ავტომატიზებული მოქმედება ან ქცევა ნებისმიერ ჩვენგანს ახასიათებს. ჩვევა ზოგჯერ მავნეა, ზოგჯერ სასარგებლო ან სულაც უცნაური. ჩვევა შეიძლება ჩვენთვის კარგად ნაცნობი იყოს და სხვები ვერ ამჩნევდნენ ან პირიქით, გარშემომყოფთათვის აშკარა, თუმცა ჩვენთვის შეუმჩნეველი იყოს.

გთავაზობთ, ხშირ შემთხვევაში გაუცნობიერებელ განმეორებითი სახის ქცევებს, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ.

ძილის წინ სმარტფონის ეკრანის ყურება

ალბათ, თქვენც კარგად ხვდებით, რომ ეს სრულიად მავნე ჩვევაა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეკრანის შუქის სხივი ორგანიზმს აიძულებს მელათონინის გამოყოფა შეწყვიტოს. ეს არის ჰორმონი, რომელიც ტვინს ეუბნება, რომ ძილის დროა. სმარტფონის ლურჯი სხივი კი სწორედ ამ ძილის ჰორმონის გამოყოფას აჩერებს. თუ თქვენ ყოველ დღე ეს ჩვევა გახასიათებთ, დიდი ალბათობით ძილის რეჟიმი დაგერღვევათ.

 

უზმოზე ყავის დალევა

თვალის გახელისთანავე ჭიქა ყავის დალევა ზოგს ენერგიის მოსაპოვებლად საუკეთესო იდეა ჰგონია. დილით ყავის მიღება, რა თქმა უნდა, გაფხიზლებთ, მაგრამ უზმოზე მისი დალევა დაუშვებელია.
როგორც ექიმი ადამ სიმონი ჰყვება, ამ  ჩვევის გამო, სხეულიდან იმაზე მეტი რაოდენობით სითხე გამოიყოფა, ვიდრე ჩვეულებრივ. მეტი უსაფრთხოებისთვის, ყავის დალევამდე, უმჯობესია ჭიქა წყალი მაინც დალიოთ. ამასთან, ადამიანები, რომლებიც დილას ყავით იწყებენ, თითქმის არასდროს საუზმობენ და მადა ეკარგებათ. მეცნიერები, ყავის დასალევად დღის განმავლობაში იდეალურ დროს, დილის – 10 სთ-ს ასახელებენ.

ცემინებისგან თავის შეკავება

ეს არის ის მავნე ჩვევა, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას აზიანებს. ცნობილი ამბავია, რომ დაცემინების შეკავების გამო, ბრიტანეთში 34 წლის მამაკაცს ყელი გაეხვრიტა. როცა დაცემინებისგან თავის შეკავების მიზნით, ვხურავთ პირს და ცხვირზე ხელს ვიჭერთ , შიდაქალის წნევა საგრძნობლად მატულობს. სისხლის მიწოდება ტვინისკენ ჩერდება, სისხლძარღვები და ნერვული ქსოვილები კი განიცდის კომპრესიას.

ცივი შხაპის გამოტოვება

შეიძლება არც ისე სასიამოვნო იყოს, მაგრამ ცივ შხაპს, თუნდაც ორიოდე წამით, უდიდესი სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის. ბევრი ადამიანი ცხელი შხაპის შემდეგ, პირდაპირ გადადის სხვა პროცედურებზე, რაც არასწორია.უბრალოდ, აბაზანიდან გამოსვლის წინ, გადაივლეთ ცივი წყალი. ეს მატონიზირებელი საშუალებაა და იმუნიტეტსაც აძლიერებს.

ცივი წყალი სპორტის თერაპევტებისა და ათლეტების მიერ კუნთების ტკვილის გასამკლავებლად გამოიყენება. სხვა ბენეფიტები, რომლებიც ცივ წყალს აქვს, არის წონაში დაკლების ხელშეწყობა და გაუმჯობესებული კანი.

ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღვობა

საყინულედან გამოტანილი ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღვობა კიდევ ერთი გავრცელებული ჩვევაა. ბევრმა შეიძლება არც იცის, რომ ამგვარ პირობებში ხორცში ბაქტერიები კვლავ განაგრძობენ გამრავლებას და შესაძლოა გარემოც დააბინძურონ.საუკეთესო და უსაფრთხო ვარიანტია მაცივრის ქვედა თაროზე გალღვობა.

ყურსასმენების მაღალ ხმაზე გამოყენება

მუსიკისა თუ სხვა ხმების ხმამაღლა მოსმენის გამო, 1.1 მილიარდი ახალგაზრდა სმენის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას. ასეთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნა.ორგანიზაცია მიზეზად იმას ასახელებს, რომ თინეიჯერებისა და ახალგაზრდების დაახლოებით 50% მუსიკას პერსონალურ აუდიომოწყობილობებში სახიფათო დონის სიმაღლეზე უსმენს.
ამასთან, სწორედ აღნიშნული მიზეზით ამერიკის ოსტეოპათიური ასოციაციის (AOA) თანახმად, 5 თინეიჯერიდან 1 სმენის დაქვეითებას განიცდის.

 

 

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები