ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში უნგრეთის ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

განსაკუთრებული ყურადღება ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე გამახვილდა, ასევე თანამშრომლობაზე ტურისტულ სფეროში უსაფრთხო სტანდარტების დანერგვისა და ორმხრივი მწვანე დერეფნის ჩამოყალიბების მიმართულებით.

შეხვედრაზე ნათია თურნავამ უნგრეთის ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული წარმატებული ქმედებების შესახებ, რომელიც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, უფრო სწრაფად დაუბრუნდეს აქტიურ ტურისტულ ცხოვრებას. მისი თქმით, საქართველომ ჯანდაცვისა და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, მოამზადა გაიდლაინები ტურისტული სექტორისთვის, რომელიც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მინისტრის განცხადებით, მათი დაცვა კიდევ ერთხელ განამტკიცებს საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების იმიჯს მსოფლიოში.

უნგრეთის ელჩი დაინტერესდა იმ ნაბიჯებით, რომელიც საქართველომ გადადგა ტურისტულ სექტორში პანდემიის გავრცელების პრევენციის მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მალე აღდგება ტურისტული ნაკადები.

„საქართველო ძალიან კარგად უმკლავდება კორონავირუსის პანდემიის გამოწვევებს. ჩვენ დადებითად ვაფასებთ საქართველოს მთავრობის ინიციატივებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ვირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება. ჩვენ ასევე მივესალმებით უსაფრთხო დერეფნის შექმნის იდეას. მოხარული ვართ, რომ მონაწილეობას ვიღებთ ამ მოლაპარაკებებში და ვიქნებით ერთ-ერთი პირველები იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც თქვენს მშვენიერ ქვეყანაში გამოგზავნიან ბიზნესებსა და ტურისტებს“, – განაცხადა უნგრეთის ელჩმა.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05