LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თვითიზოლაციაში“ მყოფი მე შენი 85 წლის იუბილეს აღვნიშნავ და ჩვენს თანაცხოვრებას ვიხსენებ – შალვა ამონაშვილის წერილი მეუღლეს

332
93480551-4083507344993565-1426384872661843968-o

ფსიქოლოგისა და პედაგოგის, შალვა ამონაშვილის ემოციურმა წერილმა, რომელიც მეუღლეს მიუძღვნა დიდი გამოხმაურება გამოიწვია. აღნიშნულ წერილს “ამონაშვილის აკადემია” აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ შალვა ამონაშვილს და მის მეუღლეს ვალერია ნიორაძეს საოცარი სიყვარულის ისტორია აქვთ.

“მათ ერთად თითქმის 50 წელი იცხოვრეს. ვალერია, იგივე ლერა, იგივე ფიკა (ასე ეძახდა მას შალვა და შემდეგ მთელი ოჯახიც) რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. გუშინ, 17 აპრილს, იყო მისი დაბადების დღე. ის 85 წლის გახდებოდა. ამ დღისათვის შალვა ამონაშვილმა მას წერილი მისწერა”,- წერია “ამონაშვილის აკადემიის” ფეისბუქ გვერდზე.

“წერილი ზეცას

ჩემო მშვენიერო, საყვარელო ქალბატონო!

არსებობს განა დღე, ან საათი, ანდაც წამი, როდესაც შენზე ფიქრებს ვშორდები, ან გივიწყებ?
ასეთი წამი არ არსებობს, ვინაიდან შენ ჩემი ცხოვრების ტექსტი და ქვეტექსტი ხარ.
ასევე მუდამ ვგრძნობ, როგორ ზრუნავ ჩემზე ცათა სიმაღლიდან და არ მტოვებ მარტოს არც ერთი წუთით.

მე შენ სევდანარევი სადღესასწაულო განცდით გაგაცილე იმქვეყნად,
რადგან ჩემმა გულმა იცოდა, რაოდენ დიდი ძღვენით დაბრუნდა შენი სული მის სამყოფელში.
ის რამოდენიმე ცრემლი ჩემ თვალზე კი, მხოლოდ საკუთარი თავის შეცოდებას გამოხატავდა.
ჩვენ თითქმის 50 წელი გავატარეთ ერთად.
ამ წლების განმავლობაში ძალიან მყარი გახდა
ჩემი კავშირი შენთან, შენს ღვთაბრივ ბუნებასთან, –
თუმცაღა ეს სისუსტეც დავძლიე.
გული სიხარულით მევსება: დედამიწაზე სასტიკი დაავადებისაგან ტანჯვის სანაცვლოდ,
შენ ზეციურ სამყაროში ახალ შემოქმედებით გზას შეუდექი.
მე ჩემი სისუსტის დაძლევა იმიტომაც შევძელი,
რომ დაუყოვნებლივ მხარდაჭერა და დახმარება მომევლინა –
პაატა – თავისი დიდი ნიჭით, ნინა – თავისი განუზომელი ზრუნვით,
და კიდევ მრავალი ახლობელი, თანამოაზრე, მიმდევარი. მე ყოფა შემიმსუბუქდა!
და იქ, ბუშეტში, სადაც მე და შენ ქვას ქვაზე ვადებდით, ვაშენებდით, და მომავალზე ვოცნებობდით, – ახლა უზარმაზარი სინათლის ქალაქი აღიმართა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩვენთან ჩამოსული ათასობით ადამიანისათვის ბედნიერება მოაქვს.

ჩემო საოცარო ქალბატონო!
დღეს შენი დაბადების დღეა.
ეგრეთ წოდებულ „თვითიზოლაციაში“ მყოფი მე
შენი 85 წლის იუბილეს აღვნიშნავ
და ჩვენს თანაცხოვრებას ვიხსენებ,
რომლის დროსაც მე და შენ ათასობით მარცვალი დავთესეთ.
ამ მარცვლებმა როგორც ჩვენ, ასევე მრავალი სხვა ადამიანი გააბედნიერა.

რა იყო ჩვენთვის ბედნიერება?
ჭეშმარიტ ბედნიერებას განვიცდიდით მაშინ,
როდესაც ადამიანებს ჩვენს გვერდით ყოფნა უხაროდათ.
ყოველ საღამოს, წარმოვიდგენ რა ყოველივეს,
შემოქმედს ლოცვით ვეჩურჩულები და მადლობას ვწირავ იმისთვის,
რომ მე და შენ შეგვაერთა, შენი თავი მე მაჩუქა!

შენით მე სიყვარული შევიცანი (რა თქმა უნდა, მხოლოდ ნაწილობრივ),
ვინაიდან ეს გრძნობა უსაზღვროა.
ის, რაც დედამიწაზე შენს გვერდით ყოფნის დროს შევიცანი
და ის, რასაც შენი ზეცაში წასვლის შემდეგ ვგრძნობ –
ორი სხვადასხვა სიმაღლის სიყვარულია.
მეგონა, რომ მიყვარდი: გეხუტებოდი, გკოცნიდი,
შენში შთაგონებას ვპოულობდი, ჩემს ყოველივე შემოქმედებას შენ გიძღვნიდი.
მიყვარდი, თუმცაღა ზოგჯერ სხვადასხვა საქმეების გამო ვერ ვიცლიდი შენთვის,
ზოგჯერ გულს გტკენდი, განაღვლიანებდი, ზოგჯერაც უმნიშვნელო წვრილმანების გამო ჩვენს სიყვარულს ჩრდილი ადგებოდა.

და აი, შენ წახვედი, და ყოველ დღე ერთდროულად
სიხარული და ნაღველი მიპყრობს.
სიხარული იმიტომ, რომ დღითიდღე უფრო და უფრო მიყვარდები
და ჩემს ამ სულიერ მდგომარეობას მრავალმრივ შევიცნობ.
ახლა უკვე სხვანაირად მიყვარხარ –
ალბათ, ზეციური სიყვარულით, რომელსაც ადრე არ ვიცნობდი.
ასეთი სიყვარულის მორევში ჩაძირვა – აი, ნამდვილი ნეტარება!

ნაღველი მიპყრობს იმიტომ, რომ არ ვფლობდი ამ გრძნობას მაშინ,
როდესაც გვერდით მყავდი.
წინააღმდეგ შემთხვევაში, გაქრებოდა ყველა ის წვრილმანი,
რომლებიც თანაცხოვრებით გამოწვეული სიხარულის წამებს გვართმევდა.

რა მოხდებოდა, რომ ეს სიყვარული მცნობოდა მაშინ, როდესაც ჩემს გვერდით იყავი?
ალბათ, შენს მიმართ გამოხატული სინაზე, ჩემი ჩახუტება და კოცნა,
ჩემი ერთგულება და მთლიანი ჩვენი ცხოვრება –
სულ სხვა ფერებით აელვარდებოდა, ფრთებს შეისხამდა.
დედამიწაზე ყოფნისას მეყვარებოდი არა მიწიერი,
არამედ ზეციური სიყვარულით.

მეყვარებოდი რა იმ სიყვარულით,
რომელიც ახლა ჩემს გულშია და
რომელიც თანდათანობით კიდევ უფრო გაღრმავდება ჩემი ცხოვრების ყოველ დღესთან ერთად, – ჩვენი ცხოვრება მეშვიდე ციდან მეცხრე ცამდე ამაღლდებოდა.
ამიტომ, ბედნიერების ყველა მძებნელს მცნებას ვუტოვებ:
ეძებეთ სიყვარულში რაღაც ზეციური და ნურც ერთი წუთით
ნუ გადადებთ საყვარელი ადამიანის მიმართ სიყვარულის გამოხატვას.
ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება გადადოთ – ყველაფერი, სიყვარულის გარდა.

დავდივარ ახლა ასეთი სიყვარულით გულში და ყოველ ქალში შენ გხედავ:
იმ ახალგაზრდა ქალბატონს, რომელიც ჩემთან ერთად საქორწინო მოგზაურობაში გაემგზავრა და მე მას ფიკა დავუძახე (ასე გეძახდი დარჩენილი ცხოვრება);
და იმ ხანშიშესულ ქალბატონს, რომელსაც თმებს ვუჩეჩავდი
და ნიკაპზე კოცნის უფლებას ვემუდარებოდი.

დღეს მე ბევრი პატივს მცემს, ბევრს ვუყვარვარ,
ბევრიც ჩემი თანამოაზრე და მოწაფე ხდება.
გული მწყდება, რომ ვერ ვუხსნი თითოეულ მათგანს, თუ ვისი ქმნილება ვარ.
გახსოვს, ჩვენი თანაცხოვრების დასაწყისში დედაჩემმა როგორ გითხრა:
„შვილო, მე ის მარტომ გავზარდე, მეუღლის გარეშე (მამა ომში გარდაიცვალა),
ახლა კი მისი აღზრდა შენ უნდა გააგრძელო.“
და შენ ამ რთულ საქმეს შეეჭიდე.

შენ მე შემცვალე.
ჩემი მოთმინება, ნებისყოფა, მიზანსწრაფულობა და რწმენა –
ყოველივე ეს სათავეს შენი ბრძენი გულიდან იღებს.
შენი გამჭრიახობა მე აღმაფრთოვანებდა,
და ახლა ძალიან ვწუხვარ,
რომ ყოველთვის როდი ვიღებდი რჩევას
შენი დახვეწილი გრძნობათმცოდნეობისაგან.

ფიკა, ჩვენ ძალიან მდიდარი ცხოვრება გვქონდა!
ჩვენ, განათლების სფეროში განსხვავებულად მოაზროვნე „ბურჟუაზიელმა პედაგოგებმა“, გადავირჩინეთ თავი და გადავარჩინეთ ჩვენი ქმნილება განადგურებისაგან იდეოლოგიური დიქტატურის იმ რთულ წლებში.
ჩვენი კოლეგების, მასწავლებლებისა და მრჩეველების დახმარებით, მე და შენ ჰუმანური პედაგოგიკის სწავლებას ჩავუყარეთ საფუძველი, სამყაროს ვაჩუქეთ უამრავი ახალი იდეა, შევქმენით ნოვატორული პედაგოგიური პრაქტიკა.
ჩვენი მიმდევრების დახმარებით მე და შენ ბიძგი მივეცით მასიურ პედაგოგიურ მოძრაობას, რომლის ანალოგიც დედამიწაზე არ არსებობს.

ამ ყველაფერს ვამბობ არა ტრაბახით (ჩვენგან ყოველთვის შორს იყო პატივმოყვარეობა),
არამედ იმისთვის, რომ შენ –
ნაღვაწს დედამიწაზე და წასულს ზეცაში –
მიწიერი პატივი მოგაგო:
ყველა ჩვენს მიღწევაში, ფიკა, სხვა მრავალთან ერთად,
მოქმედებდა შენი უხილავი ნება.

ჩვენ მშვენიერი მიმდევრები გვყავს,
წარმოუდგენლად მიზანსწრაფული ახალგაზრდების თაობა მოვიდა.
მათი დიდი ნიჭი ჰუმანური პედაგოგიკის შეუსწავლელ საზღვრებს გაარღვევს და ჩვენს პრაქტიკას გააფართოვებს. ამას ისინი უკვე აკეთებენ კიდეც.

მე და შენ, ფიკა,
მე ჯერჯერობით დედამიწაზე, და შენ – ზეცაში,
ქედი უნდა მოვიხაროთ მათ წინაშე,
და მადლიერებით ვუთხრათ:
ჩვენ გავაკეთეთ თქვენთვის ყველაფერი, რაც შეგვეძლო,
ახლა კი თქვენი ჯერია გააკეთოთ სხვებისთვის ყველაფერი, რაც თქვენს ძალებშია.

ჩემო საოცარო ქალბატონო.
ააშენე სკოლა, რომელზეც ერთად ვოცნებობდით,
სკოლა ქვედა სფეროებზე მყოფი უბედური ბავშვებისათვის,
და იქ მე მასწავლებლის ადგილი შემინახე.

გეხვევი, ჩემო სიყვარულო, და გელოდები სიზმარში.

მუდამ შენი, ლიკუნი
17.04.2020”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები