LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე, თორნიკე შენგელია, ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან” – კალათბურთელი თავის გადაწყვეტილებას განმარტავს

224
1594369564-bbb193cd-kzt5cize5eonalkqeg-daq-e1594311079151-625x375

კალათბურთელი თორნიკე შენგელია, მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, სოციალურ ქსელში კრიტიკას პასუხობს და  თავის გადაწყვეტილებას განმარტავს.

“დასაწყისშივე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ამ განცხადებას არ ვაკეთებ იმისთვის, რომ ვინმესთან თავი ვიმართლო. რთულია ავუხსნა იმ ადამიანს რაიმე, როცა არაფრის მოსმენა არ სურს და მისი დაფიქსირებული აზრის შეცვლას არც კი განიხილავს.

ვერ ავუხსნი ამ ადამიანს, თუ რა შეგრძნება მეუფლებოდა, როცა 10-11 წლის ვიყავი და საქართველოს ნაკრების თამაშზე აჟღერებული ჰიმნის დროს ტრიბუნებიდან თვალებდახუჭული ფეხზე ვიდექი და ჩემი თავი მოედანზე მოთამაშეებს შორის წარმომედგინა.

ვერ ავუხსნი ამ ადამიანს, თუ რას ნიშნავს ჩემთვის, საქართველოს ნაკრების თამაშის ტელევიზორიდან ყურება და რა საშინელი შეგრძნებაა, როცა შენი კარიერის პიკში ყოფნის დროს შენს ნაკრებს და ქვეყანას ვერ ეხმარები იმიტომ, რომ ეს მესამე და მეოთხე მხარემ გადაწყვიტა.

ვერც იმას ავუხსნი, რამხელა სიხარული და ბედნიერება განვიცადე სულ რამოდენიმე დღის წინ, როცა ესპანეთის ჩემპიონი გავხდი და მომეცა შესაძლებლობა, ქართული დროშა ამეფრიალებინა!

ვერც იმას მიხვდება, რომ ევროპის ერთ ერთ საუკეთესო გუნდში გადასვლით მეტი მოგების შესაძლებლობები მომეცემა, რაც მეტი ჩვენი დროშის ფრიალს ნიშნავს.

ვერც იმას გაიგებს, თუ რამხელა ბედნიერებაა როდესაც ევროპის ერთ ერთი საუკეთესო გუნდი პატივს სცემს ჩემს პატრიოტიზმს და შესაძლებლობას მაძლევს, ნაკრების ყველა თამაშზე ჩამოვიდე ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის წინ წასაწევად გამარჯვებისაკენ.

და ვერც იმას ამიხსნით მე, თუ რამხელა ტკივილია, როდესაც ჩვენი ქვეყანა ჩვენს გმირებს კარგავს, იმიტომ რომ მე ამის ახსნა არ მჭირდება, ეს მე კარგად ვიცი და ისიც ვიცი, რომ თქვენც კარგად იცით, რომ მე ეს ვიცი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე, თორნიკე შენგელია, ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან, სანამ სული მიდგას და ამას ვერ შეცვლის ვერც ერთის გაკეთებული კომენტარი თუ განცხადება!

ყველაზე მშვიდად გავივლი ამ განსაცდელს, იმიტომ, რომ ჩემს გვერდით ღმერთი დგას. მხოლოდ მის წინაშე ვარ პასუხისმგებელი და მან კი ნამდვილად იცის, თუ ვინ ვარ მე,”- წერს თორნიკე შენგელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები