LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია” – პრემიერი ზელენსკისთან საუბარზე

178
1

უკრაინის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის საუბარზე, ვოლოდიმერ ზელენსკის შემდეგ, ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციაც ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებს შორის სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის დროს ვოლოდიმერ ზელენსკი დაინტერესდა უკრაინის მოქალაქის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

“ირაკლი ღარიბაშვილმა მას განუცხადა, რომ პატიმარი სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების პირველივე დღიდან, ისევე როგორც სხვა პატიმრები, იმყოფება მონიტორინგის ქვეშ და მას 24-საათიან რეჟიმში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება ეწევა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საშუალება ეძლევა, რომ იგი მოინახულონ როგორც მისმა ადვოკატებმა, ოჯახის წევრებმა, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა და შესახლების დღიდან მას ასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.

პრეზიდენტი ზელენსკი საუბარში შეეხო პატიმარი სააკაშვილის ციხის ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხს, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს განუცხადა, რომ მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს და ექიმებს. შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელდა კანონით განსაზღვრული ქმედებები.

სატელეფონო საუბრისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედებები შეაფასა როგორც პროვოკაციული, დესტრუქციული და ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი და განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს ასევე განუცხადა, რომ ძებნილმა სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, მაშინ როცა იგი უკვე იყო მსჯავრდებული და ბრალდებული სხვა მძიმე დანაშაულებებისთვის.

ვოლოდიმერ ზელენსკიმ ითხოვა, რომ განხილული იყოს შესაძლებლობა და უკრაინელ ექიმებს მიეცეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების უფლება, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქართველი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები ზრუნავენ.” – წერია მთავრობის ადმინიტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ზელენსკიმ “ტვიტი” გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ის პრემიერს მიხეილ სააკაშვილზე ესაუბრა:

ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარში მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო ნორმების შესაბამისად. ასევე მოვითხოვე, სააკაშვილთან მისი დედა, ახლობლები და უკრაინელი ექიმები შეუშვან.” – წერს ზელენსკი.