LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო კიდევ შემცირდება

965
esaaaaa

ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს მაგისტრალური გზების მშენებლობა წარმოადგენს. კერძოდ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, რომელიც უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია, ეს არის საერთაშორისო მარშრუტი, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ბრესტიდან იწყება და ჩინეთის საზღვრამდეა გადაჭიმული, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, ჟურნალისტებთან საგზაო ინფრასტრუქტურაზე საუბრისას.

მისი თქმით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მონაკვეთი, წითელი ხიდი – სადახლო, სადაც არის საზღვრები აზერბაიჯანთან და სომხეთთან, უკვე აკავშირებს როგორც ფოთის პორტს ასევე თურქეთს სარფის გამშვებ პუნქტს და შესაბამისად, მაგისტრალის ნახევარი უკვე აშენებულია და ექსპლუატაციაშია.

მან ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად მთავრობასთან ერთად საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დიდი სამუშაოები განახორციელა, შედეგად მოხერხდა 70 კმ მაგისტრალის გახსნა, რამაც უკვე 2021 წელს შესაძლებელი გახადა, რომ თბილისიდან ბათუმამდე ნაცვლად 5 საათისა, 4 საათში იყოს შესაძლებელი გადაადგილება.

,,დაგეგმილი გვაქვს სამტრედია-გრიგოლეთის პირველი და მე-4 ლოტების გახსნა. გამოწვევებით სავსე პროექტები იყო, როგორც გეოლოგიური პირობების გათვალისწინებით, ასევე სამი შეწყვეტილი ხელშეკრულებით, თუმცა წელს უკვე ეს ორი მონაკვეთი დასრულდება. შედეგად, პირველი ლოტის გახსნა მნიშვნელოვნად დააწინაურებს და რეალურად შექმნის იმის შესაძლებლობას, რომ 86 კმ იქნება ოთხზოლიანი მაგისტრალური გზა. ასევე, გრიგოლეთი-ქობულეთზე 14 კმ-იანი მონაკვეთიდან ვგეგმავთ 11კმ-ის წელს და 3 კმ-ის მომდევნო წელს დასრულებას“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე თქმით, ანალოგიურად დასრულებულია სამუშაოების 75% ბათუმის შემოვლით გზაზე, მთლიანობაში ხუთი გვირაბიდან სამი უკვე დასრულებულია, ნომერ 2 გვირაბზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო პირველ გვირაბზე გეოლოგიური გამოწვევების გამო გაყვანის მეთოდი შეიცვალა.

,,რაც შეეხება საუკუნის პროექტს, რიკოთის მონაკვეთს, მთელ აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალში რიკოთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი. ამჟამად, ყველა გვირაბზე მიმდინარეობს სამუშაოები, 24 უკვე გაყვანილია ხოლო 3 გახსნილია მოძრაობისთვის და შეგახსენებთ რომ შარშან სექტემბერში ჩვენ 2 კმ რიკოთის უკვე გავხსენით. დაწინაურებულია ხევი -უბისას, უბისა-შორაპნის მონაკვეთები და უკვე 2022-2023 წელს მოხდება მთლიანად 52 კმ-იანი მონაკვეთის დასრულება. წლევანდელი გეგმის შესაბამისად, დაახლოებით, 3 საათსა და 40 წუთში იქნება შესაძლებელი გადაადგილება თბილისიდან ბათუმამდე“, – განაცხადა ქარსელაძემ.

მაგისტრალურ პროექტებზე საუბრისას, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, გარდა მოწესრიგებული და თანამედროვე გზებისა, სხვა მრავალ სარგებელსაც იძლევა, კერძოდ, ამ პროექტებში 27 000 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის მნიშვნელოვნად გაზრდილია საქართველოს მოქალაქეების ჩართულობა. ამასთან, გარდა სტაბილური შემოსავლისა, ისინი პროექტის განხორციელების პერიოდში ახალ პროფესიებს ეუფლებიან და იღრმავებენ თავიანთ ცოდნას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები