LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმრავლესობა მოსამართლეთა დანიშვნის კანონპროექტს არ დააბრუნებს

123
parlamenti

“ამის საფუძველი არ არსებობს. კანონპროექტი მაქსიმალურად დახვეწილია და ასახავს იმ ინტერესს, რასაც მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით სასამართლოს დაკომპლექტების ინტერესი ჰქვია,”- ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ოპონენტების მოთხოვნას გამოეხმაურა, რომლებიც კანონპროექტის მეორე მოსმენაზე დაბრუნებას ითხოვენ.

“თუ ერთი ოპონენტი მაინც მოიტანს ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის მაგალითს, სადაც ამის მეათედი მაინც გაწერილია, მაშინ ჩვენ შეიძლება დავაბრუნოთ მეორე მოსმენაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი ადგენს უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას, რომელსაც “არ აქვს ანალოგი არცერთ ევროკავშირის ქვეყანაშიც კი.”

“ნებისმიერს შეუძლია, გადაამოწმოს ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების კანონმდებლობა, პრაქტიკა და გამოცდილება. არსად ამის მეათედიც კი არ არის გაწერილი. აქედან გამომდინარე, პროცესის შეჩერების არავითარი საფუძველი არ არსებობს. პირიქით, ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი მოტივაცია იმისა, რომ საბოლოოდ მივიღოთ ეს კანონი, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს პროცესი, რომლის საბოლოო შედეგი იქნება მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში”, – განაცხადა კობახიძემ.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის როს უილსონის განცხადებით, “ბოლო ცვლილებებით, რაც მიღებული იქნა ამასთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილები ვართ – ადეკვატურად და სრულად არ გაითვალისწინეს ის რეკომენდაციები, რაც ევროკავშირმა, ევროსაბჭომ, ვენეციის კომისიამ, ასევე ეუთომ გასცა.”