ჩემთვის ადვილი იყო უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის საკითხზე მილოცვა, მაგრამ ეს არ გავაკეთე, რადგან მე არ ავიღებ ჩემს თავზე იმის პასუხისმგებლობას, რომ არსებული სიტუაცია გავამძაფრო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი, რომელიც ჩემთვისაც და ძალიან ბევრი ადამიანისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. კარგად ვიცით, რა როლი ითამაშა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენამ 1917 წელს, ჩვენი სახელმწიფოებრიობის და შემდგომ დამოუკიდებლობის აღდგენისთვის. ჩვენთვის ეს დამოუკიდებლობის საწინდარი იყო. ეს არის ჩვენი ისტორიული გზა, სადაც საუკუნეების მანძილზე სწორედ, ეკლესია იყო წინა პლანზე და ეკლესია ქმნიდა სახელმწიფოს სიძლიერეს, ასევე, მისი განვითარების საწინდარს ყველა მხრივ. თუმცა, ეს არ არის უკრაინის ისტორიული გამოცდილება. ჩვენ სხვადასხვანაირი ქვეყნები ვართ და ერთნაირი გამოცდილება არ გვაქვს, მაგრამ ეს მნიშვნელობა ყველასთვის არსებობს.

ძალიან მარტივი იქნებოდა ჩემთვის უკრაინელი ხალხისთვის მილოცვა ამ ავტოკეფალიის, რადგან ეს არის ჩემთვის ძალიან ბუნებრივი ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ დღეს მე, როგორც ადამიანი არ გესაუბრებით, მე ვარ პრეზიდენტი და მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ვინაიდან ქართული ეკლესია და საპატრიარქო ამ საკითხზე ფრთხილობს, ისიც ასე უნდა მოიქცეს.

„მე მგონია, რომ ეკლესია და საპატრიარქო ჩემზე ნაკლებად არ ანიჭებს მნიშვნელობას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, ასევე თუ საპატრიარქო და ქართული ეკლესია ფრთხილობს, რაღაც შედეგების გამო, რომელსაც მე არ მინდა ხაზი გავუსვა, არ შეიძლება, რომ მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვიყო ნაკლებად პასუხისმგებლიანი. ჩემთვის მილოცვა ადვილი იყო, მაგრამ არ გავაკეთე, რადგან არ მაქვს უფლება, რომ ავიღო ეს პასუხისმგებლობა ამ საკითხების გამო. არ მინდა დავაკონკრეტო, მაგრამ ყველამ იცის, რა საფრთხეები შეიძლება იყოს. მე არ ავიღებ ჩემს თავზე იმის პასუხისმგებლობას, რომ არსებული სიტუაცია გავამძაფრო,“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები