მართალია, კომპიუტერული ტექნიკის წყალობით ყოველთვის თავისუფლად შეიძლება ვირტუალური სამყაროს შექმნა, მაგრამ რეჟისორები სულ ურო ხშირად მიმართავენ რეალურ დეკორაციებს და საკუთარი ფილმებიც სტუდიებიდან უძველეს ღირსშესანიშნაობებში გადააქვთ. fortuna.ge გთავაზობთ უძველეს ციხეებს და სასახლეებს ცნობილი ფილმებიდან.

ჰეტფილდ-ჰაუსი – კინომოყვარულებმა აუცილებლად უნდა მოინახულონ სოლსბერის გრაფების და მარკიზების მამული, სადაც უამრავი ცნობილი ფილმი, მათ შორის „ორლანდო“, „ლარა კროფტი“ და „შეყვარებული შექსპირია“ გადაღებული. პირველი სასახლე უზარმაზარ კომპლექსში 1479 წელს აიგო, დასრულებული სახე კი, მე-17 საუკუნეში შეიძინა, როცა პირველ დიდგვაროვან სტუმრებს უმასპინძლა.

ალნიკის ციხე – ინგლისის ჩრდილოეთში, ნორტუმბერლენდის საგრაფოს ცნობილი ციხის შენება მე-10 საუკუნეში დაიწყო და მხოლოდ 8 საუკუნის შემდეგ დასრულდა, როცა შოტლანდიელებისა და ინგლისელების მრავალრიცხოვანი ომების შემდეგ, მამაულის მფლობელი ნორტუმბერლენდის პირველი ჰერცოგი ჰიუ სმიტსონი გახდა. სწორედ ალნიკის ციხეში მოეწყო ცნობილი ფილმების „ჰარი პოტერის“, „აივენჰოს“ და პოპულარული სერიალის „დაუტონების სააბატოს“ გადასაღები მოედანი.

დანოტარის ციხე – დანოტარის, რომელიც ისტორიულ წყალოებში პირველად მე-7 საუკუნეში მოიხსენიეს, სახელი ფრანკო ძეფირელიმ გაუთქვა, როცა ციხის ინტერიერი საკუთარი „ჰამლეტის“ დეკორაციად აქცია.

ჩატსუორტ-ჰაუსი – მართალია, ბაროკოს სტილი არასდროს სარგებლობდა ბრიტანეთში პოპულარობით, მაგრამ ჩატსუორტ-ჰაუსი სწორედ ინგლისური ბაროკოს საუკეთესო ნიმუშია, რომელიც მე-18 საუკუნეში აიგო დოვონშირის ჰერცოგების რეზიდენციად.  ტურისტებთან ერთად სასახლე გადამღებ ჯგუფებსაც ხშირად მასპინძლობს. სწორედ აქაა გადაღებული ჯო რაითის დრამა „სიამაყე და ცრურწმენა“ კიარა ნაითლის მონაწილეობით.

დრიმნას ციხე – ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრიტანული სერიალის „დაუტონები“ გადასაღებ მოედნად სწორედ დრიმნას ციხე იქცა, რომელსაც დიდხანს ედავებოდნენ ინგლისელები ირლანდიელებს. დღეს ციხე მხოლოდ „მშვიდობიან“ ფუნქციას ასრულებს – კულტურულ ღონისძიებებს მასპინძლობს და სიამოვნებით მონაწილეობს ფილმებში.

სამეფო სასახლე ვერსალში – ლუდოვიკ XIV-ის მმართველობის სიმბოლო, რომელიც სამართლიანად ითვლება ევროპის ყველაზე მდიდრულ სამეფო სასახლედ, რეჟისორების ინტერესს პირველ რიგში ისტორიული ინტერიერის წყალობით იმსახურებს. სწორედ აქ დადგა სოფია კოპოლამ თავისი „მარია-ანტუანეტა“, ფილიპ კაუფმანმა კი, სკანდალურად ცნობილი „მარკიზ დე სადის კალამი“.

ბამბოროს ციხე – ანტუან ფუკუას „მეფე არტურს“ და რიდლი სკოტის „რობინ ჰუდს“ ნორტუმბერლენდის საგრაფოს კიდევ ერთმა უძველესმა ღირშესანიშნაობამ უმასპინძლა, რაც არცაა გასაკვირი, რადგან ბამბორომ, რომელმაც უამრავი ბრძოლა გადაიტანა და მხოლოდ ინგლისელი მეწარმის უილიამ არმსტრონგის მფლობელობაში გადასვლის შემდეგ დაიბრუნა პირვანდელი სახე, სრულად შეინარჩუნა ისტორიული ღირებულება.

 

 

მსგავსი თემები