LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ “ქართულ ოცნებას” არ უნდა რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ყველაფერს გააკეთებს, ამინდი იქნება თუ ვანუატუზე ვულკანი ამოიფრქვევა: ზაქარეიშვილი

101
პაატა ზაქარეიშვილი

ევროკავშირს უფრო კარგად ესმის, რატომ სჭირდება ევროკავშირი საქართველოს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ  ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

“ივანიშვილი იცავს არა „ქართულ ოცნებას“ და რეჟიმს, არამედ მხოლოდ საკუთარ თავს” – აცხადებს ზაქარეიშვილი

როგორც მან აღნიშნა, 20 ივნისის ხალხმრავალმა საპროტესტო აქციამ „ქართული ოცნება“ ძალიან შეაშინა.

„ევროკავშირს უფრო კარგად ესმის, რატომ სჭირდება ევროკავშირი საქართველოს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. ხელისუფლების მთავარი იდეაფიქსია შეინარჩუნონ ძალაუფლება. ერთადერთი საშუალება არის მუდმივად იპოვონ მტრის ხატი. ამდენი ხნის განმავლობაში მტერი იყო ოპოზიცია და ახლა არის ომის საფრთხე. ისინი მხოლოდ მითებით და აჩრდილებით აპირებენ ქართული საზოგადოების „დაბოლებას“. ისინი ხედავენ, როგორ იოლად იკვებება ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ მითებით. იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციამ ეს მითები არგუმენტირებულად ანადგუროს, მისი მთავარი ამოცანაა ჩამოშალოს „ქართული ოცნება“.” – აცხადებს ზაქარეიშვილი.

მისი თქმით, თუ ქართულ ოცნებას არ უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება, ის ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

” ოპოზიციას დააბრალებს, ამინდი არ იქნება თუ ვანუატუზე ვულკანი ამოიფრქვევა. მაშინ აზრი არ აქვს მასთან თანამშრომლობას და არც წინააღმდეგობას, რადგან ის მაინც ჩააგდებს.” – აცხადებს ზაქარეიშვილი.

“მეორე ვარიანტია – მას იმდენად შეეშინდა, რომ ამ კანდიდატობის არ მიღებით შეიძლება მართლა ჩამოეშალოს ძალაუფლება, რომ რაღაც მინიმუმს დააკმაყოფილებს, კანდიდატობის სტატუსს მიიღებს და მერე გაწელავს. „ქართულ ოცნებას“ ახლა ძალიან უჭირს, ამიტომ ის ნელნელა „ყრის ბარტყებს“, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, არც ხელისუფლებისთვის და არც ოპოზიციისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა არ არის მიზანი. ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ორივესთვის ეს არის საშუალება, რათა „ერთმანეთი ჩამოაქციონ“.

ზაქარეიშვილის აზრით 6 თვიანი ვადა, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს მისცა, ამით მმართველ პარტიას მათ შეურაცხყოფა მიაყენეს. სურთ დაამცირონ და გადაუარონ.

“ევროკავშირში გაწევრიანების არცერთ კანდიდატს დედამიწის ზურგზე ეს არ უკადრებია გაწევრიანების ან კანდიდატობის მიღების წინ.” – აღნიშნავს ექსპერტი.

მისი თქმით თუ “ქართული ოცნება” მიხვდება, რომ სტატუსის არ მიღება მათ ძალაუფლებას საფრთხეს შეუქმნის, ისინი კანდიდატობაზე წავლენ.

„6 თვე რატომ მოგვცა ევროკავშირმა? იმიტომ, რომ 6 თვეში ვერაფერს მოვასწრებთ. წავიკითხოთ 12 პუნქტი და ვნახავთ, რომ მათი შესრულება შეუძლებელია 6 თვეში. ე.ი. მათ დოკუმენტი, გეგმა უნდოდათ და სხვა არაფერი. მათ უნდათ, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მიაყენონ, დაამცირონ და გადაუარონ. ევროკავშირში გაწევრიანების არცერთ კანდიდატს დედამიწის ზურგზე ეს არ უკადრებია გაწევრიანების ან კანდიდატობის მიღების წინ. თუ „ქართული ოცნება“ მიხვდება, რომ კანდიდატობის სტატუსის არ მიღება საფრთხეს უქმნის მათ ძალაუფლებას, ისინი კანდიდატობაზე წავლენ, შემდეგ კი „ბარტყს გადმოაგდებენ“ მომავლის იმედით, მაგრამ მომავალი მათ არ აქვთ, რადგან ძირგამომპალი ავტორიტარიზმი, სადაც ავტორიტარი ღრუბლებში არის დამალული, მმართველობის ძალიან სულელური ფორმაა. საბოლოო ჯამში, ივანიშვილი იცავს არა „ქართულ ოცნებას“ და რეჟიმს, არამედ მხოლოდ საკუთარ თავს“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლების პოლიტიკა „უფრო პრორუსულია, ვიდრე ნეიტრალური“.

“უსინდისოდ შემოაქვთ ომის თემა, რასაც არაფერი აქვს საერთო ამ ყველაფერთან. რუსეთის ხსენების ყველას ეშინია არა ომის გამო, როგორც ჩვენ, არამედ ნავთობის და გაზის ფასის გამო.” – აცხადებს ზაქარეიშვილი

„საქართველო თეთრი ლაქაა რუკაზე. არც იქით, არც აქეთ, თუმცა ასე არ გამოვა და საბოლოო ჯამში, რუსეთთან ხარ. ეს ყველაზე შემაშფოთებელია, რადგან საქართველო რუსეთს ყველაზე იაფი უჯდება. თუ სხვებს სჭირდება, რომ ფასი დაუკლოს ნავთობზე, მაგალითად სომხეთსა და ბელარუსს, საქართველოზე არავითარი ზემოქმედების ბერკეტი არ აქვს. ჩვენზე არ გადის ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის რუსული ნავთობი თუ გაზი – ჩვენ ვყიდულობთ აზერბაიჯანიდან. არ ვართ რუსეთზე დამოკიდებული და ამ დროს სამარცხვინოდ, უსინდისოდ შემოაქვთ ომის თემა, რასაც არაფერი აქვს საერთო ამ ყველაფერთან. რუსეთის ხსენების ყველას ეშინია არა ომის გამო, როგორც ჩვენ, არამედ ნავთობის და გაზის ფასის გამო. ყველა დამოკიდებულია რუსეთზე, ოღონდ არა ომით. ჩვენ ყველაზე ეფექტურად შეგვიძლია ვმართოთ ეს პროცესები და არ ვიყოთ აბსოლუტურად დამოკიდებული რუსეთზე, ამ დროს ომის ვსპეკულირებთ, რასაც საფუძველი არ გააჩნია. ამით აბოლებენ ქართველ ამომრჩეველს, რომ თითქოს შეიძლება ომი იყოს. ეს არის წმინდა წყლის დემაგოგია და პროპაგანდა. ჩემთვის ეს კიდევ ერთი არგუმენტია იმისა, რომ ეს პოლიტიკა უფრო პრორუსულია, ვიდრე ნეიტრალური“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები