LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თითოეული დღე, როდესაც საქართველოს პარლამენტი ცარიელია, რუსეთის გამარჯვებაა: სენატორი ჯინ შაჰინი

112
se

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე სენატრიმა ჯინ შაჰინმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, “მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ნაბიჯები გადადგას და უზრუნველყოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ასევე იმუშაოს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, რათა კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს”.

სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებით, საქართველოში შექმნილი ჩიხიდან გამომდინარე სარგებელს რუსეთი იღებს, რადგან თითოეული დღე, როდესაც საქართველოს პარლამენტი ცარიელია, რუსეთის გამარჯვებაა. სენატორი ოპოზიციასა და ხელისუფლებას დემოკრატიის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

„2012 წლიდან საქართველოს დემოკრატია გამოცდის წინაშე იდგა, თუმცა ზოგადად მისი გაძლიერება და გაღრმავება ხდებოდა. საქართველომ ასევე აჩვენა ევროპულ საზოგადოებაში, მათ შორის ნატოში გაწევრიანების სურვილი. ეს ის გზაა, რომელიც ჩვენ ახალი დემოკრატიებისთვის გვსურს. ამ გზას სენატის ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. სამწუხაროდ, დღეს ის ვითარება, რომლის წინაშე საქართველო დგას, კრიტიკულია. ვციტირებ: ეუთოს დასკვნის თანახმად, 2020 წლის არჩევნები კონკურენტუნარიანი და ეფექტურად გამართული იყო, პანდემიის გამოწვევის მიუხედავად. დასკვნა ასევე აღნიშნავს საარჩევნო რეფორმის საჭიროებას.

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, განახორციელოს ეს. დემოკრატიულ არჩევნებს ძლიერი მექანიზმები უნდა ჰქონდეს უთანხმოებების გადასაჭრელად. მექანიზმები, რომელსაც სამართლიანად მიიჩნევს დემოკრატიულ პროცესში მონაწილე ყველა მხარე. აშშ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მეგობარია. ეს დღესაც ასეა. თუმცა, ეს მნიშვნელოვანი ურთიერთობები დამოკიდებულია საქართველოს ერთგულებაზე გააძლიეროს დემოკრატიის ინსტიტუტები. საქართველოს დემოკრატიისადმი ერთგულება ყველა ქართველის ქმედებების მეშვეობით უნდა დავინახოთ, იქნებიან ისინი მთავრობაში თუ ოპოზიციაში. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ნაბიჯები გადადგას და უზრუნველყოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და ყველა ოპოზიციურ პარტიასთან იმუშაოს, რათა კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს.

ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყანა ხალხის ნებას უნდა პასუხობდეს, თუმცა წარმატებული დემოკრატია ასევე უნდა ფუნქციონირებდეს და ხალხის საჭიროებებს აგვარებდეს. საქართველოში შექმნილი ჩიხიდან გამომდინარე, ერთადერთი მოგებული რუსეთია. რუსეთი ქაოსისგან სარგებელს იღებს. ოპოზიციის წევრების ციხეში გატარებული თითოეული დღე რუსეთის გამარჯვებაა. თითოეული დღე, როდესაც საქართველოს პარლამენტი ცარიელია, რუსეთის გამარჯვებაა. ამიტომაც დღეს ორივე მხარეს მოვუწოდებ, გვერდზე გადადონ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები და საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებასა და შენარჩუნებაზე იმუშაონ“, – განაცხადა სენატორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები