LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ უფრო მეტად გეშინიათ, გაიკეთეთ ორი ნიღაბი, არაფერი ცუდი ამაში არ არის: ივანე ჩხაიძე

86
ივანე ჩხაიძე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, არის თუ არა ინდური შტამი უფრო მეტად სასიკვდილო, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

ჩხაიძემ საქართველოში ინდური შტამის“ დაფიქსირებასთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნული შტამი უფრო მეტი გადამდებლობით გამოირჩევა.

„თუ უფრო მეტად გეშინიათ, გაიკეთეთ ორი ნიღაბი, არაფერი ცუდი ამაში არ არის და აუცილებლად ვაქცინაციაზე იფიქრეთ,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისი თქმით, არავის არ ჰქონდა ილუზია, რომ ჩვენ ამ შტამს გადავრჩებოდით, რადგან დღეისათვის ეს შტამი მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული და ამ ქვეყნების რაოდენობა პრაქტიკულად ყოველ თვეში მატულობს.

როგორც ჩხაიძემ განაცხადა, ყველაზე მთავარია, რამდენად საშიშია ეს შტამი და რამდენად არის იმის ალბათობა, რომ „ინდურმა შტამმა“ დღეისათვის საქართველოში დომინანტური ბრიტანული შტამი ჩაანაცვლოს.

„პირველ რიგში, აქ მნიშვნელოვანია, იქნება თუ არა ბევრი შემთხვევა შემოტანილი, ვინაიდან ბრიტანული შტამი სწორედ შემოტანილი შტამი გახლავთ.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ინდოეთთან არ გვაქვს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, იმის გათვალისწინებით, რომ ტურისტების ნაკადი ინდოეთიდან საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს, იმის ალბათობა, რომ ქვეყანაში ბევრი ადამიანი შემოვა, ძირითადად მესამე ქვეყნიდან, სადაც ეს შტამია დაფიქსირებული, ძალიან ცოტაა“, – განაცხადა ჩხაიძემ და დასძინა, რომ დღეისათვის ინდოეთშიც კი არ არის სრული სურათი  – არის თუ არა ე.წ. „ინდური შტამი“ ამ დიდი აფეთქების გამომწვევი, რაც ბოლო თვეების განმავლობაში დაფიქსირდა.

ჩხაიძის განცხადებით, აუცილებელია იმ მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინება, რომ ჯანმო-ს მონაცემებით, „ინდური შტამის“ საწინააღმდეგოდ დღეისათვის მის მიერ ავტორიზებული ყველა ვაქცინა ეფექტურია.

„ასე, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს რისკი ნაკლები აქვთ, ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვიტავს, ეს კიდევ ერთი არგუმენტია, ვაქცინა ჩავიტაროთ, რადგან ე.წ. ინდურ შტამს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს, როგორც შეშფოთების შტამს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თვისება, რაც ახასიათებს, იყოს უფრო მეტად გადამდები, ნებისმიერ ქვეყანაში ინფექციის შემთხვევების მატების გარკვეული რისკია, მათ შორის, საქართველოში,” – დასძინა ჩხაიძემ.

მისი განმარტებით, ეს შტამი გამოირჩევა უფრო მეტად გადამდებლობით, ის ცოტათი ჩამორჩება ბრაზილიურ შტამს და ორჯერ უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე ბრიტანული შტამი. თუმცა, არის თუ არა უფრო მეტად სასიკვდილო და შეუძლია თუ არა მეტი ლეტალური შემთხვევების გამოწვევა, ეს ინფორმაცია, ჩხაიძის სიტყვებით, ჯერჯერობით არ არსებობს.

„ვისაც მეტი შიში აქვს, გაითვალისწინოს ამერიკელების გამოცდილება და რეკომენდაციები, რომლებმაც ჩათვალეს, რომ რადგან „ბრიტანული შტამი“ უფრო მეტად გადამდები იყო, ინფიცირების თავიდან ასაცილებლად ორი ნიღბის ტარება უფრო მეტად ეფექტური იქნებოდა. თუ უფრო მეტად გეშინიათ, გაიკეთეთ ორი ნიღაბი, არაფერი ცუდი ამაში არ არის და აუცილებლად  ვაქცინაციაზე იფიქრეთ,“ – განაცხადა ჩხაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები