LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ 3,5 მილიონ მოსახლეზე 500 ინფიცირებულია, მაშინ ქვეყანა უნდა გუგუნებდეს და მანქანით გადაადგილების შეზღუდვა ნონსენსია – კოტე მათითაშვილი „სტუმრად ექიმთან“

70559
doctor-matita-news28

გადაცემის ლაივი LIVE

Covid-19-ის მკურნალობის ქართული გაიდლაინზე გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან” პლასტიკურმა ქირურგმა კოტე მათითაშვილმა ისაუბრა.

– ბატონო კოტე, არ შემიძლია გვერდი ავუარო  კითხვას  პრეპარატ „პლაქვენილის“შესახებ.  მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ ხართ ექიმი ინფექციონისტი და ეს თქვენი სფერო არ არის, თქვენ ძალიან აქტიურად ხართ ჩართული ქართულ სამედიცინო ცხოვრებაში.  ამ პრეპარატთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი  პოზიციები არსებობს.  ერთის მხრივ,  უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმები აცხადებენ,  რომ მათ აქვთ რეკომენაცია – არ გამოიყენონ ეს პრეპარატი.  მათ შორის არის აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი,  რომლის თქმითაც,  აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა ექიმებს არ მისცა რეკომენდაცია ამ პრეპარატის გამოყენებაზე, მათ შორის არც ისეთ მძიმე პაციენტებში, რომლებსაც სუნთქვის პრობლემები აქვთ.  მეორეს მხრივ, ბატონმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ იმ რამოდენიმე პოტენციურ პრეპარატს შორის, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას მძიმე კოვიდინფიცირებულებში, „პლაქვენილი“ არის ერთადერთი, რომლის გამოყენებაზეც რეკომენდაცია გასცა აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების კონტროლის  ცენტრმა.  რა ინფორმაციის მიხედვით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რას უნდა ვენდოთ, როდესაც ურთიერთგამომრიცხავი  განცხადებები კეთდება ამ პრეპარატის შესახებ? ეს იმის ფონზე, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს მკურნალობის თავისი გაიდლაინი და ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში დიდია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და შედეგები ბევრად კარგია.

დიდი მადლობა იმისათვის, რომ მომეცით საშუალება ჩემი აზრი დავაფიქსირო ამ გლობალურ პრობლემასთან დაკავშირებით.  რაც შეეხება მედიკამენტურ მკურნალობას და არსებულ გაურკვევლობას თუნდაც „პლაქვენილზე“,  როგორც აღნიშნეთ, მე ამ დარგის წარმომადგენელი არ ვარ და არ მაქვს პრეტენზია თავი გამოვიჩინო იმ ინფორმაციით, რომელიც მაქვს ამასთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც ადამიანი, რომელიც თვალყურს ადევნებს ამ პროცესებს, პირდაპირ გეტყვით: ჩემი აზრით,  ახალი ველოსიპედის გამოგონების მცდელობა,  საუბარი იმაზე რომ საქართველოში არის რაღაც განსაკუთრებული  გენი ან იმაზე საუბარი, რომ აქ განსაკუთრებით მოქმედებს ესა თუ ის პრეპარატი და ჩვენ გვაქვს ქართული გაიდლაინები, რომელთა შესაბამისადაც მოქმედებენ ექიმები, ცოტა გაუგებარია.  არსებობს მიმართულებები, სადაც ჩვენზე წინ წასულმა ქვეყნებმა გაიარეს ის ეტაპები სადაც ჩვენ ვართ,  ჩვენზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებს, გამომდინარე შემთხვევების რაოდენობიდან დაუგროვდათ  ბევრად დიდი გამოცდილება და მასალა და მათ ვერ შევედავებით იმ მწირ მონაცემებსა და კვლევებზე დაყრდნობით, რაც საქართველოში გვაქვს. რასაკვირველია ძალიან კარგია, რომ საქართველოში ამდენი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა ამ ეტაპზე, მაგრამ აკადემიური თვალსაზრისით ე.წ ქართული პროტოკოლი და გაიდლაინი ჩემი აზრით ხმამაღალი და ნაადრევი ნათქვამია. მოდით, მივყვეთ ცივილიზებულ, დასავლურ სამყაროს და გავიზიაროთ მათი გამოცდილება. ამ ყველაფრის კვლევას, ბუნებრივია წლები დასჭირდება და საბოლოოდ მერე დადგინდება რომელი გზა იყო სწორი. თუმცა ჩემი აზრით თუ დღეს აშშ-მა, ანუ  მარტივად რომ ვთქვათ, მსოფლიოს უმძლავრესმა სამედიცინო კორპორაციამ „პლაქვენილზე“ ძირითად შემთხვევებში უარი თქვა და ევროპაშიც არის საუბარი იმაზე, რომ ეს არ არის წამყვანი პრეპარატი კორონავირუსის წინააღმდეგ, საქართველოში საუბარი ქართულ გენოტიპზე, ახლის ძიებაზე  და ახალ ხედვებზე  ჩემთვის ცოტა ეჭვებს ბადებს.  ჩემი აზრით ახლის ძიება მოცემულ ვითარებაში ძალიან ნაადრევია. თუმცა ინფორმაცია, რაც გვაქვს ჩვენ ჩვენი კოლეგებისაგან, ინფექციონისტების და ვირუსოლოგებისაგან,  არის ის, რომ  გვაქვს ძალიან კარგი შედეგები, ცოტა ინფიცირებული, ბევრი გამოჯანმრთელებული და ეს ძალიან კარგია. მაგრამ გავიმეორებ – ჩემი აზრით სიახლეების ძიება ახლა ძალიან ნაადრევი და არასწორია.

 

– მინდა გკითხოთ შეზღუდვებთან დაკავშირებითაც. დღეიდან შეზღუდვების ნაწილი  უკვე მოიხსნა, თუმცა იყო საუბარი იმაზეც, რომ თუ ვითარება გართულდა, შეიძლება ეს შეზღუდვები ისევ დაწესდეს. გვითხარით, თქვენი აზრით რა უნდა იყოს სამედიცინო სარჩული იმისათვის, რომ ვისაუბროთ შეზღუდვების გამკაცრებაზე ან მოხსნაზე?

ეს ძალიან რთული კითხვაა, მაგრამ ვეცდები გიპასუხოთ. ჩვენი დღევანდელი რეალობა არაფრისმთქმელია. ჩვენ ვიცით, რომ რაღაც სტატისტიკით,  რომელიც შეიძლება სათუოა, იმიტომ რომ ქვეყანაში დიდი ოდენობით ტესტირება არ მიმდინარეობს, გვაქვს რაღაც მონაცემი. აგრესიული ტესტირება მხოლოდ  რამდენიმე დღეა, რაც დაიწყო.  თუ ქვეყანაში არ მიდის მასიური კვლევა დ აგრესიული ტესტირება, ჩემთვის ეს სტატისტიკა არაფრის მთქმელია, რადგან არ ვიცით რეალურად რამდენია დაავადებული, რამდენია უსიმპტომო, მძიმე ან მსუბუქი პაციენტი. მე ვერ ვხედავ ინფორმაციას დეტალურად.  ყველა ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდიან მთავრობის წარმომადგენლები თუ ჩემი კოლეგები, არის ზოგადი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ვირუსი გადავლახეთ, ეს ძალიან არასწორი იქნება. გუშინ ბატონმა ამირანმაც თქვა და სრულიად ვეთანხმები იმაში, რომ არსებული სტატისტიკა არ ნიშნავს იმას, რომ „ჩვენ ეს ვირუსი გადავლახეთ და მაგრები ვართ“. უმჯობესია დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. თუ დღეს ჩვენ გვაქვს ეპიდემიის გავრცელების „პლატო“ დიაგრამაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს არ შეიძლება შეიცვალოს 5 ან 10 დღეში. ამიტომ უნდა დაველოდოთ მოვლენების  განვითარებას. მე იმედი მაქვს, რომ  უახლოეს  დღეებში  საგრძნობლად  გაიზრდება ტესტების რაოდენობა, მათ შორის ე.წ. „მოწყვლად“ ჯგუფებში.  როდესაც მოხდება მოსახლეობის დიდი ოდენობის კვლევა, სტატისტიკა იქნება უკვე რეალური.  არსებული სტატისტიკა რასაკვირველია შესანიშნავია, 517 დადასტურებული შემთხვევა, აქედან ძალიან დიდი პროცენტი გამოჯანმრთელებულების და დაბალი ლეტალობა, ეს ძალიან კარგია და ამას უდავოდ მივესალმები, მივესალმები ჩემს კოლეგებს, რომლებიც ამ ბრძოლაში არიან ჩართული ნებისმიერ ეტაპზე, თუმცა დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა.

ბოლო დროს მე ვხედავ,  რომ საზოგადოება ცოტა გათავისუფლდა იმის იმედად, რომ ჩვენ რაღაც ეტაპი გავიარეთ. კი ბატონო, ბევრი რამ გავაირეთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მოდუნების საფუძველი. მე არ ვარ მომხრე მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ ჩვენი ბევრი თანამოქალაქე ძალიან იჩაგრება და ეკონომიურად მძიმე ვითარებაშია, საზოგადოებას დღეს ძალიან უჭირს, ამიტომ არ ვარ უკიდურესი ფორმების მომხრე. თუმცა საზოგადოებამ არ უნდა დაივიწყოს, რომ ვირუსი ჩვენ ჯერ გვებრძვის და ყველაფერი წინ არის, ამიტომ ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ერთმანეთს, დავიცვათ ფიზიკური და სოციალური დისტანცია, დავიცვათ სახლიდან გაუსვლელობის რეჟიმი, თუ არ არის აუცილებლობა. ერთიანად შეზრუდვების მოხსნა ნაადრევია, თუმცა ისეთი აბსურდული აკრძალვები, როგორიც თუნდაც მანქანით გადაადგილების აკრძალვა იყო, ჩემი აზრით სრულიად ზედმეტია. თუ ქვეყანა ვართ და ვეყრდნობით სტატისტიკას, თუ გვაქვს ინფორმაცია  სამედიცინო სივრცეებიდან და ვენდობით მას, პროცენტულად რომ ავიღოთ საქართველოს 3,5 მლნ მოსახლეზე 500 შემთხვევა ძალიან ცოტაა და ქვეყანა უნდა გუგუნებდეს. თუ მხოლოდ 500 ინფიცირებულია, მაშინ შეზღუდვები ნონსენსია. თუმცა რაკი არის შეზღუდვები, მივყვეთ მათ. ძალიან კარგია, რომ მოძრაობა აღდგა, რომ რეკრეაციული ზონები  გაიხსნება, სრულიად ვემხრობი ამ ცვლილებებს.  მე ელემენტარულად ეჭვი მაქვს, რომ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რაც რეალურად ხდება და არა მხოლოდ ჩვენ, ეს ინფორმაცია  არავის აქვს, არც ექიმებს, არც ეპიდემიოლოგებს და არც მთავრობას, იმიტომ რომ აგრესიული ტესტირება მხოლოდ 3 დღეა დაიწყო.

ამიტომ ვთვლი, რომ ჰიგიენის დაცვა, ხელების დაბანა და დისტანცირება უნდა იყოს საკმარისი ზომები ქვეყანაში. დანარჩენი კი, იქნება ეს მანქანებით გადაადგილების აკრძალვა, კომენდანტის საათი, რომლის დროსაც ხალხი მაინც დადის  გარეთ და ჯარიმდება არალოგიკურად მიმაჩნია.

აქვე მინდა დავამატო ერთი რამ. რამოდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩემი მეგობარი კოლეგების საერთო სურათი, რომელზე ჩემი აზრი მეც დავაფიქსირე. ისინი ერთად იდგნენ და პოზიტიურ ემოციებს გამოხატავდნენ, მაგრამ ჩემი აზრით, როდესაც საზოგადოებას მოუწოდებ, რომ დარჩნენ სახლში და დაიცვან დისტანცია და შემდეგ  ვხედავთ ადამიანების ამხელა ჯგუფს ერთად ცოტა საწყენია.  მე პირადად  გული დამწყდა და ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, თუმცა აქვე ვაფიქსირებ, რომ მე უდიდეს პატივს ვცემ ყველა ექიმს და სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელს, რომლებიც დღეს არსებულ ვითარებასთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები