LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა შეეგუო თუ უნდა იბრძოლო: როგორია ჭოლას ჰამლეტი მარჯანიშვილში

584
70972363-2882727051755030-6557334623313985536-o

თბილისის თეატრალური ფესტივალის ქართულ პროგრამაში, გარდა რეგიონალური თეატრებისა, მარჯანიშვილის თეატრიც ჩაერთო, რომელმაც ფესტივალის სტუმრებისთვის „ჰამლეტი“ წარმოადგინა. ყველა დროისა და ხალხის დრამატურგის უკვდავი და, შეიძლება ითქვას, მთავარი პიესა წინა სეზონის მიწურულს დაიდგა და დიდი ინტერესი გამოიწვია.

შექსპირი და მით უფრო „ჰამლეტი“ ისეთი თემაა, რომ მას ბოლომდე ვერ შეცვლი და შექსპირისეული ენა, სათქმელი და სიბრძნე უნდა დატოვო. ამასთან, იმდენი ვინმე შეეჭიდა კაცობრიობის მუდმივ პრობლემებსა და სადარდებელს, რომ რაღაც ახალი და თანამედროვე ელემენტებიც უნდა დაუმატო, რომ მაყურებელი არ გაგექცეს. შექსპირის სცენაზე გადატანა რამდენადაც საინტერესო და საპატიო, იმდენად რთული და სარისკოა.

ლევან წულაძე დიდი გამოცდილების რეჟისორია და რა არ დაუდგამს, მათ შორის მარჯანიშვილში და ამ დასთანაც დიდი ხანია მუშაობს. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ერთგვარად მომწიფდა მისთვის „ჰამლეტი“. თუნდაც ამის გამო იწვევდა ინტერესს რას და როგორ გადაწყვეტდა ჭოლა და როგორ „გაქაჩავდნენ“ რეჟისორის საყვარელი მსახიობები, რომლებიც თითქმის ყველა თავის სპექტაკლში ყავს დაკავებული.

სცენის ცალ მხარეს სამრეცხაოა რამდენიმე სარეცხი მანქანით და ბევრი თეთრეულით, რაც სიმბოლურ დატვირთვად უნდა აღვიქვათ. ეს ერთგვარი სამრეცხაოა იმ სამყაროში, სადაც ადამიანს ყოფნა, მიზნის მისაღწევად ყველაფერზე წასვლა, თავის გადარჩენა, სიცრუე, ცილისწამება, ღალატი, ჭუჭყი უწევს… სიღრმეში გაკეთებული სცენის (პარტერის პირველი რიგები აღებულია და სცენას ეთმობა) დანარჩენ ადგილზე კი მინიმალური დეკორაცია… კლასიკური შარვალ-კოსტუმი (კლავდიუსი), მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტული ქურთუკი (გილდესტერნი), რევოლვერი, საკრედიტო ბარათი, მობილური ტელეფონი, პრეზერვატივების შეკვრა, „დრელი“ და ა.შ. არა შექსპირისეული ეპოქის ელემენტები… სამაგიეროდ შენარჩუნებულია პერსონაჟები, სიუჟეტური ხაზი და ავტორის ტექსტი, ენა და ბუნებრივია მისი სიბრძნე.

სპექტაკლი ორმოქმედებიანია და დიდხანს გრძელდება, ლამის სამსაათნახევარი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ არის დამღლელი და ერთი ამოსუნთქვით მიყვები.

 

ჰამლეტი ნიკა კუჭავაა, ოფელია ანა ვასაძე. მსახიობების თამაშსა თუ რეჟისორის გადაწყვეტილებებზე მოსაზრება სუბექტურია და ვის როგორ მოსწონს, მაგრამ ახალგაზრდა მსახიობებმა თავისებური პერსონაჟები შექმნეს – ძირითადად ტრაგიკული, თუმცა იშვიათად იუმორიც დაკრავდათ, გარდასახვაც უწევდათ და შეყვარებული ადამიანიდან ჭკუაშეშლილიც უნდა ეთამაშათ.
სპექტაკლში უფრო გამოცდილი მსახიობებიც არიან. თანამედროვე ვარიანტში გადაწყვეტილი კლავდიუსი – ნიკა თავაძე; ძმისთვის წართმეული მისი „მეუღლე“, დედოფალი გერტრუდა – ბარბარე დვალიშვილი; დავით ხურცილავა, რომელიც პოლონიუსს თამაშობს და აკაკი ხიდაშელი – მას ორი როლი აქვს: მოკლული მეფის აჩრდილის და მოხუცი მსახიობის, რომელმაც უნდა ამხილოს მკვლელი ძმა.
გილდესტერნს თამაშობს ძველი თაობის წარმომადგენელი ზაზა სალია, ხოლო ახალგაზრდები, მაგრამ საკმაოდ დატვირთული მსახიობები კოკო როინიშვილი (ჰორაციო) და ანა გრიგოლია (როზენკრანცი) საინტერესო სახეებს ქმნიან. ისევე როგორც ლაერტის როლის შემსრულებელი პაატა პაპუაშვილი.

მართალია მოქმედება თანამედროვეობაშია გადმოტანილი, მაგრამ მთავარი სათქმელი უცვლელია – როგორ უნდა იცხოვროს კაცმა: მიყვეს ცხოვრების დინებას და მიიღოს მისი თამაშის წესები თუ შეებრძოლოს ფლიდ, უმეცარ, მოღალატეობრივ სამყაროს და საბოლოოდ შეეწიროს კიდეც.
გადის დრო, იცვლება სამყარო, მაგრამ უცვლელია ღირებულებები და ადამიანის რაობა.
ყოფნა თუ არ ყოფნა? და როგორი ყოფნა – აქტიური თუ შემრიგებლური?

დროთა კავშირი დაირღვა და წყეულმა ბედმა მე რად მარგუნა მისი შეკვრა!

 

ლევან წულაძე (რეჟისორი):
„მოქმედება ჩვენს დროშია გადმოტანილი. ეს ის თაობაა, რომელიც მეტს ფიქრობს, ვიდრე მშობლები, რომლებიც მოქმედებდნენ, აკეთებდნენ, ომობდნენ და ა.შ.
ეს ფიქრობს გაერკვეს რისთვის არის ეს ყველაფერი, ღირს თუ არა ღირს ეს ყველაფერი.
საკითხები რა თქმა უნდა მუდმივია თავისი ცნობილი მონოლოგით რა ჯობია – შეეწინაღმდეგო თუ დაიძინო“…

 

ბევრი რამ ჰხდება ჰორაციო, ზეცად და ქვეყნად, რაც ფილოსოფთ სიზმრად არც კი მოლანდებიათ…

 

სიუჟეტური ხაზი ავტორისეულია.
მოქმედება დანიაში მიმდინარეობს და აღწერს ხელმწიფის შვილის ჰამლეტის შურისძიებას ბიძამისზე, რომელმაც ჰამლეტის მამა და მეფე ვერაგულად გამოასალმა სიცოცხლეს, ძალიან მალე, ორ თვეში კი ჰამლეტის დედა, მეფის ცოლი თავად შეირთო.
ამბავი ტრაგიკულად სრულდება და ჩნდება შიშნარევი და ბურუსით მოცული კითხვა: იქ, იქ რა არის?!.

 

ლაშა ბუღაძე (ადაპტირების ავტორი):

„ერთ-ერთ სცენაში ჰამლეტი წიგნით ხელში გვევლინება და როცა მას შეკითხვით მიმართავენ, რას კითხულობო, ფილოსოფიური ბუნდოვანებით პასუხობს: სიტყვებს, სიტყვებს, სიტყვებს…
ჰამლეტი აპოკალიფსის მხედრად მიიჩნევს თავს – თუნდაც მხოლოდ აქ, ელსინორის დანაშაულებითა და თვალთმაქცობით მოწამლულ ციხესიმაგრეში, სადაც დემონებთან საბრძოლველად მხოლოდ აკრძალული სიმართლის თქმა და მხილება დარჩა იარაღად…

როცა ყველა ცრუობს და არავის უნდა სინამდვილის აღქმა, სიმართლის მთქმელი სიძულვილის ობიექტად იქცევა: თითქმის შეუძლებელია ასეთი ადამიანის ატანა, რომელიც დაუღალავად მოგიწოდებს რეალობას გაუსწორო თვალი…“

 

სხვა რაღა დარჩა? საუკუნო სიჩუმე მხოლოდ…

„ჰამლეტი“ შექსპირის ყველაზე გრძელი პიესაა. ის ერთ-ერთი უძლიერესი და გავლენიანი ტრაგედიაა მთელი მსოფლიო მასშტაბით, რომელიც ყველა დროსა და ხალხებში აქტუალობას არ კარგავს და უკვდავებად არის ქცეული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები