LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უნდა არსებობდეს განრიგით გასვლა და არა ე.წ. შეივსება და გავიდა” – 2020 წლიდან ავტოსადგურების ლიცენზირება იგეგმება

1169
okribasavtosadguri

2020 წლის დასაწყისიდან ავტოსადგურებისთვის შესაძლოა, ლიცენზირების პირობები გამკაცრდეს და ავტოსადგურებს მთელი რიგი სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწიოთ.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების ჩამონათვალში პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ტრანსპორტის სექტორის, როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი დარგის განვითარება და ხელშეწყობა.

ამ მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს, როგორც 2019 წლის, ასევე შემდგომი პერიოდის სამოქმედო გეგმებში, სხვა მნიშვნელოვან რეფორმებთან ერთად, განსაზღვრულია ქვეყნის შიგნით მგზავრთა რეგულარული გადაყვანის მოწესრიგება.

„აუცილებელია, შიდა სამგზავრო გადაყვანები ხორციელდებოდეს იმ სტანდარტებით, რაც შეესაბამება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს და აპრობირებულ საერთაშორისო გამოცდილებას.

ეს არის სტანდარტები, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს მგზავრის უსაფრთხოებას, კომფორტს და მარტივ ხელმისაწვდომობას იმ სერვისებთან, რომელთა შექმნასაც გეგმავს ეკონომიკის სამინისტრო, ქვეყნის შიგნით მგზავრთა რეგულარული გადაყვანის რეფორმის განხორციელების შედეგად,“ – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

ავტოსადგურებს სხვადასხვა სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ, ისინი სამ კატეგორიად დაიყოფიან. ყველაზე მკაცრ რეგულაციას პირველი კატეგორიის ობიექტები დაექვემდებარება, რომლებიც დიდ ქალაქებში იქნება განთავსებული და ამ ტიპის ავტოსადგურებში იქნება სპეციალური საინფორმაციო ოთახი ტურისტისთვის, სადაც უცხოელი ვიზიტორი ინგლისურ ენაზე მიიღებს მისთვის საჭირო ნებისმიერ ინფორმაციას.

ეკონომიკის სამინისტროს მიზანია, მგზავრის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება მოხდეს ისე, რომ კვალიფიციურ, სერტიფიცირებულ კომპანიებს მიეცეთ შესაძლებლობა, ჯანსაღ კონკურენტულ გარემოში განავითარონ, როგორც ავტოსადგურების ინფრასტრუქტურა, ასევე მგზავრთა რეგულარული გადაყვანა ახალი, თანამედროვე, გამართული და კომფორტული სატრანსპორტო საშუალებებით, სადაც მკაცრად გაკონტროლდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ეკოლოგიური უსაფრთხოება, მძღოლების სამედიცინო შემოწმება და კვალიფიკაცია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გადაყვანასთან დაკავშირებული პირობები და ყველა სერვისი, რომელიც ამოქმედდება ახალი რეფორმის განხორციელების შედეგად.

ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ რეისების რაოდენობას თავად ბაზარი, მოთხოვნის შესაბამისად დაარეგულირებს. რაც შეეხება ავტოსადგურების მუშაობის გაკონტროლებას, მას კანონი და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო გააკონტროლებს, რომელიც ავტოსადგურის სერტიფიცირებას განახორციელებს.

„მანამ, სანამ საკანონმდებლო ცვლილების პროექტი პარლამენტში იქნება წარდგენილი, საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება, როგორც სატრანსპორტო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, ასევე სფეროს ექსპერტებთან, არასამთავრობო სექტორთან და მედიასთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან,“ – განუცხადეს „ფორტუნას“ ეკონომიკის სამინისტროში.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის განცხადებით, იგეგმება „ტახომეტრების“ ამოქმედება.

„გვინდა ამოქმედდეს „ტახომეტრები“, რომ არ მოხდეს მძღოლის გადაღლა და ერთი დღის განმავლობაში რამოდენიმე რეისის შესრულება არ უწევდეს, რასაც შესაძლოა, ადამიანი ვერ იტანდეს და გადაღლილი მძღოლი არის საფრთხე მგზავრებისთვის და სხვისთვის,“ – აცხადებს აკაკი საღირაშვილი.

 

 

 

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რეისების განრიგის დარეგულირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი არსებობა აუცილებელია.

„უნდა არსებობდეს განრიგით გასვლა და არა ე.წ. შეივსება და გავიდა. სწორედ ამის აღმოსაფხვრელად გვსურს, კონკრეტულ საათზე იყოს მიბმული კონკრეტული რეისი.
რაც შეეხება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ეს სადგურის ადმინისტრაციას დაევალება. მას ვისაც სურს, რომ მოაწყოს სადგური ან არსებული სადგური ვისაც აქვს, მოუწევთ ავტოსადგური ახალ სტანდარტთან შესაბამისობაში მოიყვანონ,“ -განმარტავს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, აკაკი საღირაშვილი.

 

 

„ფორტუნა“ ავტოსადგურ ოკრიბას წარმომადგენელს ესაუბრა. მაია ელბაქიძე ცვლილებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ავტოსადგურების ლიცენზირება, დაურეგულირებელი მარშრუტების პრობლემას მოხსნის.

„აღარ მოხდება მძღოლების ინიციატივით მგზავრების გადაყვანა, მგზავრებს რომ აგროვებენ და შემდეგ რეისზე გადიან. ეს ამ პრობლემას მოხსნის,“ – აცხადებს მაია ელბაქიძე.

მისივე განცხადებით, ავტოსადგური “ოკრიბა” ყოველთვის წესების დაცვით მუშაობდა და საკუთარი ავტოპარკით არის წარმოდგენილი.

„სატრანსპორტო საშუალებები გამართულია. არსებობს განრიგი, რომლის მიხედვითაც მძღოლები გადიან რეისზე,“ – აცხადებს მაია ელბაქიძე.

შპს „ოკრიბას“ წარმომადგენელი ე.წ. „ტახომეტრების“ შესაძლო ამოქმედებაზეც საუბრობს.

„მძღოლებს დღის განმავლობაში არ უნდა უხდებოდეთ რამდენიმე რეისის შესრულება, რადგან შესაძლოა, მისი დაღლილობა მგზავრების უსაფრთხოებას ეჭვის ქვეშ აყენებდეს. ჩვენს ავტოსადგურში ამას ვითვალისწინებთ და მძღოლებს რამდენიმე რეისის შესრულება არ უწევთ,“ – განაცხადა შპს „ოკრიბას“ წარმომადგენელმა მაია ელბაქიძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 150-მდე ავტოსადგურია, აქედან 27 დედაქალაქში მდებარეობს.

პოპულალურები