LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენ, ვინც ივანიშვილს მიეცით ხმა, მან გიღალატათ – ისიც კი გარბის, როგორც უკანასკნელი ვირთხა: უგულავა

92
უგულავა გიგი

ივანიშილის წასვლა, როდესაც ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისია, უკიდურესი უპასუხიმგებლობა და სისუსტის გამოვლინებაა, – ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნებზე, მოსახლეობამ 41 ნომერი შემოხაზა ბიძინა ივანიშვილის და არა, რომელიმე სხვა ახალი თუ ძველი სახის გამო, ხოლო მისი წასვლის შემდეგ, ლეგიტიმაციის პრობლემა კიდევ უფრო მეტად დგება.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის

“ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს წარადგენენ

მან ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილის ამ ნაბიჯით, დღეს ქვეყანა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან კიდევ უფრო ახლოსაა.

”სინამდვილეში, ქართველმა ხალხმა არჩევნებზე ვირთხის წელიწადში გამოუტანა წირვა ბიძინა ივანიშვილს, მან იჭირვეულა და ეხლა უკვე ხარის წელიწადს გადაწყვიტა წასვლა, როგორც ხარმა, მაგრამ არსი არ შეცვლილა. ის დამარცხდა არჩევნებზე, როგორც ვირთხა და შემდეგ ძალაუფლება მიისაკუთრა. ამრიგად, დღევანდელი წერილი არსებითად არაფერს არ ცვლის.

მე შორს ვარ იმ კოსნპირაციისგან, რომ დავიწყო იმის თქმა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავს გვაჩვენებს თუ მართლა მიდის. თავისთავად ცხადია, რომ სანამ მორიგი მთავარი პროკურორი შოთაძე ან მურუსიძე მისაღებში იდგება სქელი საქაღალდეებით თუ, ვინ დაიჭირონ და ვინ გამოუშვან ციხიდან, ძალაუფლება ისევ ივანიშვილის ხელში იქნება.  ამ თვალსაზრისით, რათქმაუნდა, არაფერი არ შეიცვლება და ნურანაირ ილუზიას ნუ შევიქმნით, ამიტომ, ივანიშვილის დღევანდელი განაცხადი არის უკიდურესი უპასუხისმგებლობის და სისუსტის გამოვლინება.

უპასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანას 8 წელიწადი მართავ მილიარდერი და შენი მმართველობის შემდეგ, გასამმაგებული ვალი რჩება ქვეყანას, ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს. უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, როდესაც შენი მმართელობის დროს, პრაქტიკულად, 2,5-ჯერ დევალირდა ეროვნული ვალუტა, რამაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გააღარიბა და უბედურ დღეში ჩააგდო. უკიდრესი უპასუხისმგებლობაა და სისუსტეა, როდესაც გარბიხარ, მაშინ როდესაც ქვეყანაში პანდემიაა და პასუხისმგებლობა შენზე და შენს მიერ მოყვანილ ადამიანებზეა”. -აღნიშნა მან.

უგულავამ შეშფოთება გამოთქვა, რომ უპასუხისმგებლობისა და სისუსტის გამოვლინებაა, როდესაც ქვეყანას კრიმინალი ძიძგნის. ამ დროს კი, ბიძინა ივანიშვილი ფეისბუქ სტატუსით იპარება.

”მინდა ვუთხრა ქართული ოცნების ამომრჩევლებს, ჩვენ ბევრ რამეში ვერ ვთანხმდებით, განსხვავებული პოზიცია გვაქვს, მაგრამ ერთი რამე არის უდაო, რომ თქვენ ვინც 31 ოქტომბერს 41 ნომერი შემოხაზეთ, ის არ შემოგიხაზავთ კობახიძის, ელისო ბოლქვაძის თუ ქართული ოცნების რომელიმე ახალი თუ ძველი სახის გამო, თქვენ 41 შემოხაზეთ ბიძინა ივანიშვილის გამო. შესაბამისად, ამ პარლამენტს, რომელიც დღეს ერთპარტიულია, ისედაც ლეგიტიმაციის პრობლემები აქვს და თუნდაც მოჩვენებითი თუ რეალური თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ლეგიტიმაციის პრობლემა კიდევ ათჯერ თუ ასჯერ უფრო მწვავედ დგება. შესაბამისად, ჩვენ კიდევ უფრო ახლოს ვართ რიგგარშე საპარლამენტო არჩევნებთან. თქვენ, ვინც ივანიშვილს მიეცით ხმა, მან გიღალატათ, პანდემიის წინაშე დაგტოვათ, ამ ხროვის წინაშე, რომელსაც არასდროს არაფერი არ გაუკეთებია და 8 წელიწადშიც კი ვერაფერი ისწავლა.

თქვენ ივანიშვილმა გაგწირათ, მოგატყუათ და დაგიტოვათ ეს ერთპარტიული პარლამენტი. თუ რაიმე დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ იმ ლოგორეადან და მე იმ წერილს სხვა ვერაფერს ვერ ვეძახი, ის მხოლოდ ივანიშვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მეტყველებს, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს სამჯერ ციტირებ დ საუბრობ როგორ კარგ ოპოზიციას შექმნიდი, თითქოს რაიმე სტანდარტი შექმნა ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

დები იშხნელების სიმღერით დავამთავროთ “არ დაიჯერო, არ დაიჯერო” – ნათელაშვილი ივანიშვილზე

დღეს საქართველოს ჰყავს ოპოზიცია, რომელსაც მიუხედავად 8 წლიანი დაუღალავი შრომისა და წვალებისა ივანიშვილი ვერ აკონტროლებს. ამიტომ, დღვანდელი დღე თუ რაიმეთი იქნება აღსანიშნავი, იქნება მხოლოდ ერთით, ეს იქნება კიდევ უფრო მიახლოვება კრიზისის განმუხტვასთან, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან, რადგან თუ ვინმემ მიეცით ხმა ქართულ ოცნებას, ისიც კი
გარბის, როგორც უკანასკნელი ვირთხა.

ამრიგად, დავსხდეთ და დავიწყოთ საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ერთადერთ ლეგიტიმურ გამოსავალზე”. – განაცხადა, უგულავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები