LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოელები ბათუმში ბინებს ვეღარ ყიდულობენ – გაყიდვები 50%-დან 100%-მდეა შემცირებული

132
ardaganis-tba-batumi-ardagani-lake-batumi-3

ქვეყნის მასშტაბით, ბათუმის საცხოვრებელი სექტორი ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშეა. შეჩერებულმა მშენებლობის პროცესმა, სახელმწიფო და საფინანსო სექტორისგამ შეღავათების ნაკლებობამ და ტურისტების ნაკადის მკვეთრმა ვარდნამ, შესაძლებელია, ქალაქის დეველოპერულ სექტორს უდიდესი დარტყმა მიაყენოს. ჯერ კიდევ გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა დეველოპერები გაყიდვების ჩვეული რიტმის დაბრუნებას- ამის შესახებ საუბარია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის კვლევაში.

კომპანიის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ბათუმში მიმდინარე მშენებლობები. მშენებლობის პროცესი შეჩერდა გამოკითხული კომპანიების უმეტესობაში და ამ პერიოდმა 20 დღიდან 2 თვემდე გასტანა. დღეისათვის გამოკთხული დეველოპერების აბსოლუტურმა უმრავლესობამ შეძლო პროცესის განახლება, თუმცა ყველა მათგანი სრულად ამუშავებული ჯერ კიდევ არ იყო მაისის მეორე და მესამე კვირებში. ძირითად სირთულეს დაქირავებული მუშახელის ტრანსპორტირების პრობლემა წარმოადგენდა. გამომდინარე იქედან, რომ ბათუმის ბაზარზე სამშენებლო სექტორში დასაქმებულების უმეტესობა რეგიონის სხვადასხვა სოფლის მცხოვრები და ზოგ შემთხვევაში არაადგილობრივი თანამშრომელია, სწორედ ეს აფერხებდა მშენებლობის პროცესის სრულად გააქტიურებას.

მნიშვნელოვანი ცვლილებაა გაყიდვების მიმართულებითაც. დეველოპერების თქმით, გაყიდვები 50%-დან, ზოგიერთ შემთხვევაში, 100%-მდეა შემცირებული. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების უმეტესი ნაწილი გადავიდა გაყიდვების ონლაინ და დისტანციურ რეჟიმზე, მათივე თქმით, ეს მიდგომა არ არის გამართლებული. გამომდინარე იქედან, რომ ბათუმში საცხოვრებელი ფართების მყიდველთა უმრავლესობას არარეზიდენტები წარმოადგენენ, ბინის შეძენის მსურველები ვერ იღებენ გადაწყვეტილებას ბათუმში ვიზიტის გარეშე (ისრაელი, უკრაინა, რუსეთი, ბელორუსია, პოლონეთი, ლიტვა, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, გერმანია, კანადა, აშშ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები). საზღვრების ჩაკეტვა და პარტნიორ ქვეყნებში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კი პირდაპირ აისახება გაყიდვების რაოდენობაზე.

2020 წელს პირველი კვარტლის გაყიდვების დინამიკა მზარდი იყო და მთლიანობაში გაყიდული აპარტამენტების რაოდენობამ 2019 წლის იმავე პერიოდის მონაცემებს 11%-ით გადააჭარბა. თუმცა, ტრანზაქციების კლება უკვე მარტიდან შეინიშნება. რაც შეეხება აპრილის თვეს, საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებმა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 94%-ით იკლო. მაისის თვის ტრანზაქციებმა გვაჩვენა, რომ გაყიდვები შედარებით გაიზარდა, თუმცა 2019 წლის იმავე თვესთან მიმართებაში მაინც 75%-ით ნაკლებია. საზღვაო სეზონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბათუმის დეველოპერებისთვის, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდში აღინიშნება გაყიდვების მკვეთრი ზრდა

„დეველოპერების მოლოდინები მიმდინარე ზაფხულის სეზონთან დაკავშირებითაც არ არის ოპტიმისტური. მათ უმეტესობას აქვს მოლოდინი გაყიდვების მაჩვენებლის გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვანი კლების. აგვისტოში დაგეგმილი საზღვრების გახსნის მიუხედავად, დეველოპერები დარწმუნებულნი არ არიან, რომ ტურისტების ნაკადი მნიშვნელოვნად აღდგება, შესაბამისად, გაყიდვების დინამიკასაც ვერ გამოასწორებს. გამოკითხული კომპანიების წარმომადგენლების თქმით, მოსალოდნელია გაყიდვების 30%- ით შემცირება, თუმცა ზოგიერთი მათგანის ვარაუდით, ვარდნამ წინა წელთან შედარებით, შესაძლოა 80%-საც კი მიაღწიოს“, – აცხადებენ Cushman & Wakefield-ში.

მათივე ცნობით, თბილისის რეზიდენტული ბაზრისგან განსხვავებით, ბათუმის დეველოპერების აბსოლუტური უმრავლესობა ინარჩუნებს არსებულ საფასე პოლიტიკას. მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინები გაყიდვებთან დაკავშირებით პესიმისტურია, კვლევაში მონაწილე კომპანიების თქმით, გასაყიდი ფასის კლება არ არის მოსალოდნელი. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის ფარგლებში გაკეთებული განცხადების მიუხედავად, დეველოპერების ნაწილი აქტიურად აწარმოებს სხვადასხვა ტიპის კამპანიასა თუ აქციას, და მყიდველებს სპეციალურ პირობებს და ფასდაკლებებს სთავაზობს კონკრეტულ აპარტამენტებზე. ბათუმის რეზიდენტული ბაზარი საკმაოდ მზარდია: ქალაქს ყოველწლიურად ემატება ათასობით ახალი აპარტამენტი. შესაბამისად, კონკურენციაც მაღალია. კომპანიებს მუდმივად უწევთ დიდი რესურსის გამოყოფა მარკეტინგის მიმართულებით, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. ამის გათვალისწინებით, საინტერესოა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა არ აპირებს მარკეტინგული მიმართულების ოპტიმიზაციას ან ანტი-კრიზისული გეგმის შემუშავებას. რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, კველვაში მონაწილე ყველა დეველოპერმა თამანშრომლების შენარჩუნება შეძლო. მათმა 78%-მა, აპრილის ჩათვლით შეძლო დროებით დაქირავებული მუშახელის, თუ მუდმივი თანამშრომლების ანაზღაურების სრულად დაფარვა, ხოლო 22%-მა მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა ეს მოვალეობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები