გალში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას სხეულზე საეჭვო დაზიანებებია აღმოჩენილი – ასეთია ცხედრის წინასწარი დათვალიერების შედეგი. გარდაცვლილის ბიძაშვილის განაცხადებით, კვარაცხელიას ცხედარს დაზიანება თავის და ზურგის არეში აღენიშნება.

„შემიძლია გითხრათ, რომ თავისა და ზურგის არეში აქვს დაზიანებები. მე თვითონ ვნახე, როდესაც მიცვალებულს ჩავაცვით. დაველოდოთ ექსპერტის დასკვნას, გამოძიებას და ყველა ერთად გავიგებთ, რა მოხდა სინამდვილეში“, – ამბობს “ინტერპრესნიუსთან” ანა კვარაცხელია.

ცენტრ „ემპათიას“ დირექტორის, მარიამ ჯიშკარიანის განაცხადებით, ირაკლი კვარაცხელიას სხეულზე  ღარი აქვს ნაჭდევებით და დგინდება, სიცოცხლის დროინდელია თუ არა. როგორც ემპათიას დირექტორი ამბობს, მათი ცენტრი კომპელქსურ ექსპერტიზას დამოუკიდებლად ჩაატარებს.

„ვინაიდან, ფაქტი ირაკლი კვარაცხელიას პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მოხდა,დადგინდება, იყო ეს თვითმკვლელობა თუ სხვა რამ. ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, რადგან მათ მიერ ოკუპირებულ ტერიოტირიაზე მოხდა ეს მძიმე ფაქტი. ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანის მიმართ არასათანადო მოპყრობა უნდა ვივარაუდოთ, რამაც ის თუნდაც თვითმკვლელობამდე მიიყვანა. ცენტრი „ემპათია“ კომპლექსურ-კომისიურ ექსპერტიზას ჩაატარებს სისხლის სამართლის ყველა მასალის და ექსპერტიზის დასკვნების გათვალისწინებით. ამის შემდეგ უკვე გამოიკვეთება რა და როგორ იყო“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

სენაკში გადასვენებამდე ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ექსპერტიზა თბილისში ჩაუტარდა.ექსპერტიზის დასკვნის მომზადების შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი რა ვითარებაში მიიღო საოკუპაციო რეჯიმის მორიგმა უკანონო ტყვემ ეს დაზიანებები. საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები