LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში წასული ქართველი ექიმი: „ყველა უკრაინელი ყოველი ფეხის ნაბიჯზე გამოხატავს მადლიერებას… ადამიანებმა დაგვიჩოქეს მადლობის ნიშნად…“

682
eqimebi

ქართველ ექიმთა ჯგუფი დღეს დილას უკრაინიდან დაბრუნდა. „ლელოს“ ორგანიზებითა და ამავე პარტიის დაფინანსებით, უკრაინელი ექიმების დასახმარებლად საქართველოდან ათკაციანი ჯგუფი ჩავიდა. მათ შორის გახლდათ ექიმი ნუგზარ ჩხიკვაძე, რომელიც fortuna.ge-ს საინტერესოდ ესაუბრა რვადღიანი ვიზიტის შესახებ ივანო-ფრანკოვსკის ოლქის ქალაქ კოლომიაში, სადაც ექიმები სხვადასხვა სამედიცინო ლოკაციაზე გადანაწილდნენ. ბატონი ნუგზარი სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც პაციენტებთან უშუალო შეხებისა და კონსულტაციების გარდა, სამოქალაქო პირებსა და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს ტრენინგებს უტარებდა.

ნუგზარ ჩხიკვაძე: 

ამ ათკაციანი ჯგუფის შემადგენლობაში ვიყავით საქართველოდან ცხრა და ერთი – გერმანიიდან, ასევე ქართველი. ცხრა ექიმი გახლდით, ერთი ექთანი, რომელსაც აქვს სამხედრო გამოცდილება და უმუშავია 2008 წლის ომის დროს. ეს ჯგუფი შეიქმნა „ლელოს“ უშუალო ორგანიზებით, საორგანიზაციო თუ ფინანსური კუთხით. წასვლის მსურველი ძალიან ბევრი იყო და შეირჩნენ ისინი, ვინც პირველ ეტაპზე უნდა გამგზავრებულიყო უკრაინაში. პირველი კონტაქტი შედგა ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელმაც გადაგვამისამართა ერთ-ერთი ქალაქის, კოლომიას ადმინისტრაციასთან, მერის მოადგილესა და საავადმყოფოების, სამოქალაქო თუ სამხედრო, მთავარ ექიმებთან. წასვლამდე მოვაწერინეთ საჭირო ნივთების სია, ნაწილი თან წავიღეთ, ნაწილს კიდევ „ლელო“ აგზავნის, საკმაოდ დიდ ტვირთს, შესაძლოა, უკვე გაგზავნილიც აქვთ.

იქ ჩასულები სხვადასხვა საავადმყოფოში გადაგვანაწილეს. მე სამხედრო ჰოსპიტალში გახლდით.

სამედიცინო რეფორმა უკრაინაში ახალი დაწყებულია, ამიტომ ჩვენი გამოცდილება გაცილებით მაღალია, სპეციალისტების კვალიფიკაციაც. ჩვენ გვახლდნენ საქართველოში საუკეთესო სპეციალისტები. ძირითადად, ვატარებდით კონსულტაციებს. ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ახალგაზრდა ექიმმა ბაკურ მეტრეველმა ერთი ადამიანი რეალურად გადაარჩინა, რადგან მას დიალიზი სჭირდებოდა სასწრაფოდ. ბაკურმა გადაწყვიტა, რომ ეს სასიცოცხლო ჩვენება იყო, თავად წაჰყვა კლინიკაში და ეს პაციენტი გადარჩა. ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი ოპერაციებზე იყო კონსულტანტად. ჩვენი ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ტრენინგები პირველად დახმარებაში ფრონტზე. თითქმის მთელი უკრაინა არის გადაქცეული სამხედრო ბაზად. ყველა ემზადება ომში წასასვლელად. სამოქალაქო მოსახლეობასაც ხომ სჭირდება პირველადი სამედიცინო დახმარების ცოდნა. ეს ტრენინგები ჩავატარეთ როგორც სამოქალაქო პირებს, ასევე ექიმებს შორის და სამხედრო ნაწილში.

ფაქტია, რომ ძალიან კმაყოფილები იყვნენ. ეს იყო ჩვენი პირველი დესანტი. ელოდებიან ახალ შემოტევებს და კვალიფიციური ქირურგები, ტრავმატოლოგები და სამხედრო ექიმები აუცილებლად დასჭირდებათ.

როგორ აღწერთ ზოგად სიტუაციას?

დასავლეთ უკრაინაში გახლდით, სადაც განსაკუთრებით გამოირჩევიან რუსეთისადმი დიდი „სიყვარულით“. ყველა არის მზად საბრძოლველად, როდესაც დაუძახებენ. საკუთარ გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება არც ერთ ადამიანს. უამრავი ადამიანია ფრონტზე წასული, მათ შორის მერიის სამსახურის უფროსები, ექიმები, მამაკაცების უმეტესობა. სასტუმროში, სადაც გვაცხოვრებდნენ, მისი მფლობელის შვილი და სიძე არიან ფრონტზე, ერთი სიტყვაც არ დასცდენია. იციან, რომ იბრძვიან და ამით ამაყები არიან. დასავლეთ უკრაინელები ისტორიულადაც ძალიან მებრძოლები არიან. იქ სტეფან ბანდერას ბოლო თანამებრძოლი 60-იან წლებში დააკავეს და სულისკვეთება დარჩენილია.

