LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თორნიკე შარაშენიძე: ოპოზიციას ხალხთან ნაკლებად აქვს კომუნიკაცია, რასაც ვუყურებ, გახარია მუშაობს ჭვიანურად

110
BeFunky-collage (9)

თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო აქტიურდება შეკითხვა, რა სტრატეგიით დაიწყებს ოპოზიცია საარჩევნო კამპანიას და ვის გააერთიანებს ოპოზიციის საერთო კანდიდატი.

გართულდა თუ არა ოპოზიციის ამოცანა კახა კალაძის კანდიდატურის დასახელების შემდეგ და ვის რა შანსები აქვს – საკითხზე “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ერთი მხრივ, ოპოზიციის მიერ ერთიანი კანდიდატურის დასახელება გამორიცხულია, მეორე მხრივ კი „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის გარეშე პრაქტიკულად, წარმოუდგენელია “ოცნების” დამარცხება.

რაც შეეხება კახა კალაძის წარდგენას, თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ეს ნამდვილად არ არის კარგი სიახლე ოპოზიციისთვის, რომელიც მისივე შეფასებით, ბოლო პერიოდში ხალხთან კომუნიკაციით დიდად ვერ გამოირჩევა.

“კახა კალაძის წარდგენა კარგი სიახლე არ არის ოპოზიციისთვის, თუ გავითვალისწინებთ, რომ კალაძე უფრო დამოუკიდებელ ფიგურად აღიქმება და არა ტიპურ „ქოცად“, პლუს მას არჩევნებში ექნება ადმინისტრაციული რესურსის მხარდაჭერაც. სხვანაირად საქართველოში არჩევნები ვერ ჩატარებულა.

ცხადია, ოპოზიციას თავისთავად გაუჭირდება, ამას თუ დავამატებთ რომ ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველი მაინცდამაინც არ აქტიურობს, ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება კიდევ უფრო მეტ ფორას აძლევს სამთავრობო კანდიდატს.

ოპოზიციაში ახალ იდეას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. მეტიც, ვერ ვხედავ რომ მათ დაიწყეს საერთოდ, საარჩევნო კამპანია. სამწუხაროდ, დამკვიდრდა ტრადიცია, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება გარბის ბრიუსელში ან ბრიუსელიდან ჩამოსულ სტუმართან მიდის და აბეზღებენ ერთმანეთს – ამან ეს გააფუჭა და ა.შ. ხალხთან ნაკლებად მუშაობენ. აშკარაა, რომ რეგიონებში არ გადიან, ამასობაში დრო მიდის.

„ოცნებას“ თუ აქვს საკმარისი ჭკუა, შეეცდება, რომ არჩევნები ჩაატაროს წესიერად და არავის არ მისცეს სალაპარაკო, რადგან ოცნებას აქვს შანსი მოიგოს ეს არჩევნები ოპოზიციის პასიურობის და იმ ფონზე, რომ ოპოზიცია არ მუშაობს ხალხთან. ეს თავის დროზე კარგად გამოსდიოდა სააკაშვილს, რომელიც დღეს აქ არ არის. 2018 წელს კარგად იმუშავა, საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოსახლეობასთან გრიგოლ ვაშაძემ. ფაქტობრივად მთელი საქართველო მოიარა და ამით დადო შედეგი, როდესაც კინაღამ დაამარცხა სალომე ზურაბიშვილი. ეს დღეს არ ჩანს.

ოპოზიციაში ძალიან ბევრს ვერ გაურკვევია, რომ არჩევნებში ხმას ხალხი აძლევს და არა ბრიუსელის ჩინოვნიკები. როგორც ჩანს, მიაჩნიათ რომ მნიშვნელოვანია თითი დაუქნიონ “ოცნებას” ბრიუსელიდან ან ვაშინგტონიდან.

შეკითხვაზე, ვინ არის დღეს პოლიტიკურ ველზე მესამე ძალა და მთავარი აქტორი, თორნიკე შარაშენიძე ასე პასუხობს:

“რასაც ვუყურებ, გახარია მუშაობს ჭკვიანურად. მისი გუნდის წევრები ტოვებენ კომპეტენტური ადამიანების შთაბეჭდილებას, ცდილობენ არ ჩაერთონ ამ დაკადაკაში, რომელიც გამართული აქვთ ტრადიციულ ოპოზიციასა და ოცნებას. ისინი ცდილობენ ისაუბრონ საქმეზე და ასეთი მიდგომა ვფიქრობ, თავის შედეგს გამოიღებს”, – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.

რაც შეეხება პარლამენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის კვლავ ვერ არჩევას, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისთვის უკეთესი იქნებოდა ცესკოს თავმჯდომარის არჩევა უფრო ფართო ფორმატში მომხდარიყო.

“არა მხოლოდ პარლამენტში კენჭისყრებით, რომელიც ჯერჯერობით ჩავარდნილია, არამედ ყოფილიყო უფრო მეტი განხილვები და შეხვედრები სხვადასხვა პოლიტოლოგებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რაც ნაკლებად ხდება და ცუდია. ყველა არჩევნები საკმაოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ თავად ხელისუფლებას უნდა აწყობდეს, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ და შეძლებისდაგვარად კონსენსუსის საფუძველზე აირჩიოს ცესკოს თავმჯდომარე, მე არ ვიცი, რატომ არ აკეთებენ, ეს მათ უნდა ჰკითხოთ”, – განაცხადა შარაშენიძემ.