LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტორესა მოსი: დღემდე ვებრძვი სკოლაში გადატანილი 11 წლიანი ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგებს

1714
1

“ბავშვი თუ მოვა და გთხოვთ, რომ სკოლიდან გამოიყვანოთ და ვერაფრით დაასაბუთებს, მოუსმინეთ, რადგან ძალადობა არის შინაარსობრივად სკოლაში ჩაშენებული და სულ არაა საჭირო ბავშვს ფიზიკურად ჩაგრავდნენ.” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი ტორესა მოსი და ამბობს, რომ დღემდე ებრძვის სკოლის მიერ მისთვის მიყენებულ ზიანს და სისხლსა და ხორცში გამჯდარ მავნე ჩვევებს.

მწერალი ამბობს, რომ დღემდე ებრძვის სკოლაში გადატანილი 11 წლიანი ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგებს.

ტორესა მოსი საკუთარ პოსტს ურთავს ნინო ლომაძის ბლოგს – “როცა იბრძვი, გარბიხარ, ან შეშდები”  და მკითხველს მოუწოდებს აღნიშნული სტატია წაიკითხონ.

ბლოგის ავტორი ბავშვობაში ფსიქოლოგიურ ძალადობასა და მუდმივ ემოციურ წნეხზე საუბრობს, რომელიც ზრდასრულობაში ვლინდება.

ტორესა მოსი წერს, რომ სანამ სკოლები არ დაიშლება და არ განადგურდება და მერე ნულიდან არ აშენდება მართლაც საგანმანათლებლო სისტემას,ქვეყანას არაფერი არ ეშველება.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“მე დღემდე ვებრძვი სკოლაში გადატანილი 11 წლიანი ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგებს.

ამ სტატიაში აღწერილია, როგორ ფუნქციონირებს ჩვენი ორგანიზმი, როდესაც დათვისგან გაქცევა უწევს და რამდენად დამანგრეველია ადამიანისთვის, როდესაც ორგანიზმში ეს პროცესი ისე მიდის, რომ დათვი არ მისდევს.

15 წელია ჩემი გონება და სხეული, ყოველ დღე განიცდის ამას, შვების ხანმოკლე პერიოდებს თუ არ ჩავთვლით და თუ გაინტერესებთ ჯოჯოხეთში ცხოვრება, ნამდვილად არის ეს ჩემი ჯოჯოხეთი. გამოცდილება, რომელიც არასოდეს არაფერში გამომიყენებია.

ჩემს ბავშვობაში არ არსებობდა ფსიქოლოგიური ძალადობის ცნება. როდესაც დედაჩემს ვთხოვდი, რომ ოღონდ სკოლიდან გამოვეყვანე და ნებისმიერ რამეს ვისწავლიდი, არ მიჯერებდა. მეკითხებოდა ვინმე ხომ არ მჩაგრავდა, ვინმე ცუდად ხომ არ მექცეოდა. მე ვერ ვხსნიდი რატომ მძულდა სკოლა, რადგან ფიზიკურად არავინ მერჩოდა. არასოდეს დამიდანაშაულებია დედაჩემი ამის გამო. არ არსებობდა უბრალოდ ეს ცოდნა, რომელმაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ერთ დიდ და დაუსრულებელ ჯოჯოხეთად აქცია.

ამიტომ ბავშვი თუ მოვა და გთხოვთ რომ სკოლიდან გამოიყვანოთ და ვერაფრით დაასაბუთებს, მოუსმინეთ, რადგან ძალადობა არის შინაარსობრივად სკოლაში ჩაშენებული და სულ არაა საჭირო ბავშვს ფიზიკურად ჩაგრავდნენ.

დღემდე ვებრძვი სკოლის მიერ ჩემთვის მოყენებულ ზიანს და სისხლსა და ხორცში გამჯდარ მავნე ჩვევებს. მოკლედ, წაიკითხეთ ეს სტატია და გახსოვდეთ, სანამ სკოლებს არ დავშლით და არ გავანადგურებთ და მერე ნულიდან არ ავაშენებთ მართლა საგანმანათლებლო სისტემას, არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას. საერთოდ არაფერი.” – წერს ტორესა მოსი “ფეისბუქში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები