LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

555
shutterstock-500532676-1

თბილისში, ტანსაცმლის მაღაზიების ნაწილში გასახდელი ოთახები უქმდება. საუბარია „რითეილ გრუპ ჯორჯიაში” შემავალ ისეთ ბრენდულ მაღაზიებზე, როგორებიცაა: Zara, Massimo Dutti, Marks & Spencer, Mango, Gap, Bershka, Pull & Bear, Aldo, CHARLES & KEITH, Promod, Stradivarius, Oysho და სხვები… ყველა აღნიშნული ბრენდის მაღაზია თბილისში მდებარე მოლებშია განთავსებული.

როგორც „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი რეზო მაღალაშვილი აცხადებს, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა.  მისივე თქმით, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. აღსანიშნავია, რომ უკან მიბრუნებული ტანსაცმელი დარბაზის ნაცვლად, კარანტინში მოხვდება.

„ამ პროტოკოლებით ჩვენ აბოსოლუტურად ვუზრუნველყოფთ უსაფრთხო ოპერირებას. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ამას გაითვალისწინებენ და მოგვცემენ ოპერირების საშუალებას“,- განუცხადა მაღალაშვილმა სააგენტო „ბიზნესპრესნიუსს“.

მზად არიან ტანსაცმლის მოსინჯვა აკრძალონ The North Face-ის, Timberland-ის, Diesel-ის და სხვა მსოფლიო ბრენდების წარმომადგენელ კომპანია „მეგასპორტშიც“.  კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი დავით ჩხეიძე მთავრობას ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიების დროული ამოქმედებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ თუ მალე არ გაიხსნებიან, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

შეგახსენებთ, საქართველოში მოლების და სხვა სავაჭრო ობიექტების გახსნა 25 მაისს იგეგმებოდა, თუმცა მათი გახსნა ვერ მოხერხდა.  „სავაჭრო მოლებსა და ბაზრობებზე მომხმარებლების დიდი მობილობაა, რის გამოც რისკებიც მაღალია და მათი გახსნა ვერ ხერხდება“, – აღნიშნა ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა მოლების და ბაზრობების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

ბიზნესომბუდსმენი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე სავაჭრო მოლების და ბაზრობების წარმომადგენლებს დღეს, 24 მაისს შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ობიექტების გახსნასთან დაკავშირებული რეგულაციების სამუშაო ვერსია განიხილეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები