LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელევიზიებმა დავალიანებების გადახდა დაიწყონ დღესვე – ივანე მაჭავარიანი

158
machavariani

მინდა მივმართო და მოვუწოდო ტელევიზიებს, რომ უახლოეს ვადაში – მომდევნო 1-2 კვირაში – მოვიდნენ შემოთავაზებით, როგორ ხედავენ ძველი ვალების რესტრუქტურიზაციას, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ტელევიზიებს ვალის ერთად დაფარვა გაუჭირდებათ და შეიძლება მათი ყოფნა-არ ყოფნის საკითხი დადგეს, რაც არავის ინტერესში არ შედის. თუმცა, როგორც მაჭავარიანი ამბობს,  მედიაბიზნესი არაფრით სხვა ბიზნესებზე უპირატესი არ არის. მან ტელეკომპანიებს მოუწოდა, მიმდინარე ვალების გადახდა დღეიდანვე დაიწყონ.

“დადგა დრო, ტელევიზიების დავალიანების საკითხი გადაწყდეს და დასრულდეს დაგროვებული გადასახადის მანკიერი პრაქტიკა.

რამდენიმე ტელევიზიას აქვს საკმაოდ მსხვილი დავალიანება, ეს არის „იმედი“ „რუსთავი 2“ და „მაესტრო“. „რუსთავს“ აქვს დაახლოებით 28 მილიონამდე, „იმედს“ 19 მილიონის ფარგლებში და „მაესტროს“ 8 მილიონზე ცოტა მეტი. ეს არის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვებული საგადასახადო დავალიანება. ზოგადად, საქართველოში ეს მანკიერი პრაქტიკა სამწუხაროდ, არსებობდა. ტელეკომპანიები იგროვებდნენ ვალს, მერე ხდებოდა ჩამოწერა. დადგა დრო, რომ ეს საკითხი გასწორდეს. არსებობენ სხვა ტელევიზიები, გაცილებით პატარები, მაგრამ იხდიან პატიოსნად. ერთ საკანონმდებლო სივრცეში ვართ და არ არის სამართლიანი. ვერავინ იტყვის, რა დააშავეს ამ ადამიანებმა, რომლებიც პატიოსნად იხდიან გადასახადებს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

„რუსთავი 2“-ის საგადასახადო ვალთან დაკავშირებით მაჭავარიანი ამბობს, რომ იმის მიუხედავად გაყიდის თუ არა ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიას, უნდა იცოდეს, რომ გადაუხდელი გადასახადის საკითხი ამ ტელევიზიის წინაშე იდგება და ეს უნდა იცოდეს ახალმა მყიდველმაც.

„ახალმა მყიდველმაც უნდა იცოდეს რამხელა დავალიანებაზეა საუბარი. ზუსტად იმიტომ, რომ ამ ბოლო პერიოდში ყიდვა-გაყიდვაზე იყო ბევრი საუბარი და არცერთხელ მკაფიოდ არ თქმულა თუ რამხელა ვალი და პასუხისმგებლობა აქვთ ბიუჯეტის წინაშე. ესეც იყო მიზეზი, რატომ მოხდა ამ თემის აქტივიზაცია“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები