LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უახლესი კვლევის შედეგები ისრაელიდან – ვაქცინის მესამე დოზა გართულებისგან 20-ჯერ მეტად იცავს, დაინფიცირებისგან კი 10-ჯერ მეტად

71
1

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ და ვაიცმანის მეცნიერებათა ინსტიტუტმა ერთობლივი კვლევის მორიგი შედეგები წარადგინა – უახლესი კვლევის მიხედვით, კოვიდვაქცინის მესამე, ე.წ. “ბუსტერ-დოზა” პაციენტს 20-ჯერ მეტად იცავს ვირუსის გართულებისგან და 10-ჯერ მეტად იცავს დაინფიცირებისგან. 

კვლევა 1 მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემებს მოიცავს. აღნიშნული პირებიდან, ვისაც არ ჰქონდა მიღებული “ფაიზერის” ვაქცინის მესამე დოზა, ვირუსი დაუდასტურდა 4 439-ს, მათ შორის სერიოზული სიმძიმის პაციენტი იყო 294, ხოლო “ბუსტერ-დოზით” აცრილებს შორის კოვიდ-19 დაუდასტურდა 934 პირს, მათ შორის მძიმე შემთხვევა იყო – 29.

“ახალი კვლევა აჩვენებს, რომ პირებს, რომლებმაც მიიღეს კოვიდვაქცინის მესამე დოზა, თითქმის ოცჯერ უფრო მეტად არიან დაცულნი სერიოზული დაავადებებისგან და ათჯერ უფრო მეტად არიან დაცული ინფექციისგან, იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც ვაქცინის მეორე დოზა მიიღო, სულ მცირე, ხუთი თვის წინ.” – წერს კვლევის შედეგებზე დაყრდნობით The Times of Israel.

მკვლევრები აცხადებენ, რომ, ამ ეტაპზე, მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლებელია იმის განცხადება, თუ რამდენ ხანს გრძელდება გაძლიერებული დაცვა, თუმცა ცალკეულმა კვლევებმა, რომელიც შაბას სამედიცინო ცენტრში ჩატარდა, ოპტიმიზმის საფუძველი გააჩინა.

კვლევამ აჩვენა, რომ აცრიდან ერთი კვირის შემდეგ 10-ჯერ მეტი ანტისხეულები ჰქონდათ მათ, ვინც ბუსტერი გაიკეთა, ხოლო 10-ჯერ ნაკლები მათ, ვინც მეორე დოზით აიცრა.

შეგახსენებთ, ისრაელი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საკუთარ მოქალაქეებს ვაქცინის მესამე, გამაძლიერებელი დოზა ოფიციალურად შესთავაზა.

“ბუსტერ-კამპანია” 1 აგვისტოს დაიწყო და მასში თავდაპირველად 60 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობა ჩაერთო, ასაკის ზღვარმა ეტაპობრივად დაიწია და ბოლოს მესამე დოზით აცრის ნებართვა გასცეს 12 წლის ზემოთ მყოფი პირებისთვისაც.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, “ბუსტერ-დოზა” მიღებული აქვს ისრაელის თითქმის 3 მილიონ მოქალაქეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები