პროდიუსერ თეონა ჯორბენაძის და ConceptArt • კონცეპტArt-ის  ორგანიზებითა და თბილისის მერიის პატრონაჟით, ივლისის შუა რიცხვებიდან ღია, ამფითეატრის ტიპის საკონცერტო სივრცეში, რომელიც წყნეთში მდებარეობს, სხვადასხვა  ჟანრის მუსიკალური საღამო იმართება, არაჩვეულებრივი მუსიკოსების მონაწილეობით.

აქამდე „უღრან ტყეში“ სუფთა ჰაერი თავადაც ისუნთქეს და სხვებსაც მისცეს ამის საშუალება ნიკოლოზ რაჭველმა, გიორგი ცაგარელმა, გიორგი გიგაშვილმა, პაპუნა შარიქაძემ, ვალერიან შიუკაშვილმა, ოთარ ჯორჯიკიამ, ზვიად ბოლქვაძემ…

ღონისძიებების სერია ძალზე წარმატებულია და მსმენელის დიდ სიმპათიას იმსახურებს.

აღსანიშნავია, რომ პაპუნა შარიქაძის საღამოზე მხოლოდ ინსტრუმენტული ჯაზური მუსიკა არ ჟღერდა და მას პარტნიორობას ვოკალისტებიც უწევდნენ.

ჩვენ გამოვარჩიეთ ერთ-ერთი ნომერი, რომელიც პაპუნას, ლევან დეისაძის, ზაზა ცერცვაძის აკომპანემენტით, მარიამ ჯანჯღავამ შეასრულა. ფესტივალის პირველ დღეს გაწვიმდა, მაგრამ მუსიკას მონატრებული მსმენელი და მაყურებელს მონატრებული მუსიკოსები არ დაიშალნენ და თავსხმა წვიმის მიუხედავად რამდენიმე კომპოზიცია მაინც შეასრულეს.

გამორჩეული იყო საოპერო შესრულების საღამო, ოთარ ჯორჯიკიასა და მისი მეგობრების მონაწილეობით.

26 ივლისს, ზვიად ბოლქვაძის საავტორო საღამოზე მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა ნიჭიერმა ამუსიკოსებმა, მათ შორის იყვნენ: ანნა ჭანია (ვიოლინო), ანასტასია აღლაძე (ვიოლინო), გიორგი მარდალეიშვილი (ვიოლა), გიორგი ნადარეიშვილი (ჩელო). განსაკუთრებული მუსიკალური საღამოს სტუმარი გახლდათ პოეტი რატი ამაღლობელი.

როგორც თეონა ჯორბენაძემ საღამოს დასრულების შემდეგ დაწერა:

„რატის ერთი ფრაზა და ზვიადის ერთი გამღერება იქცა მთელი პროექტის ინსპირაციად.

“გაითავისე ცა და ისუნთქე” დღეს ეს საღამო იყო, მთავარი და ემოციებისგან ცოტა თავს რომ აგატკიებს ისეთი. ყველასი მშურს, ვინც ამოგვაკითხა “უღრან ტყეში” და ჩვენს პრემიერას დაესწრო. კიდევ უფრო ბედნიერი ვიქნებოდი მხოლოდ მაყურებლის როლში რომ შემძლებოდა ამფითეატრში მშვიდად ჩამოჯდომა.

განუზომელი მადლობა და ამ პროექტმა სიცოცხლე უნდა გააგრძელოს“.

პროექტი კი გრძელდება და მის ფარგლებში არაერთი საღამო გველოდება.

 

ტეგები: კონცეპტArt

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05