LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უპირველესი საზრუნავი ბავშვების ჯანმრთელობაა, თუ კრიტიკას ვიმსახურებთ ამის გამო, გვაკრიტიკეთ” – განათლების სამინისტროს წარმომადგენელი

172
119599655-605799646754015-5741363406459778923-n

განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ეკა კვიტაშვილი დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.

კვიტაშვილი წერს, რომ უწყება მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა.

მათთვის უპირველესი კი, ბავშვების ჯანმრთელობაა.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“არ შემიძლია, არ დავწერო…
დღეს დილიდან ვისაც არ დაეზარა, ვისაც ეკრანზე თუ სოც ქსელში გამოჩენა მოუნდა, საბაბად ახალი სასწავლო წლის დაწყება გამოიყენა!
ახლა მე აგიღწერთ რეალობას-
მთელი ზაფხული ყველა უწყება თავდაუზოგავად მუშაობდა, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად ვყოფილიყავით:
აშენდა 50 ახალი სკოლა, რეაბილიტირდა 800 ( მათ შორის სველი წერტილები), სკოლებისთვის შეიქმნა მკაცრი პროტოკოლი, სკოლები მოეწყო ამ პროტოკოლის შესაბამისად, სახელმწიფომ ყველა საჯარო სკოლას შეუძინა დისტანციური თერმომეტრები, სადეზინფექციო ხსნარები, პირბადეები. მთელი ზაფხული ყველა კლასისთვის იწერებოდა გაკვეთილები “ტელესკოლისთვის”. 600 000-ზე მეტ მოსწავლესა და 55 000-მდე მასწავლებელს სპეციალური პროფილები გაუაქტიურდათ Microsoft TEAMS-ში.
ყველა სახელმწიფო უწყება და უპირველეს ყოვლისა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყველაზე მეტად იყვნენ დაინტერესებულნი, რომ სწავლა საკლასო ოთახებში დაწყებულიყო, მაგრამ თან მათ აწევთ უდიდესი პასუხისმგებლობა თითოეული ბავშვის, მასწავლებლის და მათი ოჯახების წინაშე.
სწორედ ამიტომ, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, გამოიძებნა ოპტიმალური გამოსავალი – 1577 სკოლაში ( იქ, სადაც კოვიდ ინფექციის გავრცელების ნაკლები რისკია) სწავლა დაიწყო კლასებში, ხოლო 730-მდე სკოლაში ( მაღალი რისკის მქონე დიდ ქალაქებში) – ონლაინ.
და რა არის აქ ან გაუგებარი, ან მიუღებელი?!
მარტივია ალბათ კრიტიკა, როცა ყოვლად უპასუხისმგებლოდ შეგიძლია თქვა რაც გინდა, როგორც გინდა. არადა ყოველი ასეთი უპასუხისმგებლო განცხადების მიღმა შეიძლება კონკრეტული ადამიანების ჯანმრთელობა და მომავალი იდგეს.
ჩვენდა საბედნიეროდ, დღეს სახელმწიფოს და სამინისტროს ამის ფუფუნება არ აქვს!
დიახ, უპირველესი საზრუნავი ბავშვების ჯანმრთელობაა, თუ კრიტიკას ვიმსახურებთ ამის გამო, გვაკრიტიკეთ…
ეს ის ტვირთია, რომელიც ყველა პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ უნდა ზიდოს…”-წერს კვიტაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები