პარტია „ლელო საქართველოსთვის” მიმართავს „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირების პრინციპების განსაზღვრაში.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ თუ ,,ქართული ოცნება“ 3 ივლისამდე უარს იტყვის ამ ნაბიჯების გადადგმასა და ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებში ჩართვაზე, „ლელოს“ საქმიანობა პარლამენტსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება.

„23 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა შანსი, მიეღო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი. ამავე დროს, ევროკავშირმა ქართველ ხალხს უთხრა, რომ ხელისუფლების მიერ შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ევროპის კარი ღია რჩება. დღეს ჩვენი ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ 6 თვეში, როდესაც ევროპული საბჭო დაუბრუნდება კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს, საქართველომ მიაღწიოს წარმატებას და დაადგეს ევროკავშირში გაწევრიანების შეუქცევად გზას.

თუ დღეს ჩვენი საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი, ვერ იპოვის გამოსავალს შექმნილი კრიზისიდან, საფრთხე, რომ დეპოლარიზაციის ნაცვლად, ქვეყანაში გაღრმავდეს განხეთქილება და საქართველომ კიდევ ერთხელ და შესაძლოა, სამუდამოდ, დაკარგოს ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიული შანსი, რეალურია.

შესაბამისად, ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს: ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბების პრინციპების დაუყოვნებლივ განსაზღვრა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირება. ამის შემდეგ კი, სამოქმედო გეგმის დასახვა ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების შესასრულებლად და საგზაო რუკის შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.

შესაბამისად, მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, ერთმანეთზე პოლიტიკური თავდასხმის ნაცვლად, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირების პრინციპების განსაზღვრისა და შემდეგ, ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების კონკრეტული ნაბიჯების შესამუშავებლად.

აქვე ვაცხადებთ, რომ თუ „ქართული ოცნება“ უარს იტყვის ამ ნაბიჯების გადადგმასა და ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებში ჩართვაზე 3 ივლისამდე, „ლელო“ მიიჩნევს, რომ ჩვენი საქმიანობა პარლამენტსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების უზრუნველყოფა სცდება ვიწრო პარტიულ ინტერესებს, წარმოადგენს ეროვნულ ამოცანას და მოითხოვს ყველა პოლიტიკური სუბიექტისგან საკუთარ დღის წესრიგზე მაღლა დგომას. თუ პოლიტიკური პარტია, „ქართული ოცნება“ ამ ხედვას არ გაიზიარებს, იგნორირებას გაუკეთებს სამოქალაქო საზოგადოების და ხალხის მოთხოვნებს, პოლიტიკური პასუხისგებლობა მოვლენების შემდგომ განვითარებაზე სრულად ეკისრება მმართველ გუნდს“,- აღნიშნულია „ლელოს“ განცხადებაში.

იხილეთ ამავე თემაზე:

სამოქალაქო საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს

ვინ უერთდება და ვინ – არა მოძრაობის “შინ ევროპისკენ” მოთხოვნებს

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები