LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უვიზო რეჟიმის გამოწვევები ორი წლის იუბილეზე – ემუქრება თუ არა საფრთხე ვიზალიბერალიზაციას

607
ნოვიზაა

28 მარტი – ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ზუსტად ორი წლის წინ, ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნების კარი გაიღო და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უვიზო რეჟიმის ფარგლებში, პირველი ავიარეისი შესრულდა. თუმცა, ამ ყველაფერს წინ ხანგრძლივი გზა, რეფორმები და საქართველოს მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უძღოდა.

ნაკისრი ვალდებულებების შესრულება საქართველოს ევროკავშირის მიმართ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგაც უწევს, თუმცა ხშირ შემთხვევაში მოქალაქეთა ნაწილი უვიზო რეჟიმით განსაზღვრულ პირობებს არღვევს. შესაბამისად, ამ ორი წლის განმავლობაში უკვე არაერთხელ გაჟღერდა დასავლელი პარტნიორებისგან გაფრთხილებები ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შესახებ.

„იმ შემთხვევაში თუკი უვიზო რეჟიმით განსაზღვრული პირობების დარღვევის რაოდენობა გაიზრდება, გერმანია შეჩერების მექანიზმის ამოქმედების განხილვას დაიწყებს“, – ეს განცხადება გერმანიის შსს მინისტრმა ერთი წლის წინ გააკეთა. მართალია გერმანიას ეს მექანიზმი არ აუმოქმედებია, თუმცა როგორც გერმანიაში, ასევე ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც ამის რისკები კვლავ არსებობს. მიზეზი საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი რაოდენობა და ევროპის ქვეყნებში კრიმინალის ზრდაა, სადაც ჩვენი თანამემამულეებიც ფიგურირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საკამოდ დიდია, რაზეც სტატისტიკა მეტყველებს, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას თქმით, ზოგიერთმა განცხადებებმა გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს საფრთხე დაემუქროს, თუმცა ეს ასე არ არის.

„ახლა შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება ევროკავშირის დღის წესრიგში არ დგას. ამაზე ევროკავშირთან კონსულტაციები მუდმივად გვაქვს, საქართველოს პრეზიდენტსა და ევროკომისიის პრეზიდენტს შორის ბოლო შეხვედრა უმაღლეს დონეზე გაიმართა. იუნკერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკავშირი მიესალმება და კმაყოფილია იმ ნაბიჯებით, რომელსაც საქართველო ვიზალიბერალიზაციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით დგამს. ჩვენი ქმედებები ევროკავშირისა და პარტნიორების ყურადღების ცენტრშია. საზოგადოებას მუდმივად ვაფრთხილებთ იმის თაობაზე, რომ ვიზალიბერალიზაციით მონიჭებული უფლების ბოროტად გამოყენება არ უნდა მოხდეს”, – განაცხადა ხულორდავამ.

თამარ ხულორდავას მსგავსად, საგარეო საქმეთა სამინისტროშიც მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ვიზალიბერალიზაცის საფრთხე არ ემუქრება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, ბოლო პერიოდში მართლაც გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, თუმცა ევროპის 12 ქვეყანას საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში ყავს შეყვანილი, რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოს მიიჩნევენ ისეთ ქვეყნად, სადაც დაცულია დემოკრატიული სტანდარტები და ადამიანის უფლებები. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს გაუჭირდებათ ევროპის ამ ქვეყნებში არაკანონიერი გზით თავშესაფრის მოთხოვნა.

„უვიზო მიმოსვლა, როგორც მოვლენა, არის ძალიან ხელშესახები სარგებელი, ჩვენი ქვეყნის მონაპოვარი და ეს უფრო აძლიერებს საქართევლოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივ თანამშრომლობას. იცით, რომ საქართველომ ძალიან რთული გზა გაიარა, რათა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის უფლება მოეპოვებინათ. ეს, რა თქმა უნდა, საერთო მონაპოვარია, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. ამ ორი წლის განმავლობაში გარკვეული ტენდენციები გამოიკვეთა, თუ სად, რა მიმართულებით გვაქვს გამოწვევები, რაზეც რა თქმა უნდა აქტიურად ვმუშაობთ. რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებლებს, ეს სტატისტიკა, რა თქმა უნდა, გაიზარდა და ლოგიკურიც არის რომ გაიზრდებოდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს მიეცა ევროპაში გადაადგილების შესაძლებლობა. ამ ორი წლის განმავლობაში 18 ათასმა მოქალაქემ შეიტანა განაცხადი თავშესაფრის მაძიებლობაზე. თუმცა აქედან დაახლოებით სამი პროცენტი დაკმაყოფილდა. რიგ ქვეყნებში იმდენად შემცირდა განხილვის ვადები და პროცედურები, რომ ხშირ შემთხვევაში განაცხადი ავტომატურად უკან ბრუნდება. ეს უნდა გაითვალისწინონ იმ ადამიანებმა, ვისაც მცდარი ინფორმაცია და მონაცემები აქვთ თავშესაფრის მაძიებლობაზე, იმიტომ რომ ისინი საფრთხეში აყენებენ თავისვე გადაადგილების შესაძლებლობას ევროპაში. გარდა იმისა, რომ დიდი ალბათობით, ისინი ვერ მიიღებენ თავშესაფარს, მოსალოდნელია, რომ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის გამო მათ შენგენის სივრცეში შესვლა ხუთი წლის ვადით აეკრძალოთ და ასევე დაჯარმიდნენ სამი ათასი ევროთი. გარდა ამისა, შენგენისა და ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სია, რომელიც ევროკავშირის 17 ქვეყანას გააჩნია. ეს სია გულისხმობს იმას, რომ სიაში შეყვანილ ქვეყანას მიიჩნევენ ისეთ ქვეყნად, სადაც დაცულია დემოკრატიული სტანდარტები და ადამიანის უფლებები. შესაბამისად, ამ ქვეყნების დიდმა ნაწილმა, 12-მა მათგანმა შეგიყვანა ასეთ სიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ აზრს არის მოკლებული მცდელობა, რომ რაღაც არაკანონიერი გზებით მოიპოვონ თავშესაფარი“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა რადიო „ფორტუნასთან“ საუბარში.

მისივე განცხადებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები ევროკავშირის ქვეყნებში, პარტნიორებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ და რიგ ერთობლივ ღონისძიებებს ატარებენ დარღვევების აღმოსაფხვრელად.

„ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის შეჩერების თეორიული შანსი ყოველთვის არსებობს. იცით, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მოიმატა კრიმინალმა, სადაც სამწუხაროდ ჩვენი თანამოქალაქეებიც არიან ჩართული, ბუნებრივია მოდიოდა გარკვეული წუხილები ამ ქვეყნებიდან. აბსოლუტურად ლოგიკურად ჩავთვალეთ, რომ დაგვეწყო ამაზე ადეკვატური რეაგირება. ჩვენ ამ შემთხვევაში ორი სახის რეაგირებას ვახდენთ. ერთი არის პრევენციის რეჟიმში მუშაობა, მეორე კი რეაგირების რეჟიმში მუშაობა. პრევენციის რეჟიმს რაც შეეხება, დავიწყეთ აქტიური კამპანია რეგიონებში მიზნობრივ ჯგუფებთან, მასწავლებლებთან, სტუდენტებთან, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან. ასევე საელჩოები მუშაობენ გარეთ, დიასპორულ ორგანიზაციებთან. გარდა ამისა, საკანონმდებლო დონეზე დამუშავების პროცესშია კანონი, რომელიც სავიზო რეჟიმის დარღვევის ან პოლიტიკური თავშესაფრის მიღების გამო რაიმე სახის ყალბი დოკუმენტების მომზადებაში დაეხმარებიან თანამოქალაქეებს, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდება.

 

ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის დაკავება ესპანეთში

 

რაც შეეხება კრიმინალის საკითხს, ჩვენი საპოლიციო სტრუქტურებიდან, შსს-ს მხრიდან ევროპის ქვეყნებში არაერთი ვიზიტი იყო, რათა ადგილზე ჩვენი მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის პრევენცია ან ამ ფაქტებზე ეფექტური რეაგირება მოხდეს. ასევე ვაფართოვებთ საპოლიციო ატაშეების ქსელს ევროპაში, საელჩოებში გვყავს პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც იქ ოპერატიულად მუშაობენ და ადგილობრივ სამართალდამცველებთან თანამშრომლობენ. ჩვენ ამ კომპლექსურ ღონისძიებებს ვახორციელებთ, თუმცა ყოველთვის რჩება რისკები და რისკებთან ერთად გამოწვევები. ამ ეტაპზე კი შემიძლია გითხრათ, რომ რეალური რისკები დღეისთვის არ არის და ამ მონაპოვარს საფრთხე არ ემუქრება“, – გვითხრა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა შენგენის ზონის ტერიტორიაზე შეუძლიათ, რომელიც ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას (გამონაკლისს წარმოადგენს დიდი ბრიტანეთი და ირლანდია) და ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას მოიცავს. ორი წლის განმავლობაში უვიზო მიმოსვლით უკვე საქართველოს 600 000 ადამიანმა ისარგებლა. 18 ათასმა ადამიანმა კი თავშესაფრის მოთხოვნით ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებს მიმართა, თუმცა მათი 97%-ის განაცხადი არ დაკმაყოფილდა.