საქართველოში რომ ჩამოვედი, წავიკითხე, უკრაინა გაანადგურესო… უკრაინას ფეხიც კი არ დაუდგამს რუსეთის ტერიტორიაზე ერთი ნაბიჯითაც კი. პუტინს უნდოდა უკრაინასთან ომი და დაიწყო. ასე რომ, როცა კრიტიკოსები წერენ, ზელენსკის ომი უნდა აეცილებინაო, ვერ აიცილებ, როცა პუტინს ომი უნდა. აღმოსავლეთ უკრაინიდან ოჯახებით არიან წამოსულები, ქალებს და ბავშვებს უშვებენ… მამაკაცები ფრონტზე მიდიან. აღარ არსებობს იქ რუსულენოვანი მოსახლეობა, ყველა უკრაინელია და ერთნაირი ზიზღი აქვს რუსეთის მიმართ. საუბარში რუსებს ცხოველებს უწოდებენ, თუმცა ისინი სჩადიან იმას, რასაც ცხოველებიც არ სჩადიან. არც ერთი არსება არ შეიძლება, რუსს შეადარო, ისეთი სასტიკები და ბოროტები არიან. სამხედრო ჰოსპიტალში უამრავი დაშავებული მოჰყავდათ. ერთს კანტუზია ჰქონდა და ამბობდა, ყურში უკრაინის ჰიმნი მესმის და როგორც კი გაჩერდება, უკან დავბრუნდებიო…

თქვენ თუ იხილეთ უშუალოდ ის პაციენტები, რომლებიც სასტიკად განადგურებული ქალაქებიდან იყვნენ?

მე სამხედრო ჰოსპიტალში გახლდით და უკრაინელ ჯარისკაცებს რუსი ჯარისკაცები სასტიკად ვერ ექცევიან, რადგან სადაც კი შეხება აქვთ, უკრაინელები უგებენ მათ. ქალაქებში რომ შედიოდნენ, რუსები იქ ექცეოდნენ სასტიკად ქალებსა და ბავშვებს, სამოქალაქო პირებს… ვიცით მონაყოლი და გაგიჟებულები ვიყავით. ბუჩასა და ირპენში ხომ ქართველი სამხედროები იყვნენ და გამოფრენის წინ გვიყვებოდნენ, ყველა ქალაქი იყო მიწასთან გასწორებული, ყველა სახლი დაბომბილი და გვამებზე, რომლებიც ქუჩაში ეყარა, ასაფეთქებლები ჰქონდათ დამონტაჟებული. ბავშვების გაუპატიურებაზე აღარ ვსაუბრობ…  ეს არ არის ცივილიზებული ომი – ერთი მხრივ იბრძვის მშიერი, გაბოროტებული, უბედური ძალა და მეორე მხრივ იბრძვის ევროპული ცივილიზებული ქვეყანა, რომელიც იცავს თავს. კედლებზე წარწერები ჰქონდათ დატოვებული: „ვინ მოგცათ ასე ცხოვრების უფლება?“ აი, ასეთი ველური მასაა, რომელიც შურისა და ბოღმისგან არის გაბოროტებული.

თქვენთვის, როგორც ქართველისთვის, რა ემოციას უკავშირდებოდა უკრაინაში ახლა ჩასვლა?

მე მოვიქეცი ისე, როგორც უნდა მოიქცეს კაცი, როცა შენიანს უტევენ. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი, ისინი საქართველოსთვისაც იბრძვიან. როცა ძმასა და მეგობარს ეხმარები, ეს ხომ გმირობა არ არის?! თავიდან, რომ ჩავედით, ყველა ჩვენგანს უნდოდა პირდაპირ ფრონტის ხაზზე წასვლა, მზად ვიყავით… ასჯერ რომ მითხრან, ასჯერვე წავალ. ალბათ, კიდევ გაკეთდება ქართველი ექიმების ჯგუფი. ვფიქრობ, არაფერი განსაკუთრებული ჩვენ არ გაგვიკეთებია, თუმცა მნიშვნელოვანია მადლიერების გრძნობა, რომელსაც ჩვენ და ზოგადად, ქართველების მიმართ ყველა უკრაინელი გამოხატავს ყოველი ფეხის ნაბიჯზე, ყველა ერთნაირად მადლიერია. უხერხულადაც ვიგრძენით თავი, რადგან ერთმა კაცმა და ერთმა ქალმა დაგვიჩოქეს მადლობის ნიშნად და გვითხრეს, ასე თუ შეგვიძლია მადლობის გადახდაო. გულდასაწყვეტი ის იყო, რომ არა ნიშნის მოგებით, მაგრამ გვისვამდნენ კითხვას, თქვენს ხელისუფლებას რა სჭირსო. უკრაინელი ხალხის განწყობა ქართველების მიმართ არის უაღრესად დადებითი. თუნდაც ამ საქმისთვის ღირდა იქ ჩასვლა. კიდევ ერთხელ დავანახვეთ, რომ ომში მათ გვერდით ვდგავართ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები