LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უჭირს საკვების მიღება, კარგავს წონას” – დაესწრება თუ არა ხვალინდელ სასამართლო პროცესს სააკაშვილი

84
1

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ, უფლებადამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

ადვოკატის განცხადებით, სწორედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, დაესწრება თუ არა საკუთარ სასამართლო პროცესს ხვალ მიხეილ სააკაშვილი.

“მადლობა დამაბარა” – ჰოსპიტალის პერსონალმა სააკაშვილს დაბადების დღე ტორტით მიულოცა

საძაგლიშვილის თქმით, მას საკვების მიღება კვლავ უჭირს და სტაბილურად კარგავს წონას:

“საქართველოს მესამე პრეზიდენტს კვლავ უჭირს საკვების მიღება, რის გამოც ის სტაბილურად კარგავს წონას. მან გადაწყვიტა დაბრუნებულიყო სამშობლოში, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, რათა დახმარებოდა ქართველ ხალხს თავისუფლების მოპოვებაში, შესაბამისად მისი მიზანი და ამოცანა არის უცვლელი. ის არ ჩამოსულა იმისთვის, რომ კვლავ გამგზავრებულიყო უკან.

ჯანმრთელობის თვალსაზრისით სამწუხაროდ, სახარბიელო სიტუაცია არ გვაქვს, ის სტაბილურად იკლებს წონაში და ფაქტობრივად, იმ წონამდე მიდის, სადაც დაახლოებით, შიმშილობის დასრულების პერიოდში იმყოფებოდა. გარდა ამისა, მას ნევროლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს, რაც გავლენას ახდენს ორიენტაციის, ანუ გადაადგილების, მოძრაობის უნარზე.

ცხადია, რომ ამ მიმართულებით ბევრი რამ კვლავ გასაკეთებელია. ამაზე პრინციპში საუბარია სახალხო დამცველის და ცენტრ “ემპათიას” მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნებში, პრინციპში, ეს ორი დოკუმენტი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება, ორივე დასკვნა მიუთითებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს მკურნალობის კურსს, რომელიც ამ ჰოსპიტალში მას არ უტარდება. სწორედ, ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე შეძლებს თუ არა მონაწილეობის მიღებას, დამოკიდებული იქნება თუ რა სიტუაცია იქნება ამ კუთხით ხვალ. მას სურს მადლობა გადაუხადოს ჰოსპიტლის პერსონალს, რომელმაც დაბადების დღის ტორტი მოამზადა მისთვის”, – თქვა საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, ხვალ, 22 დეკემბერს, საქალაქო სასამართლოში გაიმართება მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას უკავშირდება.

პოპულალურები