LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის და მათი ოჯახებში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა, დაწესებულებაში მონიტორინგს განვახორციელებთ: ლომჯარია

36
lomjaria

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით დასმულ კითხვასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „თუ საპატრიარქოს წარმომადგენლებს სურვილი აქვთ სახალხო დამცველთან შეხვედრის, მათთან სასაუბროდ ღია არიან“.

მისივე თქმით, ბავშვები ძალიან დიდი წნეხის და ზეწოლის ქვეშ არიან.

„როდესაც ჩვენ დაწესებულებებში მონიტორინგს ვახორციელებთ, პირველი, რასაც ვაკეთებთ, ვხვდებით შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს ან დირექტორს.

შესაბამისად, როცა ჩვენ დაუგეგმავად განვახორციელებთ ამ მონიტორინგს, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმედი მაქვს, ამას ძალიან სწორად შეხვდება ახალი ხელმძღვანელობა. რა თქმა უნდა, მათაც გავესაუბრებით. ასევე, თუ აქვთ საპატრიარქოს წარმომადგენლებს სურვილი სახალხო დამცველთან შეხვედრის, ჩვენ არ ვართ დახურულები, მათთან სასაუბროდ ღია ვართ.

მე ყველა კონფესიის წარმომომადგენელს ვხვდებით და მითუმეტეს, ამ ვითარებაში არანაირი წინააღმდეგობა ჩემი მხრიდან არ იქნება. მე კიდევ ერთხელ, პირდაპირ ეთერში მივმართავ საპატრიარქოს, რომ სახალხო დამცველს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს და ბავშვების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს საკუთარი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა მიეცეს. იმედი მაქვს ამაზე დადებით პასუხს მივიღებ.

ეს იქნება პოზიტიური პირველ რიგში ბავშვებისთვის. ბავშვები ძალიან დიდი წნეხის და ზეწოლის ქვეშ არიან, ამიტომ, მოგვეცით მშვიდ გარემოში ჩვენი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა“, – აღნიშნავს ლომჯარია.

ლომჯარიას განცხადებით, თუ უახლოეს დღეებში ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის და მათი ოჯახებში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა, ომბუდსმენი დაწესებულებაში მონიტორინგს განახორციელებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბავშვები საკმაოდ სტრესულ გარემოში იმყოფებიან.

„ამ წუთას ჩემი მონიტორინგის ჯგუფი აჭარაში იმყოფება და სხვა ბავშვთა დაწესებულებებს ამონიტორინგებს. როდესაც ისინი დაბრუნდებიან, ვითარებას შევაფასებთ და ბავშვების საჭიროებებიდან გამომდინარე დავგეგმავთ“, – აღნიშნა ლომჯარიამ. 

დღესვე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ პანსიონიდან ბავშვების გაყვანა სპონტანურად ვერ მოხდება და საპატრიარქოსთან მოლაპარაკებას აგრძელებენ.

ცნობისთვის, პანსიონში ამ დრომდე 23 ბავშვი რჩება, რომლებიც სოციალური მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები