უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და 15.6% შეადგინა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.

პრემიერის განცხადებით, სიღარიბე და უმუშევრობა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

“ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ სიღარიბის დამარცხება და უმუშევრობის შემცირება. მესამე კვარტალი ამ კუთხითაც გამოირჩეოდა. უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმ მიაღწია და 15.6% შეადგინა. ასევე, 2 წელიწადში, 2021 წლის მეორე კვარტალიდან 2022 წლის მესამე კვარტალის ჩათვლით, შეიქმნა 229000 სამუშაო ადგილი, 22900 ათასი ადამიანი დასაქმდა ამ ბოლო ორ წელიწადში.

აქედან, არასახელმწიფო სექტორში 209000 ადამიანია დასაქმებული. ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სოციალურ დაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმებას, 30000-ზე მეტი სოციალური დაუცველი უკვე დასაქმებულია ბოლო 6-7 თვეში, რესურსი ძალიან დიდია. 200 000 ათასი ადამიანი არის სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი და ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ეს ადამიანი დავასაქმოთ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, 2023 წელს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ექნება.

“ჩვენ 10%-იან ეკონომიკურ ზრდას ველოდებით წელს, საშუალო ვადიან პერიოდში პროგნოზი შემდეგია, რომ საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში და ევროპის მასშტაბით. ეს არის ჩვენი ჩვენი პარტნიორების IMF-ის და მსოფლიო ბანკის პროგნოზები”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ ღონისძიებაზე.

სოფიო ბერიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები