LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უყურადღებოდ დატოვა ბრალდებული, რა დროსაც მან თავი მოიკლა” – პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ბრალი წარუდგინეს

71
Untitled design

სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო ბრალი წარედგინა. 

ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს. საქმე ეხება 2020 წლის ივლისში მომხდარ შემთხვევას – №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული, პატიმრობაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებული, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2020 წლის 30 ივნისიდან 24 საათიანი ვიდეომონიტორინგის ქვეშ იმყოფებოდა.

2020 წლის 12 ივლისს, აღნიშნული პატიმარი იმყოფებოდა სააბაზანო ოთახში, სადაც სამეთვალყურეო ვიდეოკამერები განთავსებული არ არის. სამართლებრივი რეჟიმის მთავარ მორიგე ინსპექტორს ვიდეომონიტორინგს დაქვემდებარებული ბრალდებულისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ევალებოდა, თუმცა, მიუხედავად ვალდებულებისა, პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მთავარმა ინსპექტორმა, სააბაზანო ოთახში მყოფი ბრალდებული, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, უყურადღებოდ დატოვა, რა დროსაც ბრალდებულმა საშხაპე ოთახში სუიციდი განახორციელა. გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სსკ-ის 342 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო – სამსახურში დადგენილი წესის არაჯეროვანი შესრულება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ათობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, კერძოდ: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტები, ამოღებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები და დოკუმენტაცია, გამოთხოვილი იქნა ვიდეოჩანაწერები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გამოიკითხა 70-ზე მეტი პირი, ჩატარდა – სამედიცინო, ხელწერის, საბუთების ტექნიკური, ტრასოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზები.” – აღნიშნულია განცხადებაში.

2021 წლის 11 მაისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება სამართლებრივი რეჟიმის მთავარი ინსპექტორის მიმართ სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით – სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია – სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ.