ბავშვობაში რამდენჯერ მოუმართავთ სხვისი სახელით? უამრავ მშობელს ეშლება შვილის სახელი, მათ ან და-ძმის, ხანდახან კი შინაური ცხოველების სახელებსაც ეძახიან. ეს ყველას აღიზიანებს.

ეს მარტო მშობლებს არ ემართებათ – შესაძლოა თავად აგერიოთ მეგობრების სახელები… ან თუნდაც არც ისე ნაცნობის სახელი რამდენჯერმე შეგეშალოთ. 

ეს ხშირად, უბრალოდ შემთხვევითობაა, თუმცა ახალი კვლევები ადასტურებს, რომ თუ ნაცნობი სახელს არასწორად გეძახით, უმეტესად ეს იმიტომ ხდება, რომ უყვარხართ.

ამერიკელმა მკვლევარებმა 1700 ადამიანი გამოკითხეს იმის შესახებ, ეშლებოდათ თუ არა მათ ვინმეს სახელი. შემდეგ კითხეს რა სახელები ეშლებოდათ და რა ურთიერთობა ჰქონდათ ამ ადამიანებთან.

კვლევამ აჩვენა, რომ სახელის შეშლის ფენომენი ყველა ასაკში გვხვდება და სკლეროზთან, ალცაიმერთან ან მახსოვრობის პრობლემებთან კავშირში არაა.

მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ დედებს ძირითადად მათი შვილების სახელები ეშლებათ. ზოგადადაც, ადამიანებს ერთი და იმავე სოციალური ჯგუფიდან ეშლებათ სახელები – მაგალითად თუ თქვენს მეგობარს ანა ჰქვია, შესაძლოა მეორე მეგობრის – ქეთის სახელი დაუძახოთ. შეცდომის ალბათობა მით უფრო დიდია, რაც უფრო ხშირად გიწევთ ერთდროულად ამ ორ გოგონასთან დროის გატარება.

მკვლევარები განმარტავენ, რომ ადამიანები ინფორმაციას „ფსიქიკურ სემანტიკურ ქსელში“ ინახავენ, აქვე ინახება ინფორმაცია ახლობელ ადამიანებზე, ადგილებსა და ნივთებზე.

„როდესაც ვცდილობთ რაღაც გავიხსენოთ, ჩვენი სემანტიკური ქსელი აქტიურდება, საკმარისი ერთეულის მოძიების შემდეგ, ინფორმაცია გააღწევს ბარიერიდან და ჩვენ „ვიხსენებთ.“ – ნათქვამია კვლევაში.

ხშირია „ერორებიც“ – ამ პროცესს აქტივაციის გავრცელება ჰქვია. ხანდახან საჭიროსთან ერთად, სხვა ქსელებიც აქტიურდება, რომლებიც რაღაც კავშირშია იმ ინფორმაციასთან, რომელიც გვჭირდება. ამიტომ თუ ვინმე საყვარელი ადამიანის სახელს იხსენებთ, შესაძლოა სხვა, ადამიანის სახელი გაგახსენდეთ, რომელიც ასევე გიყვართ.

ასე რომ, სხვა დროს, როცა თქვენი მშობელი ძმის, დის, ან თუნდაც ძაღლის სახელს დაგიძახებთ, არ გაბრაზდეთ, ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ მას ორივე უყვარხართ და თუ სრულიად უცხოს სახელს გეძახით… დროა გაარკვიოთ ვინ არის ის.

 

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები