარდა შვიდ სასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 11376 იყო. გაიცა 10182 ბიულეტენი, რომელთაგან ორი ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 10180 ამომრჩეველმა.

 

„რეფერენდუმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხი მიღებულად ჩაითვალა.

იმავე დღეს აშშ-ის კონგრესმა საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად სცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რაც წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე ფაქტო ცნობას.

 

P.S. დღეს, 31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები