LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,თქვენ მე მიმიღეთ თქვენს ქვეყანაში და დღეს მე ვალს გიბრუნებთ” – კორონას ეპიდემიის დროს მომხდარი ყველაზე ემოციური ამბები

16940
page

კორონავირუსის გამო მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი კარანტინშია. ვირუსმა შეცვალა ადამიანების ყოველდღიურობა და ცხოვრების წესი. ყველასთვის მძიმე დროს აუცილებელია ფიქრი კარგ ამბებზეც. წარმოგიდგენთ რამოდენიმე ისტორიას, რომელიც ფართო საზოგადოებამ სოციალური ქსელების საშუალებით გაიგო და რომლებიც ალბათ ვერავის დატოვებს გულგრილს. ასეთი ისტორიები პოზიტიურ განწყობაზე გვაყენებს და გვაძლევს იმედს, რომ ყველაფერი კარგად იქნება…

იტალიაში არსებული კრიზისული ვითარების ფონზე ჯანდაცვის სისტემას პენსიაზე გასული ექიმები და ექთნები შეუერთდნენ, რომლებიც მოხალისეებად გამოვიდნენ. მათ შორის არის ლეგენდარული იტალიელი ანესთეზიოლოგი ჯამპიერო გირონი, რომელიც ქვეყანაში ჩატარებულ გულის პირველ ტრანსპლანტაციაში მონაწილეობდა. 85 წლის ექიმმა გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო. “მათ დამირეკეს და ვუთხარი, რომ თანახმა ვარ დაბრუნებაზე. მე ექიმი ვარ, ფიცი დავდე. კარგად მესმის, რომ ჩემი ასაკის გამო რისკ-ჯგუფში ვარ, მაგრამ თუ იმის გეშინია, რომ დაავადდები, ექიმი არ უნდა გახდე.”- განაცხადა გირონმა.

არაბი ემიგრანტი, რომლეიც 10 წელია იტალიაში ცხოვრობს და ხილ-ბოსტნეულის მაღაზიას ფლობს, პროდუქტებს უფასოდ გასცემს. ,,თქვენ მე მიმიღეთ თქვენს ქვეყანაში და დღეს მე ვალს გიბრუნებთ“- ვკითხულობთ მაღაზიასთან გამოკრულ ბანერზე.

კანადელ მოქალაქეს, რობინ სტივენსონს, რომლის ოჯახიც მოგზაურობის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ერთ დღეს კართან პროდუქტით სავსე პარკები დახვდა. რობინის განცხადებით, პროდუქტი მათ მეზობლებმა აჩუქეს, ლტოლვილებმა, რომელთა კანადაში ჩამოყვანაც 2016 წელს სტივენსონების ოჯახმა დაასპონსორა.

ამერიკელმა მცირე მეწარმემ ჯეისონ ბერეტმა, რომელიც ბურბონს აწარმოებდა, საწარმო რამოდენიმე დღეში სადეზინფექციო ხსნარების მწარმოებლად გადააწყო. ბერეტის მიერ გამოშვებული პირველი 4300 ბოთლი სადეზინფექციო ხსნარი საჩუქრად გადაეცა როჩესტერის ჰოსპიტალს და მის პერსონალს: ექიმებს, ექთნებს და სანიტრებს.

ტვიტერის მომხმარებელმა ჯოშ ანდერსონმა თავის მიმდევრებს თავისი მეექვსე კლასელი გოგონას და მისი მასწავლებლის ისტორია მოუთხრო. გოგონამ მათემატიკის მასწავლებელს შეტყობინება გაუგზავნა და დავალების შესრულებაში დახმარება სთხოვა. მასწავლებელი, რომელიც მეზობლად ცხოვრობს, ანდერსონების სახლთან მივიდა და ფანჯრის მეორე მხარეს გაკვეთილი ჩაატარა.

ნეპალური რესტორანი ქვეყანაში ჩარჩენილ ტურისტებს, რომლებსაც ფული აღარ აქვთ, უფასო ლანჩს და ვახშამს სთავაზობს.

9 წლის ოსტინმა რიჯფილდიდან, რომელიც ვიოლინოზე უკრავს, თანამემამულეებს უჩვეულო შეთავაზებით მიმართა. რიჯფილდში მცხოვრებ იმ ადამიანებს, ვისაც დაბადების დღე კარანტინის პერიოდში აქვთ, შეუძლიათ ოსტინს დაუკავშირდნენ, ის კი მათ ფანჯრებთან მივა და ვიოლინოზე შეასრულებს როგორც ტრადიციულ Happy Birthday-ის, ასევე სხვა რამოდენიმე ნაწარმოებს. 9 წლის მევიოლინის თქმით, ყველა ადამიანი მხიარულ დაბადების დღეს იმსახურებს და ასეთი გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო.

ლოს-ანჯელესელმა ბაბუამ კარანტინში მყოფი მოწყენილი შვილიშვილების გასამხიარულებლად თმა იისფრად შეიღება.

“ტვიტერის” ერთ-ერთი იუზერი სოციალურ ქსელში თავისი დიდი ბაბუის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც არსებული ვითარების მიუხედავადაც ყოველდღე სტუმრობს თავშესაფარში მყოფ მეუღლეს. ქალბატონს ალცჰაიმერის დაავადება აქვს, ამიტომ სპეციალურ დაწესებულებაში ცხოვრობს. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შიგნით შესვლა არ შეიძლება, თუმცა ბაბუა ასეც ახერხებს მეუღლისათვის სიყვარულის ჩვენებას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები