LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ ჩვენ მთელ ცხოვრებას ბავშვს მივუძღვნით, ისე რომ საკუთარ პირადს დავივიწყებთ, ის ეჩვევა რომ არის სამყაროს ცენტრი”

3718
fsiqologi-news343435

რას ნიშნავს იყო მშობელი, როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს ბავშვი ეგოისტად და როგორ ვუთხრათ ბავშვს უარი – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში ,,7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა თიკა ფანცულაიამ ისაუბრა.

„მშობლები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ერთნი მთელ ცხოვრებას შვილებს უძღვნიან და საკუთარი თავი ავიწყდებათ, იწყებენ მათ მაგივრად „სუნთქვას”, “ჭამას“. თითქოს მათში დებენ ყველაფერს და შემდეგ ინვესტიციის უკან დაბრუნებას ელოდებიან. ეს არის მშობლის ეგოისტური მოლოდინი „მე შენთვის ყველაფერი გავაკეთე, შენ რითი მიხდი”, უკვე ზრდასრული შვილების შემყურე იმედგაცრუებულები რჩებიან. 

ემოციური მხარდაჭერის კომპენსირებას მშობლები საჩუქრებით ცდილობენ, ამით თითქოს საკუთარი დანაშაულის გამოსყიდვას ახერხებენ, რითაც ახალისებენ ბავშვის  კაპრიზულ  ქცევას, ამ დროს მშობლები მართულები არიან ბავშვის მხრიდან. ემოციურ კავშირს არ სჭირდება დიდი დრო, ემოციური კავშირი არის სწორი მესიჯის მიწოდება ბავშვისთვის  – “მე შენს გვერდით ვარ“.

ბავშვებში ეგოიზმის სხვადასხვა ფორმა არსებობს, რომლებსაც მანიპულაციური ქცევა უსწრებს წინ. არსებობენ ჭირვეული ბავშვები, რომლებიც საკუთარი თავის შეცოდებით ცდილობენ თავი დაიმკვიდრონ და ზემოქმედება მოახდინონ მშობლებზე. ამ დროს მშობლებს აქვთ დანაშაულის განცდა და სწორედ ასე ყალიბდება მანიპულაციური ქცევა.

როცა ბავშვი ეჩვევა მანიპულაციურ ქცევას, მშობლები ხშირად ვერ ახერხებენ ქცევის შეცვლას, არსებობენ ნარცისული ქცევის ბავშვები, რომლებსაც ჰქონიათ რომ სამყარო მათ გარშემო ტრიალებს. ესეც მშობლის დამსახურებაა. როდესაც ბავშვმა არ იცის, რისთვის აქებენ, რისთვის არის სხვაზე უკეთესი, მას უყალიბდება სწორედ ნარცისული ქცევა.

ხშირად მშობლები ამჩნევენ, რომ ბავშვს აქვს ისტერიული ქცევა და ვერაფერს უხერხებენ, ესეც ნარცისული მოდელია. როდესაც ფიგურირებსმე მინდა”, ამ დროს ბავშვმა იცის, რომ საკუთარი თავის შეცოდებით ან ისტერიული ქცევით, ამმინდას” აისრულებს.

როგორ უნდა ვუთხრათ ბავშვს უარი?

“არას” გარეშე შვილს ვერ გაზრდით, მაგრამ მნიშვნელოვანია როგორ გააკეთებთ ამას. ბავშვისთვის “არა”არ არის საკმარისი პასუხი და ის მოითხოვს ახსნას. მაგალითად, “არას” ვამბობთ იმიტომ, რომ ეს არის ბავშვის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისთვის საშიში, ან ვერ ვახერხებთ მისი სურვილის შესრულებას მატერიალურად. ხშირად ეს პროცესი რთულია საჩუქრებთან მიმართებაში, მაგრამ უნდა შეძლოთ.

მშობელი არ უნდა იყოს შვილის მანიპულაციური ქცევის გავლენის ქვეშ. ხშირად ბავშვები ერევიან მშობლების გადაწყვეტილებაში, ძალიან რთულია მშობელმა თავი გაართვას შვილში გაზრდილ ეგოიზმს. მნიშვნელოვანია ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, რომ თუ ჩვენ მთელ ცხოვრებას ბავშვს მივუძღვით, ისე რომ საკუთარ პირადს დავივიწყებთ, ის ეჩვევა რომ არის სამყაროს ცენტრი და შემდგომ მშობლის პირადულ გადაწყვეტილებას შეიძლება შეეწინააღმდეგოს.

მშობლობა არ ნიშნავს, იცხოვროთ მხოლოდ და მხოლოდ შვილებისთვის.

მშობლობა არ ნიშნავს, იყოთ რაღაცისთვის თავმიძღვნილი და შემდომ აყვედროთ საკუთარ შვილებს, რომ მათთვის იცხოვრეთ.

მშობლობა არ ნიშნავს, რომ როდესაც მშობელი ხდები, შენს პირად ცხოვრებაზე უარი უნდა თქვა.

მშობლობა ნიშნავს, საკუთარი ცხოვრებისთვის გამოყოთ დრო, თქვენ პასუხისმგებელი ხართ, იყოთ ბედნიერი, გქონდეთ საკუთარი პირადი ცხოვრება და ამავდროულად იყოთ მშობელი.

კარგი მშობელი არ არსებობს, არსებობს შედარებით კარგი მშობელი, ყველა ვარიანტში დაუშვებთ შეცდომებს, მთავარია ამის გაანალიზება”.