LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ბიძინა, პრემიერო და პარლამენტის თავმჯდომარევ” – პატრიარქმა მთავრობის მილოცვები მიიღო

282
aergfd

სიონის საკატედრო ტაძარში მიიღო მილოცვები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა. ილია მეორეს დღეს აღსაყდრებიდან 42 წელი შეუსრულდა. ერის სულიერ მოძღვარს დღევანდელი დღე საქართველოს მთავრობის მეთაურებმა ტაძარში მისვლით და სიტყვით გამოსვლით მიულოცეს. ერთ-ერთი პირველი იყო ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, განსაკუთრებით დაბნეულობის დროს, გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

“მოგეხსენებათ, როგორი რთული იყო ბოლო პერიოდი. უამრავი განსაცდელი გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ. უდიდესია პატრიარქის წვლილი, როცა დაბნეულები ვიყავით. ის ყოველთვის ჩვენი დიდი საყრდენი იყო. მოგეხსენებათ, დღეს ჩვენი ყოფითი თუ სულიერი ცხოვრება არის რთული.

ჩვენ გვჭირდება ორგანიზებული და გააზრებული მართვა, როგორც სახელმწიფოს ისე ეკლესიას, რომ ჩვენი ქვეყანა წარმატებისკენ წავიყვანოთ. ბედნიერია ჩვენი ქვეყანა ასეთი პატრიარქი რომ ჰყავს.” – განაცხადა ბძინა ივანიშვილმა.

პარტიის ლიდერის შემდეგ, პატრიარქს აღსაყდრებიდან 42 წელი მიულოცა საქართველოს პრემიერ მინისტრმა და რამდენიმეწუთიან მისალოც სიტყვაში  “ღვაწლი” იმდენჯერ ახსენა, შემდგომ გამომსვლელ პარლამენტის თავმჯდომარეს მოერიდა კიდევაც ამ სიტყვის ხსენება.

გიორგი გახარიამ მთავრობის სახელით მიულოცა ილია მეორეს დღევანდელი დღე და უსურვა, რომ ბევრი წელი “მწყემსოს ჩვენი ქვეყანა”.

დღეს პატრიარქის აღსაყდრების დღეა

პატრიარქის წინაშე დაბნეული ჩანდა არჩილ თალაკვაძე, რომელმაც ჯერ ოჯახის სახელით მიულოცა აღსაყდრება, შემდეგ ქართული ტრადიციების განმტკიცების საქმეში მისი როლი გაიხსენა და ბოლოს, ღმერთს მადლობა გადაუხადა ყველაფერი მოგვარდაო.

მილოცვების შემდეგ პატრიარქმა საპატიო სტუმრებს მადლობა გადაუხადა და დალოცა.

“თქვენო აღმატებულებავ ბატონო ბიძინა, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, დღეს ნამდვილად არის ისტორიული დღე, ეს არის ღვთის დიდი წყალობა, ღვთის მადლი, რომელიც მოგვფინა ჩვენ ყველას.

მადლობელი ვარ ღვთისა და ჩვენი ერისა, რომ მომეცა საშუალება შემესრულებინა ეს საქმე, ჩვენი ერი ღვთისაგან დაჯილდოებულია სიყვარულით და ამ სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ. სიყვარულზე სიძულვილით არ უნდა ვუპასუხოთ. მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისთვის. დალოცვილი იყავით “,- ბრძანა პატრიარქმა.

სამადლობელო სიტყვის დასრულების შემდეგ, პატრიარქმა მთავრობის მესვეურებს ნაკურთხი წყალი აპკურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები